ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ჯანდაცვაში წარმოადგენს ახალ, ინოვაციურ პერსპექტივას მომავალი ჯანდაცვისთვის მთელ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ხდება ე-ჯანმრთელობის ახალი ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება, რომლებსაც აქვს ტრადიციული მედიცინის რევოლუციურად გარდაქმნის პოტენციალი პაციენტზე ცენტრირებული და მონაცემებზე დამყარებული ჯანდაცვის საშუალებით. ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მრავალი შესაძლებლობა და გადაწყვეტა არსებობს ჯანდაცვის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. თუმცა, ახალი გადაწყვეტების განხორციელების პროცესში გამოწვევები კვლავაც რჩება.
პროგრამამ EU4Digital განიხილა ციფრული ჯანმრთელობის მომავალი ამ სფეროს ექსპერტთან, პროფესორ ჰენრიკ მარტინსთან ერთად, რომელმაც გააშუქა სამომავლო შესაძლებლობები და დასაძლევი გამოწვევები ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების სრული პოტენციალის მიღწევის მიზნით. პროფესორი მარტინსი პროფესიით ექიმია კვალიფიკაციით შინაგან მედიცინაში, აქვს მაგისტრის და ფილოსოფიის დოქტორის (PhD) ხარისხი მენეჯმენტში, და ციფრული ჯანმრთელობის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.
ე-ჯანმრთელობის საბოლოო მიზანია ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისას ექიმზე და საავადმყოფოზე ცენტრირებული მიდგომიდან პაციენტსა და კეთილდღეობაზე ცენტრირებულ მიდგომაზე გადასვლა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს გულისხმობს ციფრული სისტემების გამოყენებას პაციენტის მონაცემების გამარტივებისთვის ავადმყოფობის ერთი ელექტრონული ისტორიის შესაქმნელად, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის სხვადასხვა მუშაკისთვის; ან ე-რეცეპტების გამოყენებას პაციენტისთვის დანიშნულ მედიკამენტზე წვდომის გასამარტივებლად. ე-ჯანმრთელობა ასევე ნიშნავს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI) ან დიდი მონაცემების პროგრამული უზრუნველყოფა დაავადებათა პრევენციის პოლიტიკის მხარდასაჭერად, მონაცემებში პოტენციური პათოლოგიის ან რისკის მითითების საშუალებით.
მომავალი გადაწყვეტები
რაც შეეხება მომავალ გადაწყვეტებს ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ყველაზე აქტუალურია ავადმყოფობის ელექტრონული ისტორიები და ე-რეცეპტების გამოყენება. მათი საფუძველია ოპერაციულად თავსებადი ციფრული სისტემების არსებობა ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლისათვის. მომავლის პრიორიტეტია გახდეს ეს გადაწყვეტები ხელმისაწვდომი ქვეყნებს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ლუქსემბურგის მოქალაქე, რომელიც ხორვატიაში მოგზაურობს, შეძლებს მისთვის ლუქსემბურგში გამოწერილი წამლების ყიდვას ხორვატიის აფთიაქში. სახელმწიფოთაშორისი ე-რეცეპტების პილოტირება უკვე ხორციელდება ევროკავშირში, და მომავალში ასეთვე გამოცდა ჩატარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ან თუნდაც ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის.

სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის გამოწვევა – ეს არის ჯანმრთელობის ციფრული სისტემების ოპერაციული თავსებადობა. პროფესორ მარტინსს მაგალითად საბანკო სექტორი მოჰყავს. ფინანსური საბანკო მომსახურება სახელმწიფოთაშორისი მომსახურებაა, სადაც ერთი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ თანხის მიღება ტერმინალიდან მეორე ქვეყანაში. ამის საფუძველია თქვენი ქვეყნის ბანკის და საზღვარგარეთის ბანკის მსგავსი საოპერაციო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა და ისეთ საბანკო ინფორმაციის გაცვლა, როგორიცაა ანგარიშის ნომრები და თანხის რაოდენობა ანგარიშზე. ე-ჯანმრთელობის შემთხვევაში ასევე საჭიროა მონაცემთა სახელმწიფოთაშორისი გაცვლა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჯანმრთელობის მონაცემები არის არა მხოლოდ რიცხვები, არამედ ასევე ტექსტი და გამოსახულებები, რაც ართულებს ამ მომსახურებას. საერთო სტანდარტები მსგავსი საოპერაციო სისტემებით და ციფრული საშუალებებით წარმოადგენს იმ ძირითად ელემენტს, რომლის საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გაცვლა. სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის კიდევ ერთი გამოწვევაა სამედიცინო კომპეტენციების ოპერაციული თავსებადობა, რაც აუცილებელია ე-რეცეპტებისთვის, როდესაც ერთმა ქვეყანამ უნდა აღიაროს მეორე ქვეყნის ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ გამოწერილი რეცეპტი.
„ე-ჯანმრთელობის შემდეგი ზღურბლია ჯანმრთელობის ინფორმაციის და ჯანმრთელობის მონაცემთა ნაკადების უწყვეტობა შესაბამის ორგანიზაციებს, რეგიონებს და თუნდაც ქვეყნებს შორის. ამის საფუძველია ჰარმონიზებული და ოპერაციულად თავსებადი ე-ჯანმრთელობის სამსახურების განვითარება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე”, ხაზგასმით აღნიშნავს მარტინას დაუგირდასი, პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი.
რობოტექნიკა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კიდევ ერთი სამომავლო შესაძლებლობაა ჯანდაცვის გარდასაქმნელად. სრულიად დამოუკიდებელი ჰუმანოიდი რობოტები, რომლებიც პაციენტებს მკურნალობენ, უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე რეალობას, მაგრამ რობოტის ნაწილების გამოყენება მედიცინაში უკვე განვითარებად სფეროს წარმოადგენს, აღნიშნავს პროფესორი მარტინსი. მაგალითად, ორთოპედებს შეუძლიათ რობოტის კიდურის გამოყენება მკურნალობისას – ეს უზრუნველყოფს პაციენტებს დამატებითი საყრდენით და ძალით კიდურების მოძრაობის და მანიპულირების დროს. უკვე მიმდინარეობს ეგზოჩონჩხების – ციფრულად გაუმჯობესებული მექანიკური საყრდენი ჩარჩოების საპილოტე მოდელების გამოცდა ევროკავშირში ინსულტის მქონე პაციენტების რეაბილიტაციის პროცესში, რაც მათ ეხმარება სიარულის უნარის აღდგენაში უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მხოლოდ ტრადიციული ფიზიოთერაპიული პრაქტიკით არის შესაძლებელი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შესაძლოა უპირატესობაც კი ჰქონდეთ ხელოვნური ინტელექტის და რობოტექნიკის ამ ახალ მოწინავე ტექნოლოგიურ სფეროებში, რადგან ამ ქვეყნებში ახალი საავადმყოფოები და ჯანდაცვის ობიექტები შენდება. ახალ შენობებში უკეთ შეიძლება მოწინავე ინტერნეტ-ტექნოლოგიების და უსადენო ინტერნეტის დამონტაჟება იმგვარად, რომ შეიქმნას ახალი ციფრული ტექნოლოგიებისთვის უფრო შესაბამისი გარემო. ევროპულ ქვეყნებში, სადაც საავადმყოფოები ზოგჯერ საუკუნოვან შენობებში მდებარეობს, აუცილებლად საჭირო უსადენო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია შესაძლოა მეტ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.
სამომავლო ციფრული ტექნოლოგიები შესაძლოა ასევე ორიენტირებული იყოს ჯანდაცვის სამსახურების პაციენტებთან დაახლოებაზე. საავადმყოფოებში გადაუდებელი დახმარების განყოფილებები ამჟამად მუშაობს ტრიაჟის სისტემის საფუძველზე, პრიორიტეტის მინიჭებით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დახმარება პირველ რიგში სჭირდებათ. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ეს შეიძლება მოხდეს ციფრული ინტერფეისების დახმარებით – პაციენტები აპლიკაციის საშუალებით გადასცემენ საკუთარ სიმპტომებს, რომლებიც შემდეგ ციფრულად შეფასდება სიმპტომების მონიტორინგის სტანდარტიზებული პროტოკოლებით პრიორიტეტის სხვადასხვა დონის მისანიჭებლად. პროფესორი მარტინსი ასევე აღნიშნავს, რომ ციფრული და ტელემედიცინის მოწინავე მეთოდებით შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის ზოგიერთი კომპეტენციის პაციენტის საცხოვრებელ ადგილთან დაახლოება. მაგალითად, ექიმთან წასვლის მაგიერ რამდენიმე შეკითხვის დასმის და რეცეპტის მიღების მიზნით, შეიძლება მიეწყოს სამედიცინო კიოსკები, საიდანაც პაციენტი შეძლებს ექიმთან დისტანციურად დაკავშირებას იგივე პასუხების და რეცეპტის მისაღებად. თუმცა, ეს დეცენტრალიზებული ერთეულები დამოკიდებული იქნება ძლიერ ცენტრალიზებულ ჯანდაცვის სამსახურებზე, რომლებიც იფუნქციონირებს, როგორც ციფრული ტექნოლოგიების ძირითადი ჰაბი და ციფრული სერვისების პროვაიდერი.
მონაცემებზე დამყარებული ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში, ძირითადი მოთხოვნაა მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ჯანმრთელობის მონაცემები კონფიდენციალური და პერსონალურია, რის გამოც მონაცემთა კონფიდენციალურობა ციფრული ჯანმრთელობის დასაყრდენს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მონაცემების კონფიდენციალურობა გარანტირებული უნდა იყოს სისტემებით და პროტოკოლებით მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონების შესაბამისად, იმგვარად, რომ მოქალაქეს შეეძლოს კონტროლის განხორციელება ამ მონაცემებთან წვდომაზე. გარდა ამისა, უნდა მოქმედებდეს უსაფრთხოების და ნდობის სისტემები უნებართვო წვდომისგან დაცვის მიზნით. ჯანმრთელობის მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისინი უნდა ინახებოდეს კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრად და უსაფრთხო სისტემებში. ნდობის სისტემები წარმოადგენს ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ნაწილს; ამ პროცესში გამოყენებული პაციენტების და სამედიცინო პერსონალის ელექტრონული იდენტიფიკაცია მათთვის მონაცემებზე წვდომის საშვი იქნება.
სხვა მოსაზრებები
სამედიცინო შეზღუდვების გარდა არსებული სხვა გამოწვევები უკავშირდება ადამიანებს და იმას, თუ როგორ იქნება ეს გადაწყვეტები ინტეგრირებული ჯანდაცვის არსებულ გარემოში. იმისათვის, რომ ტექნოლოგია იყოს სასარგებლო და ნოვატორული, სამედიცინო პერსონალმა და საბოლოო მომხმარებელმა ის უნდა მიიღოს და გამოიყენოს. თუ მეთოდი შექმნილია პაციენტებისთვის, მაგრამ ისინი არ აღიქვამენ მის ფასეულობას, ან არა აქვთ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის საჭირო უნარები, ამ შემთხვევაში ციფრული მეთოდები უფასურდება. პროფესორი მარტინსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია „ოპერაციულ თავსებადობა ადამიანთა შორის“, ისე, რომ მათი უნარები და მსოფლმხედველობა ჯანმრთელობის ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ოპერაციულად თავსებადი იყოს და შეეძლოს მუშაობა სხვადასხვა მეთოდით სხვადასხვა გარემოში. ამისათვის როგორც პაციენტების, ისე ჯანდაცვის მუშაკებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ტრენინგი ციფრული ე-ჯანმრთელობის იმ უნარების ასათვისებლად, რომლებიც არსებულ ტექნოლოგიების გამოყენებისთვის არის საჭირო.
კიდევ ერთი გზა ახალი ციფრული მეთოდების ათვისების წასახალისებლად არის იმ სარგებლობის ხაზგასმა, რომლის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობის ციფრულ ტექნოლოგიებს პაციენტებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის. COVID-19 პანდემიამ ჯანდაცვა და ე-ჯანმრთელობა წინა ხაზზე გამოიყვანა – ეს მოხდა ციფრული და ჯანმრთელობის მონაცემების კომბინირებით მონიტორინგის აპლიკაციებში, რომელთა მიზანია ინფექციის გავრცელების შეკავება. თუმცა, უფრო ტრადიციულ გარემოში, პროფესორი ჰენრიკ მარტინსი ხაზს უსვამს პაციენტის მოსაზრების მნიშვნელობას ე-ჯანმრთელობის პოპულარიზაციის საკითხში: „მივცეთ პაციენტებს საშუალება მოსთხოვონ საკუთარ სამედიცინო პროვაიდერებს ციფრული ჯანმრთელობის სამსახურები – ეს არის საუკეთესო გზა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორია ციფრული გადაწყვეტების დანერგვის რეალური მიზეზები და რამდენად სასარგებლოა ისინი პაციენტებისთვის“. ჯანდაცვის მუშაკებს და პაციენტებს შორის დიალოგმა შეიძლება წაახალისოს ისინი ე-ჯანმრთელობის პოტენციალის გამოსაყენებლად.
ამ შესაძლებლობების, გადაწყვეტების და გამოწვევების ძირითადი აზრია ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტურად გამოყენება მოქალაქეების გაუმჯობესებული, უფრო დახვეწილი და პერსონალიზებული ჯანდაცვის სამსახურებით უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება არ მოიცავდეს რიგ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მაგრამ ოპერაციულად თავსებად და ამოქმედებულ სისტემებს შეუძლია გააუმჯობესოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.
ინიციატივის EU4Digital საშუალებით ევროკავშირი თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ე-ჯანმრთელობის ეროვნული ჩარჩოების და ჰარმონიზებული სისტემების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ე-ჯანმრთელობის ამოცანების და ამ სფეროში არსებული წინსვლის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს ე-ჯანმრთელობის თემატური გვერდი.