პროგრამის EU4Digital მხარდაჭერით, ასოციაციები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ციფრულ მცირე და საშუალო საწარმოებს აერთიანებს, 2022 წლის მარტიდან ერთი წლით წარმატებით გაერთიანდნენ ევროპულ ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ალიანსში (DIGITAL SME), როგორც სპონსორის მიერ მხარდაჭრილი წევრები.
პროგრამის EU4Digital ერთ-ერთი საქმიანობა იყო ევროკავშირის ქსელების და პლატფორმების მხარდაჭერა და გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში; ერთ-ერთი ასოციაციაა ევროკავშირის ციფრული ბიზნესის ასოციაცია – „DIGITAL SME“. ამ ასოციაციაში გაერთიანებულია 45,000-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმო ICT სექტორში, 450 ექსპერტი სამუშაო ჯგუფებში, მცირე/საშუალო ბიზნესის 30 ეროვნული და რეგიონული ასოციაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
პროგრამის EU4Digital საპოპულარიზაციო ღონისძიების შემდეგ, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ალიანსმა „DIGITAL SME“ დიდი ინტერესი გამოიწვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის წევრობის მსურველ ICT მცირე/საშუალო ბიზნესის ასოციაციებს შორის. ინფორმაციის მიღების შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე მხარეების საჭიროებების და გამოწვევების შესახებ, პროგრამამ EU4Digital ევროკომისიის სახელით მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაეჭირა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ორგანიზაციების „DIGITAL SME“-ში გაერთიანებისთვის; ამ მიზნით მან ჩაატარა კონსულტაციები მიერთების მთელი პროცესის განმავლობაში და სპონსორობა გაუწია პირველი წლის წევრობას.
„DIGITAL SME“-სთან ერთად, განსაზღვრული იქნა პოტენციური წევრები, რომელთა აქტივობა მიმართულია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე და/ან ციფრული მცირე/საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე სახელმწიფო დონეზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შერჩეული ორგანიზაციები 2022 წლის მარტიდან მიერთებულები არიან ევროკავშირის ქსელთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური ქსელი; მას კოორდინაციას გაუწევს მოლდოვას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაცია (ATIC) და უზრუნველყოფს წევრობის სათანადო კომუნიკაციას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოციაციებისთვის წევრობა სასარგებლო იქნება სამ ძირითად სფეროში: წევრები მიიღებენ ინფორმაციას მიმდინარე საკანონმდებლო დისკუსიების და მათი გავლენის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ სტანდარტებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, და დაფინანსების შესაძლებლობებზე. გარდა ამისა, ორგანიზაციებს მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ ქსელურ ღონისძიებებში, ცოდნის გაზიარების სემინარებზე და ასოციაციის „DIGITAL SME“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე. ზოგადად, მოსალოდნელია, რომ შეძენილი ცოდნა და საშუალებები გააძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოციაციებს, რათა მათ გააფართოვონ საქმიანობა, გააძლიერონ საკუთარი პოტენციალი, როგორც ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების მთავარმა მხარდამჭერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, და გააუმჯობესონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგიონში და
ევროკავშირთან. რაც შეეხება უფრო ვრცელ სურათს, პროგრამის EU4Digital აზრით, ამგვარი ინიციატივა ხელს შეუწყობს ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე მხარეების ევროკავშირის ქსელებსა და პლატფორმებში ინტეგრაციის შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, პროგრამამ EU4Digital მოამზადა გზამკვლევი, რომელიც სიღრმისეულად განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციების შესაძლებლობებს ევროკავშირის კონკრეტულ ქსელებთან და პლატფორმებთან მისაერთებლად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში.