ოპერაციული თავსებადობა არის სხვადასხვა სისტემების, ორგანიზაციების ან ქვეყნების უნარი ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის და მისი გააზრებულად გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მონაწილეებს უნდა შეეძლოთ საზიარო ინფორმაციის სწორად გაგება და ინტერპრეტაცია, რაც ძირითადად ნიშნავს ერთი და იგივე სტანდარტების და პროცესების გამოყენებას ე-ჯანმრთელობის სერვისებში.
ოპერაციული თავსებადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ეს სფერო არის არაერთგვაროვანი და კომპლექსური, მოიცავს განსხვავებულ მონაწილეებს, კერძოდ პროვაიდერებს პაციენტების კომპლექსური ჯგუფებისთვის, რომლებიც მკურნალობენ და რეგისტრირდებიან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში. გარდა ამისა, ეროვნული მთავრობები ხშირად ახორციელებენ სახელმწიფო სერვისებს, ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემა ხშირად წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სერვისების სპეციფიკურ კომპლექსს, და ეს სერვისები ხშირად ცუდად არის ინტეგრირებული. სამედიცინო დაწესებულება ხშირად უზრუნველყოფს რაიმე კონკრეტული ტიპის სერვისებს, და ამგვარად, საქმე აქვს პაციენტების და მათი ინფორმაციის ქვეჯგუფთან; ეს მოითხოვს კარგად განვითარებულ ოპერაციულ თავსებადობას დაწესებულებებს შორის პაციენტთან დაკავშირებული ზოგადი სურათის გასაზიარებლად. არსებობს სხვა პრობლემებიც საერთაშორისო სივრცეში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, სადაც თანამშრომლობას ჯანდაცვაში ხშირად აფერხებს ე-ჯანმრთელობისთვის გამოყენებულ ლექსიკონში არსებული განსხვავებები და ერთი თვალსაზრისის განსხვავებული ინტერპრეტაციები, ეს კი ხელს უშლის ეფექტურ სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას.
ოპერაციული თავსებადობის არარსებობა სხვადასხვა სახის პრობლემებს უქმნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სამედიცინო მომსახურების მიღება სხვადასხვა დაწესებულებებსა და ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ოპერაციული თავსებადობა გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს მომავლის ასეთი ხედვა: 10 წლის შემდეგ, როდესაც პაციენტს A ქვეყნიდან დასჭირდება გადაუდებელი დახმარება B ქვეყანაში, სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებზეც ამ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამგვარად შეჯამებული სახით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება გადაუდებელი არჩევანის გაკეთებას სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია ჯანდაცვის სექტორისთვის.