1. ცხადია, რომ ე-უნარები უმნიშვნელოვანესია დღევანდელ სამყაროში, მაგრამ რამდენად ჩამორჩება ეს რეგიონი ევროკავშირის ქვეყნებს?
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პოტენციალის გამოყენებისთვის უდიდესი ბარიერია ციფრული უნარების არარსებობა. ციფრული უნარები ნებისმიერი ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი კატალიზატორია - ის აძლევს მოქალაქეებს აქტიურობის საშუალებას ციფრულ საზოგადოებაში და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშუალებით. მოთხოვნა ციფრულ უნარებზე სტაბილურად იზრდება, მაგრამ მიწოდება ხშირად არ არის საკმარისი.
დასაქმების მომავლის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანიების უმრავლესობა ყველა ინდუსტრიულ ქვეყანაში განიხილავს სამუშაო ძალის უნარებში არსებულ ხარვეზებს, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას ახალი ტექნოლოგიების წარმატებით ათვისებაში. ამ ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის სამუშაო ძალის ნახევარზე მეტს ახალი უნარების ათვისება სჭირდება.
2. ცხადია, გასაკეთებელი ძალიან ბევრია: რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital პარტნიორი ქვეყნების დასახმარებლად ამ ხარვეზის აღმოფხვრაში?
ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯია შეფასება ცნობიერების ასამაღლებლად, და კოორდინირებული ძალისხმევის მხარდაჭერა ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ხელშეწყობის მიზნით. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) და ციფრული უნარების ინდექსის (DSI) მიხედვით, 2014 წლის შემდეგ წინსვლა ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოებისკენ ფასდება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, 2015 წლის კვლევამ ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რომელმაც შეაფასა აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ციფრული ბაზრების მზადყოფნა ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციისთვის, დაადგინა, რომ მთელ ამ რეგიონში ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების სისტემატური შეფასება არ ტარდებოდა.
პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს ციფრული უნარების გაზომვას/შეფასებას საერთო მეთოდოლოგიის საშუალებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის პრაქტიკასთან აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონისთვის.
ციფრულ უნარებთან, ცნობიერების ამაღლებასთან და საუკეთესო პრაქტიკის ათვისებასა და გაზიარებასთან დაკავშირებული ინიციატივების კოორდინაცია გაუმჯობესდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციების შექმნით და რეგიონის ჩართვით ევროპის ციფრული უნარების დიდ კოალიციაში. ამჟამად ეროვნული კოალიციები დაარსებულია სამ პარტნიორ ქვეყანაში - სომხეთში (2017), უკრაინაში (2019) და აზერბაიჯანში (2020), ხოლო მოლდოვაში და საქართველოში ისინი მალე დაარსდება
პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ეროვნული კოალიციების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
და ბოლოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული უნარების განვითარება მიკრობიზნესის და მცირე და საშუალო საწარმოების სამუშაო ძალისთვის. მცირე და საშუალო საწარმოები ამ რეგიონის ეკონომიკის საფუძველია, რადგან ისინი შეადგენს ყველა კომპანიის 99%-ს, თუმცა წარმოადგენს კერძო სექტორის დასაქმების მხოლოდ 57%-ს. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირში მცირე და საშუალო საწარმოები დასაქმების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა (ახალი სამუშაო ადგილების 85% მცირე და საშუალო საწარმოების მიერ არის შექმნილი). მათი პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სამეწარმეო და სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასჭირდებათ მრავალი მოწინავე ციფრული კომპეტენცია, მაგ. დიდი მონაცემების ანალიტიკა და საშუალებები, “cloud” გამოთვლები და ვიზუალიზაცია, მობილური აპლიკაციების დიზაინი და განვითარება, ვებ-პროგრამირება და საშუალებები, საინფორმაციო ტექნოლოგიების არქიტექტურა და უსაფრთხოების უნარები.
პროგრამა EU4Digital ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების გაუმჯობესებას ზოგადი ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს შექმნით მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ევროკავშირის ციფრული კომპეტენციების ჩარჩოების საფუძველზე.
3. უნარების შეფასება ძალიან კარგია, მაგრამ როგორ დაეხმარება ეს ხარვეზების აღმოფხვრას რეალურ ცხოვრებაში?
ინიციატივამ EU4Digital შეიმუშავა ზოგადი მეთოდოლოგია ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასებისა და შედარებითი ანალიზისთვის, რაც მას შესაძლებლობას მისცემს ფაქტებზე დაყრდნობით მიმართოს აქტივობა განსაზღვრულ პრობლემურ სფეროებზე და შეაფასოს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული ღონისძიებების და სტრატეგიული მიზნების გავლენა.
მონაცემებზე წვდომა მთავარ როლს ასრულებს ციფრული უნარების სტრატეგიის შემუშავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და მათ ჰარმონიზაციაში ევროპული დონის სტრატეგიებთან. ე-უნარებთან დაკავშირებული საქმიანობის ნაწილი ფოკუსირებულია ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასების მკაფიო და ზუსტი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც გაითვალისწინებს ყოველი ცალკეული ქვეყნის პირობებს და მოახდენს მეთოდოლოგიის შესაბამის ადაპტაციას.
ჰარმონიზებული მიდგომა ციფრული უნარების შეფასებისადმი ეხმარება უნარებში არსებული ნაკლოვანებების, შეუსაბამობების და ხარვეზების განსაზღვრას, რათა მოიძებნოს გადაწყვეტები და შეფასდეს რეგიონული და ეროვნული ინიციატივების გავლენა. მონაცემთა ჰარმონიზებული შეფასება ასევე იძლევა ციფრული უნარების განვითარების ინდივიდუალური პროგრესის შედარებას საშუალებას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებთან.
ეროვნულ ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასების და პროგნოზირების ზოგადი მეთოდოლოგიის შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შესაძლებელს გახდის შემდეგს:
- ეროვნული დონის განვითარების სტრატეგიების მორგება კონკრეტულ, ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად შეფასებულ მონაცემებთან, და დაეხმარება კონკრეტული პრობლემური სფეროების და მოთხოვნა-მიწოდებაში არსებული ხარვეზების განსაზღვრას;
- ზოგადი მიდგომა ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მონაცემების შეკრებასთან, რაც იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის შედარების საშუალებას, და აძლევს ქვეყნებს საშუალებას ეძებონ ციფრულ უნარებთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტები.
- სისტემატური და რეგულარული შეფასება იქნება შრომის ბაზრის ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მომავალი საჭიროებების პროგნოზირების საფუძველი.
4. კომპეტენციების ზოგადი ჩარჩო – ეს ძალიან აბსტრაქტულად ჟღერს… რას ნიშნავს ეს კონკრეტულად, რას გულისხმობს ინიციატივის EU4Digital დახმარება და რა მნიშვნელობა ექნება მას?
ციფრული კომპეტენციების როლი ყველა დარგსა და სექტორში იზრდება, ხოლო საზღვრები ICT და არა-ICT როლებს შორის თანდათანობით იშლება. პროფესიონალები მცირე და საშუალო საწარმოებსა და მიკრობიზნესში ხშირად ასრულებენ სხვადასხვა სამუშაო ფუნქციებს და/ან სექტორთაშორის (ჰიბრიდულ) სამუშაო ფუნქციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ციფრული კომპეტენციების განსხვავებულ დონეს მოითხოვს.
კომპეტენციების ჩარჩო ხელს უწყობს კარიერული გზის და სასწავლო მეთოდების, სამუშაო როლების, სასწავლო საჭიროებების და შედეგების განსაზღვრას საერთო საცნობარო ჩარჩოს საშუალებით. ის იქნება მკაფიო სახელმძღვანელო ნებისმიერი მცირე და საშუალო საწარმოსათვის რეგიონში (მისი ზომის ან სამოქმედო სფეროს მიუხედავად) იმის შესახებ, თუ როგორ იპოვნოს, მოამზადოს და დაიქირაოს საჭირო ციფრული უნარების მქონე პერსონალი. გარდა ამისა, კომპეტენციების ჩარჩო აყალიბებს ციფრული უნარების და კომპეტენციების საერთო ენას მისი სამიზნე აუდიტორიისთვის, რთული საინფორმაციო ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის განმარტებით “ბიზნესის ენაზე”.
