ე-ჯანმრთელობის პრიორიტეტების ხელშეწყობა: პროგრამის EU4Digital სემინარი განიხილავს წინსვლას, საუკეთესო პრაქტიკას და მიზნებს

  • თარიღი: 15/10/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის 8 ოქტომბერს მაღალი დონის შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია პროგრამის EU4Digital ელექტრონული ჯანმრთელობის მიმართულების მიღწევების და მომავალი მიზნების შესახებ; აღნიშნული პრეზენტაცია გაკეთდა პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 5-9 ოქტომბერს ჩატარდა.

60-ზე მეტ მონაწილეს, რომელთა შორის იყვნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამინისტროების წამომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და ევროკავშირის ინსტიტუტები, მიესალმა პროგრამის EU4Digital ჯგუფის ხელმძღვანელი ბ-ნი არტურას პილიპონისი.

ე-ჯანმრთელობის მიმართულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ სხვადასხვა საქმიანობაში, რომელთა შორისაა: ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება, ე-ჯანმრთელობის საკომუნიკაციო პორტალის და თანამშრომლობის პლატფორმის ამოქმედება, ე-ჯანმრთელობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების უწყვეტი მხარდაჭერა/წინსვლა რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობა ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების (EIP on AHA) პროექტში.

თემატური სესიის განმავლობაში პროგრამამ EU4Digital ასევე განიხილა საკუთარი ხედვა ე-ჯანმრთელობის სფეროში პოტენციური გაუმჯობესებების თაობაზე 2021 წლის შემდეგ, მათ შორის:

  • ე-ჯანმრთელობის სტრატეგიების შემუშავება
    • ე-ჯანმრთელობის მონაცემთა სივრცის კონცეფციის პილოტირება/COVID-19-ზე ორიენტირებული მაგალითი
    • ე-რეცეპტების პილოტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის (2025)
    • საცნობარო საიტების შექმნა და თვინინგის სქემების დამტკიცება
    • მონაცემთა დაცვის და კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის პოტენციალის შექმნა ე-ჯანმრთელობისთვის

თემატური სესია დასრულდა დისკუსიით და კითხვა-პასუხის სესიით. საქართველოს ე-ჯანმრთელობის ქსელის წარმომადგენელმა ქ-ნმა ეკა ყუბუსიძემ ხაზი გაუსვა ევროპასთან ოპერაციულად თავსებადი სერვისების არსებობის მნიშვნელობას რეგიონისთვის. მან აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებს ჰქონდათ ე-ჯანმრთელობის გამოცდილება, რომლის გაზიარება სურთ ევროკავშირთან. დაისვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას თითოეულმა პარტნიორმა ქვეყანამ სახელმწიფოთაშორისი ოპერაციული თავსებადობის მისაღწევად. პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა პარტნიორი ქვეყნებისთვის სამი ძირითადი ნაბიჯი განსაზღვრა:

  • ე-ჯანმრთელობის სახელმწიფოთაშორისი ოპერაციული თავსებადობის საკითხისთვის პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა;
    • ე-ჯანმრთელობის სტრატეგიების დამტკიცება ეროვნულ დონეზე;
    • ინიციატივების და საპილოტე პროექტების დაწყება სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის სერვისების განხორციელებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის.

ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital მიერ ვირტუალური სესიების სახით; სესიებზე განხილული იქნა პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის პრიორიტეტები ციფრულ სექტორში.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა