ციფრული ეკონომიკის განვითარება უმაღლესი პრიორიტეტია, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ინტერნეტის მმართველობის ფორუმზე საქართველოში

  • თარიღი: 22/11/19
  • გააზიარეთ:

საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ინტერნეტ მმართველობის მეხუთე ფორუმზე (GeoIGF), რომელიც 12-13 ნოემბერს ჩატარდა სამინისტროს თანაორგანიზატორობით.

ამ ფორუმზე, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, შეიკრიბნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ექსპერტები, კერძო კომპანიები, საგანმანათლებლო სექტორი და ახალგაზრდობა.

“ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და საინფორმაციო საზოგადოების საშუალებით”, განაცხადა ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ. როგორც მან აღნიშნა, უახლესმა და მიმდინარე რეფორმებმა, პროგრამებმა და პროექტებმა საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიის სექტორში ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებებისთვის, თანამედროვე სერვისების შემოტანას და მათი გამოყენების დონის ზრდას, რასაც დადებითი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონულ კომუნიკაციებზე და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, მუშაობს ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით შემუშავებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების სტრატეგიის პროექტის განხორციელება მისი დამტკიცებისთანავე დაიწყება. შესაბამისი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელები, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენციის ზრდა, მოსახლეობის საინფორმაციო-ტექნოლოგიური უნარების გაუმჯობესება და სხვ.

ალავიძემ ხაზი გაუსვა ასევე ისეთ პროექტებს, როგორიცაა სათემო ინტერნეტიზაცია მთიან რეგიონებში, რომლის წარმატება ფორუმზე აღინიშნა. მან აქცენტი ასევე შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებზე გააკეთა: ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის 5G  ქსელების შემოღება, ონლაინ კონტენტის, საავტორო უფლების და პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტში, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ბავშვების და ახალგაზრდების მიერ, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა.

Press release

ახალი ამბები

იხილეთ ყველა