კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა არის ციფრული უნარების განვითარების შესაძლებლობა ყველასათვის, მაგრამ ამ მდგომარეობამ ასევე გამოააშკარავა ციფრული უთანასწორობა, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის მიერ დაწყებული ონლაინ კვლევის პირველად დასკვნებში; კვლევის მიზანია პანდემიის გავლენის განსაზღვრა პროფესიულ განათლებასა და ტრენინგზე (VET).
ეს კვლევა დაიწყო 18 მარტს, და უკვე გამოქვეყნებულია 24 აპრილისთვის მიღებული 252 პასუხის მიმოხილვა.
პასუხები უჩვენებს, რომ ყველა ქვეყანა ქმნის ონლაინ გარემოს, რომელშიც შედის როგორც WhatsApp-ის მსგავსი ძალიან მარტივი შეტყობინების სერვისები (მაგ. როდესაც მოსწავლეებს არა აქვთ კომპიუტერი სახლში), სხვა უფრო დახვეწილი სასწავლო IT პლატფორმები, ან თუნდაც ეროვნული ტელევიზია, რომელიც გამოიყენება საკლასო ოთახში ჩატარებული ჩვეულებრივი გაკვეთილების ჩანაცვლებისთვის. ერთ-ერთი შესაძლებლობაა ელექტრონული სწავლების ზოგიერთი არსებული მასალის და მათი შექმნის საშუალებების პოპულარიზაცია და შემდგომი კვლევა.
„თუ დადებითი კუთხით შევხედავთ, ეს არაორდინარული სიტუაცია ყველას აძლევს საკუთარი ციფრული უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ის ასევე ააშკარავებს ციფრულ დაყოფას და უთანასწორობას, და იმ არახელსაყრელ მდგომარეობას, რომელიც ექმნებათ კომპიუტერის და ინტერნეტის არმქონე ოჯახებს და მოსწავლეებს“, აღნიშნულია კვლევის წინასწარ შედეგებში.
მასწავლებლების და პოლიტიკოსებისთვის შეთავაზებულ წინადადებებში აღნიშნული იყო, რომ „ეს კრიზისი არის სტიმული ადამიანებისთვის საკუთარი ციფრული გარდაქმნის გასაღრმავებლად. ამავე დროს, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსწავლეების მიერ ონლაინ გატარებულ დროზე, რომ არ გაწყდეს კავშირი „რეალურ ცხოვრებასთან”. შედეგებში ასევე ხაზგასმულია ონლაინ მოდულების საჭიროება ციფრული უნარების სასწავლებლად მასწავლებლების, ტრენერების, ინსტრუქტორების და მენტორებისთვის.
რესპონდენტებმა მოუწოდეს ევროკომისიას ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან და სოციალურ პარტნიორებთან მათი მასალების ონლაინ გასაზიარებლად, ან ციფრული სასწავლო მასალების შესაქმნელად, განავითაროს და დააფინანსოს ვირტუალური სიმულაციის სისტემები პროფესიული განათლების და ტრენინგისთვის (VET), იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ შეუძლიათ რეალურ რეჟიმში სწავლის სრულად ჩანაცვლება; და შექმნან ონლაინ პლატფორმა „პროფესიული განათლების და ტრენინგის სექცია“ ღია ონლაინ პროფესიული კურსებისთვის (VOOC).
კვლევის და სხვა წყაროების საშუალებით შეკრებილი სხვადასხვა რესურსების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. არსებობს ზოგადი თანამშრომლობის მრავალი საშუალება, რომლებიც ხელმისაწვდომია რამდენიმე ემაზე, ასევე მრავალი პლატფორმა, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული კონტენტის შექმნას.