პროგრამა EU4Digital ეძებს პარტნიორებს EdTech Hub ციფრული უნარებისათვის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

  • თარიღი: 05/04/23
  • გააზიარეთ:

პროგრამის EU4Digital EdTech Hub-ის აქტივობა ეძებს პოტენციურ პარტნიორებს. ეს პროგრამა წარმოადგენს ციფრული სწავლების პლატფორმას მომხმარებლისადმი კეთილგანწყობილი, ვებსაიტზე განთავსებული კურსებით, რომლებიც მორგებული იქნება მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. 9 მარტს, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების 2023 წლის ფორუმზე ამოქმედებული EdTech Hub დაეხმარება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც გულისხმობს 1 მილიონი მოქალაქის ციფრულ გაძლიერებას და 500 000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 

დღევანდელ გლობალიზებულ და ციფრულ სამყაროში ციფრულ უნარებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ციფრული უნარები ეხმარება ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა თანამედროვე ბიზნესის და ეკონომიკის პირობებში, და ახალ შესაძლებლობების, ინფორმაციის და რესურსების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა,  განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს არასაკმარისი ციფრული უნარები ინგლისური ენის ცოდნის დაბალ დონესთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD)ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროპული ჩარჩოს ინგლისური ენის ცოდნის ინდექსის [EF English Proficiency Index] კვლევების მიხედვით): როგორ შეიძლება თითოეულ ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოებს სათანადო, ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარდეთ ციფრულ უნარებში?  

მაგალითი 

სიტუაციის განმარტების მიზნით, განვიხილოთ „დანიელას“ მაგალითი – 29 წლის მცირე ბიზნესის მფლობელი მოლდოვიდან, რომელიც თავის სამ თანამშრომელთან ერთად ხელნაკეთ ტანსაცმელს და ჩანთებს აწარმოებს. დანიელა და მისი თანამშრომლები კარგად აცნობიერებენ წარმოებისათვის ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მნიშვნელობას, მაგრამ ისინი არ ფლობენ ამ პროცესების პრაქტიკულად განხორციელებისთვის საჭირო ციფრულ უნარებს. დოკუმენტაციის წარმოება კომპანიაში მიმდინარეობს ხელით, ქაღალდზე. ამაში იკარგება დიდი დრო, რომლის გამოყენება ახალი ტანსაცმლის და ჩანთების პროდუქციისთვის იქნებოდა შესაძლებელი.

დანიელამ და მისმა თანამშრომლებმა მოძებნეს ონლაინ კურსები, რომლებიც ამ საკითხებს მოიცავს; აღმოჩნდა, რომ კურსები ყოველთვის ინგლისურ ენაზე ტარდება. ინგლისური კი არც ერთმა არ იცის იმ დონეზე, რომ მთელი კურსის გავლა შეძლოს. გარდა ამისა, არც კურსების შინაარსი იყო მათ პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული. მათ სჭირდებათ ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოსადეგი ტრენინგი, რომლის დახმარებით შეისწავლიან, თუ როგორ დაიწყონ საერთაშორისო გაყიდვები ევროპის ციფრული კომერციის დიდ ვებსაიტებზე, ან როგორ დაგეგმონ მარკეტინგის კამპანია. დანიელას მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამონაკლისი არ არის. მსგავსი გამოწვევები მცირე ბიზნესის ბევრი მფლობელის და თანამშრომლის წინაშე დგას.  

რას გულისხმობს EdTech Hub-ის დახმარება

პროგრამის EU4Digital EdTech Hub დაინტერესებულ მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ამ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზას სთავაზობს. 

პირველ რიგში, კურსები ტარდება ადგილობრივ ენებზე, პრაქტიკული სავარჯიშოებით რეალური სამუშაო გამოცდილების შესაქმნელად. კურსები ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ელ-კომერცია, ციფრული მარკეტინგი და ბიზნეს-პროცესების ციფრული გარდაქმნა. ეს მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოებს უზრუნველყოფს მიმდინარე და გარემოებებთან შესაბამისი სასწავლო შესაძლებლობებით, და მათი მუშაობის მეთოდებს აუმჯობესებს. 

მეორე, კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ციფრულ „სერთიფიკატს“, ე. წ. სამკერდე ნიშანს, რომელიც მიღებული განათლების  დამოწმებულ, გრძელვადიან მტკიცებულებას წარმოადგენს. შესაძლებელია ამ სამკერდე ნიშნების დემონსტრირება ვებსაიტზე LinkedIn, ან მათი მითითება CV-ში და გამოყენება მთელი კარიერის განმავლობაში, რაც ასევე  უწყვეტი განათლების კულტურის მხარდაჭერა იქნება. 

და ბოლოს, ეს პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს პრაქტიკულად მომუშავე ორგანიზაციებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში, რათა უზრუნველყოს ინკლუზია და ადგილობრივ გარემოსთან შესაბამისობა.

გარდა ამისა, კურსის შინაარსის შემუშავება ხდება ევროკავშირის პრაქტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით, მაგ. საყოველთაოდ აღიარებული, ევროკავშირში გამოყენებული ელ-კომერციის ციფრულ ვებსაიტებთან დაკავშირებული ტრენინგის კურსი. ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოებს გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, შევიდნენ ახალ ბაზრებზე ევროკავშირში, და ამით წვლილი შეიტანონ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამ სისტემის მუშაობის შესახებ, იხილეთ პრეზენტაცია EdTech Hub, რომელიც პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების 2023 წლის ფორუმზე გააკეთა.

EdTech Hub: მიზნები და მომდევნო ნაბიჯები

EdTech Hub-ის საშუალებით პროგრამა EU4Digital მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თანამშრომლობას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რითაც გააძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს თითოეულ ქვეყანაში და შექმნის ზრდისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

EdTech Hub-ის პირველი კურსების დაწყება 2023 წლის ივლისშია დაგეგმილი. ამჟამად მიმდინარეობს კურსის სასწავლო პროგრამების შემუშავება, ადგილობრივი პარტნიორების შერჩევა და პარტნიორული ორგანიზაციების ჩამოყალიბება; ამავე დროს ხდება იმ მსს-ების თავდაპირველი სიის განსაზღვრა, რომლებიც პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. 

ჩაერთეთ ამ აქტივობაში!

თუ ხართ ელ-კომერციის, ციფრული მარკეტინგის ან ბიზნეს-პროცესების ციფრული გარდაქმნის საკითხებზე მომუშავე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, და გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ციფრული უნარების გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ან თუ ხართ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, გამოგვეხმაურეთ! 

პროგრამას EdTech Hub დაუკავშირდით ელ-ფოსტაზე eu4digital@lt.ey.com

ახალი ამბები

იხილეთ ყველა