COVID-19-ის პანდემიამ აშკარად გამოკვეთა ციფრული კავშირის და ციფრულ სერვისებთან წვდომის საჭიროება.
მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხული კომპანიების დაახლოებით ნახევარმა პანდემიით გამოწვეულ კრიზისის საპასუხოდ ციფრული ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტები დანერგა. ანალოგიურად, იქ, სადაც შესაძლებელი იყო, ადამიანები პროდუქტების ყიდვის, მუშაობის და სოციალიზაციის ონლაინ რეჟიმებზე გადავიდნენ. მაგალითად, ონლაინ ვიდეოკონფერენციების ისეთი პლატფორმების ყოველდღიური მოხმარება, როგორიცაა Zoom, 2019 წლის ბოლოდან 2020 წლის შუა პერიოდამდე ოცდაათჯერ გაიზარდა; ხოლო როგორც კი ქვეყნების უმრავლესობამ მთელ მსოფლიოში „ლოქდაუნი“ გამოაცხადა,
„ე-კომერციის“ საიტების ძიებათა რაოდენობამ ინფორმაციის წამყვან საძიებო სისტემაში Google 2020 წლის დასაწყისში მკვეთრად იმატა. ციფრული ტექნოლოგიების და გადაწყვეტების მზარდი გამოყენების პირობებში, ქვეყნებმა ახლა უფრო სწრაფად უნდა მიიღონ გადაუდებელი ზომები ინტერნეტზე წვდომასთან დაკავშირებული ხანგრძლივად არსებული განსხვავებების დასაძლევად. ხოლო მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან კავშირზე დამოკიდებული სერვისების და აპლიკაციების რაოდენობის ექსპონენტური ზრდის პარალელურად, ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ დაჩქარდეს ინტერნეტზე წვდომა ყველასთვის, ყოველგვარი გამონაკლისის და დისკრიმინაციის გარეშე. ეს საშუალებას მისცემს უკლებლივ ყველა ადამიანს, ბიზნესს
და ორგანიზაციას გადავიდნენ ციფრულ ტექნოლოგიებზე პანდემიის პასუხად, და ამავე დროს მოემზადონ სტაბილური აღორძინებისა და მომავალი რყევებისთვის.
ევროკავშირის გიგაბიტური საზოგადოების მიზნები სწორედ ამგვარი კავშირის მქონე საზოგადოების ხედვას გვთავაზობს. ის უმზადებს ქვეყნებს საფუძველს შემოსავლებთან, გეოგრაფიულ ტერიტორიასთან, დემოგრაფიასა და წვდომასთან დაკავშირებული განსხვავებების დასაძლევად, რომელთა გამო ციფრული ტექნოლოგიის შესაძლებლობები მრავალი ადამიანისთვის იყო ხელმიუწვდომელი.
EU4Digital ინიციატივის ფარგლებში მსოფლიო ბანკმა მჭიდროდ ითანამშრომლა ევროკომისიასთან, რათა დახმარებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს – აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას – მათი ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიების განვითარებასა და განახლებაში, და სტრატეგიული გეგმის შექმნაში გიგაბიტური ინტერნეტის დასანერგად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გიგაბიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტის დანერგვა შესაძლებელია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს საკუთარი მოსახლეობისთვის ინტერნეტზე წვდომის გასაუმჯობესებლად: 2019 წლის მონაცემებით, ადამიანების ორ მესამედზე მეტი ინტერნეტის მომხმარებელი იყო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგები უჩვენებს, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა, მათ შორის უკეთესი კავშირის მქონე მომხმარებლები, ქალაქებში ცხოვრობენ. გარდა ამისა, არსებული ქსელები სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ გიგაბიტური სიჩქარეების უზრუნველყოფას: როგორც ეს ნაჩვენების
ნახ.-ზე 1, ამჟამად შინამეურნეობების რაოდენობის მეოთხედიდან ცხრა მეათედამდე არ არის ე. წ „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სახლამდე“ (FTTH) ტექნოლოგიის აბონენტი – ეს კი ის ქსელური ტექნოლოგიაა, რომელსაც ასეთი სიჩქარის უზრუნველყოფა შეუძლია. მეხუთე თაობის (5G) ქსელები, რომლებსაც ასევე შეუძლია ამგვარი ხარისხის უზრუნველყოფა, ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ დასახულ მიზნის მიღწევა გახანგრძლივდება.

მიუხედავად ამისა, ეს მიზნები მიღწევადია. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სინგაპური და არაბთა გაერთიანებული ემირატები, FTTH ქსელები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. რაც შეეხება უფრო დიდ ქვეყნებს, ამ მხრივ მოწინავეა ჩინეთი, სადაც FTTH ტექნოლოგია შინამეურნეობების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ლიტვა და ესპანეთი, უკვე არეგისტრირებენ ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირის სიჩქარეს, რომელიც წამში 100 მეგაბიტს აღემატება. თითოეული ქვეყნის გზა გიგაბიტური საზოგადოებისკენ ერთმანეთისგან
განსხვავდება, მაგრამ ამ მაგალითებიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეუძლიათ განსაზღვრონ კარგი პრაქტიკის ნიმუშები საკუთარი სტრატეგიული გეგმების შესადგენად იმისათვის, რომ გიგაბიტური ინტერნეტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდეს.
