2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკის და უკრაინის სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურები, და ევროკავშირის წარმომადგენლები და წევრი ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურები.
სამიტზე ლიდერებმა შეათანხმეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს წინა სამიტებზე და ორმხრივ შეთანხმებებზე აღებული ვალდებულებები და მათი განხორციელების მტკიცე განზრახვა. „ამ გზაზე წინსვლის და მხარდაჭერის აუცილებელ პირობად რჩება ჩვენი ამბიციური რეფორმების გეგმა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა: კეთილდღეობის ზრდა და მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და მდგრადობის ხელშეწყობა რეგიონში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში”, აღნიშნულია დეკლარაციაში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული ციფრული ტრანსფორმაციის და ამ სფეროში ევროკავშირის ვალდებულების მნიშვნელობა: „ჩვენი მიზანი იქნება ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება, რაც მოიცავს ინვესტიციებს ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ელექტრონულ მმართველობაში. როუმინგის რეგიონული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენ გამოვიკვლევთ ერთიანი საერთაშორისო როუმინგული სივრცის შექმნის შესაძლებლობას ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, რაც ასევე როუმინგის ტარიფების ეკონომიკურად მდგრად შემცირებას გულისხმობს“.
დეკლარაციაში ჩამოთვლილია მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის საკვანძო სფეროები და დადასტურებულია მიზნები, დასახული აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებში:
უპირველეს ყოვლისა, ეს არის ელექტრონული კომუნიკაციის დაცული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საჯარო ადმინისტრაციის და კერძო სექტორის მხარეთა შემდგომი ციფრული ტრანსფორმაცია, და ინვესტირება ციფრული ინოვაციის და ციფრული უნარების ხელშეწყობაში.
გარდა ამისა, დეკლარაციაში დასახულია შემდეგი სამიზნეები: შინამეურნეობების 80% უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ხოლო საჯარო სერვისების 80% აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ონლაინ ოპერაციულად თავსებადი პლატფორმების საშუალებით. დანარჩენი სამიზნეები მოიცავს ორმხრივად აღიარებული ელექტრონულ ხელმოწერებს ევროკავშირთან და ოთხ პარტნიორ ქვეყანას შორის, და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ერთი მილიონი მოქალაქის ხელშეწყობას ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმის საშუალებით.
დეკლარაციაში შეტანილია როუმინგის რეგიონული შეთანხმების და სპექტრის რეგიონული შეთანხმების ამოქმედების საკითხები: „მხარდაჭერილი იქნება როუმინგის და სპექტრის ხელშეკრულებების განხორციელება პარტნიორ ქვეყნებში და საჭიროების მიხედვით – ევროკავშირში“. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ საერთაშორისო როუმინგის საცალო ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება, და უზრუნველყოფილი იქნება 5G ქსელების უსაფრთხოება მათი ევროკავშირის კოორდინირებულ მიდგომასთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
რაც შეეხება ელექტრონულ ვაჭრობას, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, და შეიქმნება ოთხი ციფრული სატრანსპორტო დერეფანი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება მაღალეფექტური ციფრული სტარტაპების მხარდასაჭერად.
დეკლარაციის ბოლო ნაწილში განხილულია კიბერმდგრადობის და კიბერუსაფრთხოების განვითარების გეგმა, და რეგიონის ინსტიტუციური, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოები.
სამიტის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მოელიან აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის მომდევნო სამიტს რომელიც იქნება „პირველი ეტაპი ახალი თაობის პრიორიტეტების და მიზნების განხორციელების, მიმოხილვისა და შეფასებისთვის“.