1. რას აკეთებს ინიციატივა EU4Digital ტელეკომუნიკაციების სფეროში?
ტელეკომუნიკაციების სფეროში ინიციატივა EU4Digital მხარს უჭერს ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიცაა საერთაშორისო როუმინგთან დაკავშირებული საქმიანობა და პოტენციური შეთანხმება საერთაშორისო როუმინგის საერთო სივრცის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერება და 700 მჰც სიხშირის ზოლის განთავისუფლება მომავალი მობილური ტექნოლოგიებისთვის, 5G-ს ჩათვლით.
2. შეთანხმება როუმინგის შესახებ – შესანიშნავია! ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოგზაურობისას გვექნება “როუმინგი, ისე როგორ სახლში”, ევროკავშირის მსგავსად?
არა, რეგიონული შეთანხმება როუმინგის შესახებ უზრუნველყოფს შესაბამისი როუმინგის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის. ეს საშუალებას მისცემს საკომუნიკაციო ქსელების როუმინგის კლიენტებს ისარგებლონ უფრო ხელმისაწვდომი მომსახურებით როუმინგის გამოყენებისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ინიციატივის EU4Digital როუმინგის კვლევის (2019) უახლესი შედეგების საფუძველზე, მოსალოდნელია საშუალო ფასის 80%-ზე მეტად შემცირება.
3. ეს შეთანხმება როუმინგის შესახებ მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის არის? არსებობს რაიმე შანსი, რომ ის შესაძლოა ევროკავშირზეც გავრცელდეს?
დიახ, რეგიონული როუმინგული შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის გაფორმდება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები შეთანხმდნენ გამოიკვლიონ საერთო როუმინგული საერთაშორისო სივრცის შესაძლებლობა, მათ შორის როუმინგის ტარიფების ეკონომიკურად მდგრადი შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.
4. როდის უნდა ველოდოთ როუმინგზე ტარიფების შემცირებას?
როუმინგის რეგიონულ შეთანხმებაზე ხელმოწერა მოსალოდნელია 2021 წლის შემოდგომაზე, ხოლო მისი კანონიერ ძალაში შესვლა - 2022 წელს, რაც მინიმუმ ექვსთვიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. ეს გარდამავალი პერიოდი საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის როუმინგული შეთანხმების მოთხოვნების განსახორციელებლად, ასევე იმისათვის, რომ მობილურ ოპერატორებს ჰქონდეთ საკმარისი დრო მოდიფიკაციებისთვის.
5. სიხშირეების რედისტრიბუცია, 700 მჰც-ს განთავისუფლება? რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? რას შეცვლის ეს?
მობილური ქსელებით მოცვის გაუმჯობესებას, 5G მომსახურების ჩათვლით. ინიციატივის EU4Digital საქმიანობის ნაწილი ტელეკომუნიკაციების სფეროში უკავშირდება 700 მჰც სიხშირის ზოლის განთავისუფლებას იმ მიზნით, რომ განვითარდეს და განხორციელდეს კოორდინირებული მიდგომა 700 მჰც ზოლის გადანაწილებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, ევროკავშირის ფარგლებში არსებული ძალისხმევის და გეგმების შესაბამისად. ევროკავშირის შიდა ძალისხმევა მოიცავს სახმელეთო სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელების გაუქმებას 700 მჰც ზოლიდან, შემდეგ კი ამ ზოლის გადაცემას უსადენო ფართოზოლოვანი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისთვის, კერძოდ - 5G-სთვის.
ზოლის გამოყენების ცვლილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის გეგმების შესაბამისად, დაეხმარება მობილურ ქსელებზე ინტერფერენციული შეფერხებების თავიდან აცილებას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, ისე ევროკავშირში. გარდა ამისა, მომავალში ის მოიტანს არაერთ სარგებელს 5G-ს დანერგვასთან დაკავშირებით, მათ შორის ხარჯების დაზოგვას ნაკლები რაოდენობის საბაზო სადგურის გამოყენებით, მოცვის გაუმჯობესებას სასოფლო რეგიონებში, და უფრო დაბალ ტარიფებს მომხმარებლისთვის ქსელის ამოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვის გამო.
6. რას აკეთებენ მარეგულირებლები? ეს სამთავრობო უწყებაა? რატომ არის აუცილებელი მათი დამოუკიდებლობა?
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები (NRA) არიან უწყებები ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რომელთაც დაკისრებული აქვთ მარეგულირებელი ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. ეს სამთავრობო უწყებები უზრუნველყოფს ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობას, ინვესტირებას და მომხმარებლის ინტერესებს შორის წონასწორობის დაცვას ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრების, სერვისების და ქსელების განვითარების გათვალისწინებით. ამდენად, მარეგულირებლები უნდა იყვნენ იურიდიულად გამორჩეული და ფუნქციურად დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა უწყებისგან, რომელმაც შეიძლება მოახდინოს არამართლზომიერი გავლენა, რადგან დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიუკერძოებელი მიღება არის კარგად ფუნქციონირებადი ზოგადი მარეგულირებელი სისტემის ძირითადი ელემენტი.
პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და საბოლოო მიზნად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების არსებობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მინიმუმ ხუთ ქვეყანაში.