9 ივნისს ვირტუალურ შეხვედრაზე პროგრამამ EU4Digital წარმოადგინა ე-კომერციის საპილოტე პროექტი სახელმწიფოთა შორის ე-კომერციის მონაცემთა ავტომატიზებული გაცვლის მიზნით სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და გერმანიას შორის.
ვირტუალური დემონსტრაციას, რომელიც ე-ვაჭრობის ქსელის მე-10 სემინარის შემდეგ ჩატარდა, დაესწრო 40 მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან. მონაწილეებს შორის იყვნენ: დამსწრეები ევროკავშირის წარმომადგენლობებიდან, ე-კომერციის სამუშაო ჯგუფის წევრები, პროგრამის EU4Digital ე-კომერციის ექსპერტები და სხვა მონაწილეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამინისტროებიდან, სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, კერძო კომპანიებიდან, მათ შორის ეროვნული საფოსტო ოპერატორები, ციფრულ დღის წესრიგზე პასუხისმგებელი სამინისტროები, საერთაშორისო სტანდარტიზაციის უწყებები და სხვა.
ღონისძიება გახსნა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ, რომელმაც დამსწრეებს ე-კომერციის საპილოტე პროექტის პრაქტიკული მხარეები გააცნო. ამ ღონისძიების მიზანი იყო წარმოედგინა, თუ როგორ ხდება ე-კომერციის მონაცემების ავტომატური და ელექტრონული გაცვლა საცალო მოვაჭრეებს, ციფრული კომერციის ვებსაიტებს, მიწოდების ოპერატორებს და კლიენტებს შორის საპილოტე გადაწყვეტის – ვირტუალური საწყობის საშუალებით. პროგრამა EU4Digital წამყვანმა ექსპერტებმა ვალტერ ტრეზეკმა და ვოლოდიმირ კოვალენკომ წარმოადგინეს საპილოტე ქვეყნებს შორის ამ მიზნით მიმდინარე პროცესები.
ე-კომერციის საპილოტე პროექტი დაიწყო 2021 წლის მაის-ივნისში, როდესაც მცირე და საშუალო საწარმოებმა საკუთარი პროდუქცია გერმანიაში გასაყიდად განათავსეს და მისი გაყიდვის შემდეგ ავტომატურად გაცვალეს პროდუქტთან დაკავშირებული მონაცემები მიმწოდებელ ოპერატორებთან და საბაჟოსთან.
სადემონსტრაციო პროექტმა გააშუქა პროცესის ტექნიკური ასპექტები, როგორიცაა საპილოტე კონცეფცია, ე-კომერციის მონაცემთა მოთხოვნები ევროკავშირთან ელექტრონული გაცვლის ასამოქმედებლად, ასევე საპილოტე ვირტუალური საწყობის უპირატესობები, რომელთა საშუალებით ამგვარი ელექტრონული გაცვლა შესაძლებელია ევროკავშირთან და უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) 192 ქვეყნისგან შემდგარ ქსელთან.
გარდა ამისა, საპილოტე პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ და გააშუქეს ინიციატივის მნიშვნელობა სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის განვითარებისთვის აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის შედარებით მცირე ზომის ბაზრებზე.
აზერბაიჯანის ეროვნული ციფრული კომერციის პორტალის „აზექსპორტის“ წარმომადგენელმა აიხან გადაშოვმა ისაუბრა იმაზე, რომ
- საპილოტე პროექტმა უჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი ე-კომერციის ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდა პროდუქტის მონაცემების ავტომატური და ელექტრონული გაცვლის საშუალებით.
- საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სოფიო თვალავაძემ მადლობა გადაუხადა პროგრამას EU4Digital მხარდაჭერისთვის ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის სფეროში.
- ორმა კომპანიამ საქართველოდან – რკო და ფუნდუკი – ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს საპილოტე პროექტმა დაბრკოლებები მოუხსნა ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელ გზაზე. საპილოტე გადაწყვეტა აძლევს გამყიდველებს არა მარტო იმის საშუალებას, რომ რამდენიმე დაწაკაპუნებით განათავსონ საკუთარი საქონელი პორტალზე eBay გერმანიაში. მათი მოლოდინით, მომავალში ისინი შეძლებენ საკუთარი პროდუქციის განთავსებას სხვა ციფრული კომერციის ვებსაიტებზე პროდუქციის ასორტიმენტის დივერსიფიკაციის მიზნით მომხმარებლებისთვის ევროკავშირიდან.
- სომხეთის ეროვნული საფოსტო ოპერატორის წარმომადგენელმა კარაპეტ ელჩიბეკიანმა განიხილა ლოგისტიკის პროცესის დაჩქარება პროდუქტების მონაცემთა ელექტრონული და ავტომატური გაცვლით, რაც აკმაყოფილებს მყიდველის მოლოდინს სწრაფ მიწოდებასთან დაკავშირებით.
საპილოტე პროექტის მონაწილეებმა დამსწრეებს გაუზიარეს საკუთარი დადებითი მოსაზრებები და ისაუბრეს საპილოტე მეთოდის შემდგომი განხორციელების და საწარმოო მასშტაბით დანერგვის შესახებ. საპილოტე აქტივობის შემდეგ პროგრამა EU4Digital გასცემს რეკომენდაციებს ყურადღების გამახვილებით ორ ძირითად პრიორიტეტზე: 1) პროექტის განვრცობა და მასშტაბი – ანუ როგორ შეძლებენ ქვეყნები ე-კომერციის ვირტუალური საწყობის სატესტო გარემოდან პრაქტიკულ მოხმარებაზე გადასვლას; 2) სწავლა და განმეორებით გამოყენება – ანუ როგორ შეძლებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები ამ პროექტიდან სარგებლობის მიღებას და იგივე გადაწყვეტის დანერგვას.