საყოველთაო ფართოზოლოვანი კავშირი: მთავარი ინგრედიენტები
გლობალური გამოცდილება და კარგი პრაქტიკა, რომელიც კარგად მოერგო ევროკავშირის საკუთარ პრაქტიკასა და სარეგულაციო ჩარჩოებს, აშუქებს ზოგიერთ ზოგად საკითხს, რომლებიც კარგად ფუნქციონირებადი ფართოზოლოვანი ქსელის ბაზრის საფუძველს წარმოადგენს. ამ საკითხებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- კონკურენციის წნეხის გაზრდა სერვისის პროვაიდერებზე ფასეულობათა ჯაჭვის დასაწყისიდან ბოლომდე, მის სხვადასხვა სეგმენტში – ბაზრების ან პოლიტიკური აქტების საშუალებით – მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული საბაზრო პროდუქტის მისაწოდებლად;
- კერძო ინვესტიციების მობილიზება ქსელების გაფართოების და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსების სტრატეგიულად გამოყენებით, რათა საჭიროების შემთხვევაში შემცირდეს რისკი კერძო ინვესტორებისთვის; და
- ციფრული ტექნოლოგიის მომხმარებლების გაძლიერება იმ მიზნით, რომ მოხდესმოთხოვნის სტიმულირება, ამაღლდეს ცოდნის დონე ფართოზოლოვანი კავშირის ეფექტურად გამოყენების თაობაზე და მაქსიმუმამდე გაიზარდოს ეკონომიკური ზეგავლენა.
აღსანიშნავია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრების ხელშეწყობა და კერძო ინვესტიციების მოზიდვა უმნიშვნელოვანესი ელემენტებია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საკუთარი გიგაბიტური პოტენციალის რეალიზებისთვის. FTTH ტექნოლოგიით საყოველთაო მოცვის მისაღწევად საჭირო ინვესტიციების რაოდენობა საგულისხმოა –
2020 წლის ბოლოს ჩატარებული ჩვენი შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით 100%-იანი მოცვისათვის საჭირო ინვესტიციების ოდენობამ 4-დან 14 მილიარდამდე ევრო შეადგინა. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილის მობილიზება შესაძლებელია კერძო წყაროებიდან, თუ ხელშემწყობი გარემო შექმნის სწორ მოტივაციას და მოთხოვნას. ჯერ კიდევ არსებული სპეციფიკური განსხვავებების დასაძლევად – იქ, სადაც ფართოზოლვანი კავშირის ამოქმედება გონივრულ ვადებში კომერციულად ნაკლებად სავარაუდოა მაღალი ფასის, შემოსავლის მიღების დაბალი პოტენციალის ან შეზღუდული კონკურენციის გამო – შესაძლოა გამოყენებული იყოს სახელმწიფო დაფინანსების ან რისკის შემცირების რაიმე ფორმა.
იმავდროულად, საქმიანობა იმ მიზნით, რომ ფართოზოლოვანი კავშირი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს ბაზრების გაფართოვებას. ეს საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ციფრული წიგნიერების პროგრამებს, ფართოზოლოვანი კავშირის გამოყენების მაგალითებს, რომლებიც ასახავს სოციალური და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას, და ციფრული ტექნოლოგიების უფრო ფართოდ გამოყენებას სახელმწიფო და კერძო სერვისებში.
მოთხოვნის მართვა განსხვავებების შემცირების პარალელურად
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მეტის გაკეთება შეუძლიათ კერძო კაპიტალის მოსაზიდად და ციფრული განსხვავებების შესამცირებლად. ეს მოითხოვს საკანონმდებლო ჩარჩოების განახლებას ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზრებზე კონკურენციის წნეხის გაზრდის, ფართოზოლოვანი კავშირის დანერგვის ფასის შემცირების, ახალი ტექნოლოგიების (მაგ. 5G) სწრაფად დანერგვის და სარეგულაციო კომპეტენციის და დამოუკიდებლობის წახალისების მიზნით. ეს შექმნის პირობებს კერძო კაპიტალის მობილიზაციისთვის. თუკი დარჩენილი განსხვავებების და უთანასწორობის დაძლევას სამიზნე პროგრამებიც დაეხმარება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეძლებენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საკუთარი თავის მყარად პოზიციონირებას „უკეთესად აღდგენის პრინციპის“ თვალსაზრისით.
ვალერია დესოლისი, ნატალია გელვანოვსკა-გარსია, ხუან ნავას-საბატერი და სიდჰარტა რაჯა: 2021 წლის მარტი