სწავლა, ქსელური აქტივობა და თანამშრომლობა ინიციატივის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმატების საფუძველია. ამგვარად შეთანხმდნენ 2022 წლის 13 ოქტომბრის შეხვედრაზე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) ტელეკომუნიკაციის წესების თემატური სფეროს ბოლოდროინდელი მიღწევები და მომავალი მიზნები წარუდგინეს. ეს იყო პირველი შეხვედრა ტელეკომის წესების საკითხზე პროგრამის EU4Digital ახალი II ფაზის ფარგლებში.
შეხვედრაში პერსონალურად და ონლაინ მონაწილეობდა 25-მდე ექსპერტი შემდეგი ორგანიზაციებიდან და ქვეყნებიდან: პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების გუნდი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი EaPeReg, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო და სომხეთი) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები (ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა). შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის EU4Digital I ფაზის პროექტების მიღწევები და II ფაზის გეგმები ტელეკომის წესების სფეროში. I ფაზის საქმიანობის განხილვამ გამოავლინა ისეთი პროცესების მნიშვნელობა, როგორიცაა სწავლა საუკეთესო პრაქტიკიდან, მძლავრი შიდა ქსელის შექმნა და ეროვნულ მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, II ფაზის აქტივობები მოქნილ და საგანგებო მიდგომას მოითხოვს.
პროგრამის EU4Digital II ფაზაში ტელეკომუნიკაციის წესებთან დაკავშირებული საქმიანობის მთავარი საკითხები საერთაშორისო როუმინგი, ფართოზოლოვანი ქსელი და სპექტრი იქნება. ეს საკითხები I ფაზაში შესრულებულ სამუშაოს დაემყარება, კერძოდ – შემდეგ სფეროებს: როუმინგის რეგიონული შეთანხმების და სპექტრის რეგიონული შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი და მხარდაჭერა, როუმინგის შეთანხმების პროექტების შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, ფართოზოლოვანი ქსელის ბაზრის ანალიზის მომზადება და სხვა.
შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა როუმინგის რეგიონულ შეთანხმებაზე და სპექტრის რეგიონულ შეთანხმებაზე ხელმოწერის სურვილი დაადასტურეს. სპექტრის რეგიონულ შეთანხმებაზე ხელმოწერა პოტენციურად დეკემბერშია დაგეგმილი; დამატებითი ინფორმაცია როუმინგის რეგიონული შეთანხმების შესახებ ახლო მომავალში დადასტურდება. შეთანხმებებზე ხელმოწერა საშუალებას მისცემს პროგრამას EU4Digital მხარდაჭერა და მონიტორინგი გაუწიოს შეთანხმებების განხორციელებას მთელი II ფაზის განმავლობაში.
ევროკავშირის ინიციატივა EU4Digital 2019 წლიდან უჭერს მხარს უსაფრთხო და მდგრადი ციფრული და ტელე-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ყველა ქვეყანაში. პროგრამა EU4Digital ინიციატივის EU4Digital წამყვანი პროგრამაა. პროგრამის EU4Digital II ფაზა ოფიციალურად დაიწყო 2022 წლის 25 ოქტომბერს, და მისი დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი.