EaPConnect: მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერისა და მათემატიკის სფეროში დასაქმებული ქალების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

  • თარიღი: 24/01/23
  • გააზიარეთ:

მისი პირველი წლის დასასრულის აღსანიშნავად, პროექტი „EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება“ (EaPConnect) აშუქებს ოთხი ქალის საქმიანობას, რომელთა ცოდნა და გამოცდილება ხელს უწყობს პროექტის პარტნიორების და იმ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმატებას, სადაც ისინი მუშაობენ. მოკლე ვიდეორგოლებში ეს ქალები საუბრობენ საკუთარი კარიერის შესახებ მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) დარგებში და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მისცენ საუკეთესო სტიმული მომავალი თაობის გოგონებს ამ სფეროებში დასაქმებისთვის.

თავდაპირველად ვიდეო-ეპიზოდები გამოქვეყნდა სათაურებით „გამოწვევების დაძლევა“, ქალები – როლური მოდელები და მენტორები“, „რა მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვნებას“, „ქალთა ქსელების სიძლიერე“ და „მიმართვა მომავალ თაობებს“; ეს იყო ფართო სოციალური მედია-კამპანიის ნაწილი, რომლის ნაწყვეტების ნახვა შესაძლებელია სტატიაში EaPConnect ვებსაიტზე.

„ჩემი კარიერის დასაწყისში შევხვდი უამრავ სამაგალითო პროფესიონალ ქალს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქსელური აქტივობის, ნდობის და იდენტობის, და მომსახურების სფეროებში“, იხსენებს პროექტის EaPConnect ყოფილი პროგრამის მენეჯერი იევა მურასკიენე. „ყველა მათგანი პატივისცემას იმსახურებს მათი ცოდნის და გამოცდილების გამო, და მეც გამიჩნდა სურვილი ოდესმე ასეთი შეგრძნება მქონოდა – გავლენა მომეხდინა“. იევა, რომელიც ადრე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტად მუშაობდა პროექტის EaPConect პარტნიორ ლიტვის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრში (LITNET), ახლა კი სტრატეგიის და პოლიტიკის სპეციალისტია ჩრდილოეთის ქვეყნების ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების გაერთიანებაში (NORDUnet), ამბობს, რომ ქალებს შესანიშნავად შეუძლიათ ლიდერობა და მათთვის სასურველი ნებისმიერი მიზნის მიღწევა, და რომ საჭიროა მათი წახალისება იმის გასაგებად, რომ მათ შეუძლიათ „ნებისმიერი ტექნოლოგია საათივით ამუშაონ“. 

„მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ როდესაც საქმე მეცნიერებას ეხება, გენდერულ მრავალფეროვნებას მთელი რიგი უპირატესობები აქვს“, ამბობს მარიამ ჰარუტიუნიანი, ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროექტის EaPConnect პარტნიორ ორგანიზაციაში – სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული აკადემიის ინფორმატიკის და ავტომატიკის პრობლემების ინსტიტუტში. მისი გამოცდილებით, მრავალფეროვნება აუმჯობესებს პროდუქტიულობის, კრეატიულობის და ინოვაციის დონეს და უზრუნველყოფს, რომ კვლევები უფრო ფართო გამოცდილებას და მოსაზრებებს ასახავდეს. სტერეოტიპების მიუხედავად, „მე დავამტკიცე, რომ მეცნიერების, სწავლების, ოჯახის და სხვა საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსება შესაძლებელია“.

ეკატერინა მატენკო პროექტის EaPConnectის პარტნიორი მოლდოვის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაციიდან (RENAM) თავდაპირველად თვლიდა, რომ კარიერას კიბერუსაფრთხოების სფეროში ვერასოდეს გაიკეთებდა გოგონა, რომელიც მოლდოვის პატარა ქალაქში ცხოვრობდა. მოლდოვის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაციაში (RENAM) მუშაობის დაწყების შემდეგ მისი ჰორიზონტი გაფართოვდა, რადგან მან საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში დასაქმებული უამრავ წარმატებული ქალი გაიცნო. „მაშინ მხარდაჭერა ვიგრძენი, მქონდა მაგალითები და მათგან მოტივაცია მივიღე“, ამბობს ის. ეკატერინას სჯერა, რომ ქალთა ქსელის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია იმ გოგონებისთვის, რომლებიც არ არიან დარწმუნებული რომ მათი მიზნები რეალურია, თუმცა ამ მიზნების მიღწევის უდიდესი სურვილი აქვთ.

პროფესორი ირმა ხაჩიძე, რომელიც საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტში ბიო-სამედიცინო მეცნიერების დარგში მუშაობს, თვლის, რომ ტრენინგი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად და ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად მეცნიერების, ტექნოლოგიებს, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) სფეროებში. ის მოწმეა, თუ როგორ აღუძრავენ ინტერესს მისი სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქალები სხვა ახალგაზრდა ქალებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის დარგების მიმართ. გარდა ამისა, ის აცნობიერებს რომ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის პროექტებს, პრაქტიკულ საქმიანობას და რეკომენდაციებს, რომლებიც ზრდის ქალთა წარმომადგენლობას ინსტიტუციურ და ეროვნულ შეხვედრებზე და სიმპოზიუმებზე. ის მოუწოდებს ყველა გოგონას, რომელსაც აქვს STEM–ის დარგებში დასაქმების ამბიცია: „დაიწყეთ იმის კეთებით, რაც საჭიროა, შემდეგ – რაც შესაძლებელია, და უეცრად მიხვდებით, რომ „შეუძლებელს“ აკეთებთ“.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა