ინიციატივა EU4Digital – ეს არის ევროკავშირის რეგიონული საფლაგმანო პროგრამა ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის და ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივის ქვეყნებში.
ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, ინიციატივა EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების გავრცელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. უფრო ძლიერი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების განვითარების გზით, ეს პროცესი გამოიწვევს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და ეკონომიკის ზრდას, დაეხმარება ბიზნესს და გააუმჯობესებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეთა ცხოვრებას.
EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს როუმინგის ტარიფების შემცირებას, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი გადაცემის დანერგვას ეკონომიკის განვითარების და ელ-სერვისების გაფართოების მიზნით, კიბერ-უსაფრთხოების კოორდინირებას და ციფრული ჩარჩოს ჰარმონიზაციას საზოგადოების მრავალი სფეროს მოცვით (მაგ. ლოგისტიკა, ჯანმრთელობა და ა. შ.), უნარების გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას ციფრულ ინდუსტრიაში.
მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად ინიციატივა EU4Digital ეხმარება პანევროპულ ონლაინ სერვისებზე წვდომაში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრას როგორც მოქალაქეების, ისე საჯარო ადმინისტრაციის და ბიზნესის სფეროებისთვის. ამის შედეგი იქნება ონლაინ სერვისების გაუმჯობესება, მათი ფასების შემცირება და არჩევანის გაზრდა. მოხდება ინვესტიციების მოზიდვა და ვაჭრობის და დასაქმების სწრაფი განვითარება; არსებული კომპანიები გაიზრდება უფრო სწრაფად, „სტარტაპების“ შექმნა კი გამარტივდება. გარდა ამისა, ინიციატივა ეხმარება ნიადაგის მომზადებას საინვესტიციო პროექტებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდება.
ამჟამად EU4Digital ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამის EU4Digital II ფაზას (2022-2025) ახორციელებს. პროგრამის საფუძველს მის პირველ ფაზაში (2019-2022) მიღწეული წარმატებები შეადგენს. პროგრამის ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკის და მმართველობის გაძლიერება ციფრული ტრანსფორმაციის გზით ძირითად შემდეგ თემატურ სფეროებში:
- ტელეკომუნიკაციის წესები
- ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები
- ელ-ვაჭრობა
- ელ-ჯანმრთელობა
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები
- ციფრული უნარები
მხარდაჭერის ეს სფეროები ასახავს ექვს EU4Digital ქსელს, რომლებიც 2016 წელს შეიქმნა და მოიცავს წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.
EU4Digital ქოლგის ქვეშ ხორციელდება სხვა პროექტებიც, მათ შორის EU4Digital: Cybersecurity EAST – პროექტი, რომელიც აძლიერებს კიბერუსაფრთხოებას და ზრდის ნდობას ციფრული სერვისების გამოყენების მიმართ; და EU4Digital: EaPConnect – პროექტი, რომელიც აფართოებს ქსელის ინფრასტრუქტურას და სერვისებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის და ევროკავშირის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებების გასაერთიანებლად.
მიიღეთ დამატებით ინფორმაცია პროექტების შესახებ ინიციატივის EU4Digital ფარგლებში, ასევე ევროკავშირის პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლებიც ინიციატივის EU4Digital კონტექსტს და ამოცანებს უზრუნველყოფს.