ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ახალი ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა ინიციატივის EU4Business პროექტის „პოლიტიკიდან ქმედებამდე“ ფარგლებში, აშუქებს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის განვითარების გზაზე არსებულ გამოწვევებს და პრიორიტეტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ანგარიში – „COVID-19-ის შემდეგ: ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ – იკვლევს ოთხ ძირითად სფეროს, მათ გამოწვევებს, მიმდინარე მდგომარეობას და წინსვლის გზას:
- ციფრული ტრანსფორმაციის არსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
- საბაზისო პირობები ციფრული ეკონომიკისთვის
- ციფრული ეკონომიკისთვის საჭირო უნარები
- მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა
კავშირები
საბაზისო პირობების თვალსაზრისით, ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ინტერნეტ-კავშირის უზრუნველყოფაა. მიუხედავად ამისა, ფართოზოლოვანი კავშირით მოცვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ის ვერ აღწევს ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების დონეს; გარდა ამისა, ის განსხვავებულია ურბანულ და სასოფლო რეგიონებს შორის, და მცირე/საშუალო საწარმოებს და მსხვილ კომპანიებს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი კავშირის დანერგვა ხელმისაწვდომ ფასად, და აღმოფხვრან კავშირის სფეროში არსებული ხარვეზები კონკურენციის და კერძო ინვესტიციების განვითარების გზით.
ელექტრონული კომერცია
ანალოგიურად, ელ-კომერციის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სწრაფად მოხდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის რჩება განვითარების ადრეულ ეტაპზე. არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები საკანონმდებლო ჩარჩოების თავლსაზრისით, ხოლო უფრო ფართო ევროპულ ელ-კომერციის ბაზართან ინტეგრაცია შეზღუდულია. გარდა ამისა, ელ-ხელმოწერისთვის არსებული საკანონმდებლო ჩარჩოები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი არ არის. ელ-კომერციის პოტენციალის მაქსიმალური ზრდის მიზნით, პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უნდა გააძლიერონ მომხმარებელთა დაცვის და ციფრული დაცულობის რეგულირების ჩარჩოები, და ელ-ხელმოწერების და ნდობის სერვისების, ასევე ციფრული დაცულობის და მონაცემთა დაცვის სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებთან და ჩარჩოებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
ციფრული უნარები
ციფრული უნარების პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო საწარმოებს უჭირთ ციფრული საშუალებების პოტენციალის გააზრება, ხოლო კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა მათთვის რიგ სირთულეებს უკავშირდება. ზოგადად, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური უნარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების დონეს, ხოლო სასკოლო პროგრამები საკმაოდ მოუქნელია იმისათვის, რომ მოიცვას სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ღონისძიებები მცირე და საშუალო საწარმოების მენეჯერების და თანამშრომლების საჭირო უნარებით აღჭურვისათვის ციფრული ტრანსფორმაციისთვის მზადყოფნის მიზნით. ეს გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა სახის ხელმისაწვდომი ტრენინგების შესახებ, და დაყრდნობას ადგილობრივ ეკოსისტემებსა და საზოგადოებაზე შესაბამისი უნარების ათვისების და საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით.
ციფრული სტრატეგია
ეროვნული ციფრული სტრატეგიები საუკეთესო ინსტრუმენტია ციფრული ტრანსფორმაციის მყარი პოლიტიკის შესამუშავებლად, და ისინი სულ უფრო ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის წასახალისებლად. თუმცა, მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივები შეიძლება ასევე დაინერგოს იმ საკითხებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც ყოვლისმომცველ სტრატეგიულ დოკუმენტებშია განხილული.
რეკომენდაციები
პოლიტიკაზე პასუხისმგებელთა მოტივირების მიზნით რეფორმების განსახორციელებლად, ანგარიში მოიცავს პოლიტიკური ღონისძიებების „გეგმის მონახაზს“, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოების მხარდამჭერი უწყებების მიერ მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში:
- ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის ჩარჩოს საკითხებში მყარი უფლებამოსილების მქონე განმახორციელებელი უწყება (მაგ. საწარმოების/მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ეროვნული უწყება) უნდა მოქმედებდეს „ერთიანი ფანჯრის პრინციპით ციფრულ სფეროში“ იმ ბიზნეს-კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ განვითარება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.
- პოლიტიკაზე პასუხისმგებლებმა უნდა შეიმუშაონ და მიაწოდონ კომპანიებს კონკრეტული დარგობრივი ციფრული გეგმები, რომლებშიც ჩამოთვლილი იქნება რეკომენდაციები შესაბამისი ციფრული გადაწყვეტების, ბიზნესისთვის საჭირო ფუნდამენტური საშუალებების და ციფრულ საკითხებში სათანადო ტრენინგების შესახებ.
- მცირე და საშუალო საწარმოებმა უნდა შეძლონ თვითშეფასების ჩატარება ციფრულ საკითხებში თვითდიაგნოსტიკის მეთოდის გამოყენებით.
- იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი ციფრული პოტენციალის განვითრებისთვის საჭირო მოთხოვნების სათანადოდ გააზრებასა და დაკმაყოფილებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა შექმნან სერთიფიცირებული კონსულტანტების და მრჩევლების საიმედო ქსელი, და უზრუნველყონ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩატარება.
- პოლიტიკაზე პასუხისმგებლებმა უნდა უზრუნველყონ ციფრული ტრანსფორმაციის ფინანსური მხარდაჭერა ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა გრანტები, ვაუჩერები, სესხები და არაპირდაპირი ფინანსური წახალისების მექანიზმები.
- პოლიტიკაზე პასუხისმგებლებმა უნდა განავითარონ ციფრული ტრანსფორმაციის ეკოსისტემა და უზრუნველყონ მისი კოორდინირება; ამისათვის მათ უნდა მოიცვან მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში მონაწილე ყველა მხარე (მაგ. ინკუბატორები, მაღალტექნოლოგიური პარკები/ტექნოპარკები, ციფრული ინოვაციის ჰაბები, უნივერსიტეტები) მათი მხრიდან მაქსიმალური ზეგავლენის მოსახდენად.