კომპეტენციების ჩარჩო:
- ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის თანამშრომელთა ციფრული უნარების განვითარებას;
- ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კონკურენტუნარიანობის, ექსპორტის პოტენციალის და ინოვაციის გაუმჯობესებას;
- სტიმულს აძლევს მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის მონაწილეობას ციფრული ბაზრის განვითარებაში.
5. რა არის ეროვნული კოალიციები? რას აერთიანებს ისინი, და რის გასაკეთებლად?
ეროვნული კოალიციები არის პარტნიორული ორგანიზაციები მრავალი მონაწილე მხარით, რომლებიც თანამშრომლობენ საერთო და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ეროვნულ დონეზე; მათი ჩამოყალიბება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გააუმჯობესებს ზედამხედველობას და კოორდინაციას ციფრული უნარების განვითარების ღონისძიებებზე რეგიონში, ასევე შეასრულებს მნიშვნელოვან როლს თანამშრომლობის გაუმჯობესებაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
ეროვნული კოალიციების მონაწილე მხარეები არიან ICT და ICT-ინტენსიური კომპანიები, განათლების და ტრენინგის პროვაიდერები, საჯარო სექტორი, დასაქმების სერვისები, ასოციაციები, არაკომერციული ორგანიზაციები და სოციალური პარტნიორები.
კოალიციებს შეუძლიათ პოპულარიზაცია გაუწიონ ციფრულ უნარებს სხვადასხვა გზით, რომლებიც შეთანხმებულია კოალიციის შექმნის დროს. ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება უფრო პროაქტიური მიდგომა აირჩიოს კოალიციების მიმართ, რაც საშუალებას აძლევს კოალიციას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მონაცემების შეკრებაში და განახორციელოს ციფრული ტრანსფორმაცია საჯარო სექტორის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობით.
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ უკვე შექმნეს ციფრული უნარების და დასაქმების ეროვნული კოალიციები, და მიმდინარეობს დისკუსიები მსგავსი კოალიციების შესაქმნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებში.
6. რაც შეეხება მომავალს, როგორ წარმოგიდგენიათ ციფრული უნარების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხუთი წლის შემდეგ? როგორი იქნება ინიციატივის EU4Digital მიერ გაწეული დახმარება?
ციფრული უნარები ნებისმიერი ციფრული ტრანსფორმაციის ძირითადი კატალიზატორია - ის აძლევს მოქალაქეებს აქტიურობის საშუალებას ციფრულ საზოგადოებაში. ამგვარი უნარების საჭიროება გადამწყვეტია ეკონომიკის და ადამიანური კაპიტალის სტაბილური განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შემდგომშიც შეძლებენ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას და მისცემენ ციფრული უნარების მოთხოვნის და მიწოდების მხარეებს ურთიერთდაკავშირების საშუალებას შრომით ბაზარზე, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეძლებენ ციფრულ უნარებთან დაკავშირებული უფრო ზუსტი მონაცემების ჩართვას საკუთარ ეროვნულ სტრატეგიებში, რაც მხარს დაუჭერს ფაქტებზე დამყარებულ პოლიტიკის დაგეგმვას.
მომავალი წლების განმავლობაში ინიციატივის EU4Digital საქმიანობის მიზანია შემდეგი ღონისძიებების მხარდაჭერა:
- ციფრული უნარების ეფექტური მმართველობა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში საქმიანობის კოორდინაციის, მონიტორინგის და პრიორიტეტების მინიჭების მიზნით; ამის შედეგად შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის შედარება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეული ქვეყნების ერთმანეთთან შედარება და მათ ციფრული უნარების ერთობლივი განვითარება.
- ღონისძიებების ფაქტებზე დამყარებული გზით მიმართვა განსაზღვრული პრობლემური სფეროებისკენ, რომლებიც ამოქმედდება მონაცემთა შეკრებით საერთო მეთოდის და ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად. მოსალოდნელია, რომ ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია მონაწილეობას მიიღებს ციფრულ უნარებში განსაზღვრული პრობლემური სფეროების გამოსასწორებელი ღონისძიებების კოორდინაციაში.
- ციფრული უნარების აქტივობების და სტრატეგიული მიზნების გავლენის შეფასება, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან (ICT) და შრომის ბაზართან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის ფორმირებას.