26-28 თებერვალს ევროკავშირმა და ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისმა (C-PROC) თბილისში მოაწყვეს საერთაშორისო შეხვედრა უცხოელი სერვისის პროვაიდერებისთვის მთელი მსოფლიოდან კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებში არსებული გამოწვევების და მომავალი თანამშრომლობის განსახილველად.
თანამშრომლობა სისხლის სამართლის უწყებებს და კერძო სექტორის ორგანიზაციებს შორის, კონკრეტული სერვისების პროვაიდერების ჩათვლით, უმნიშვნელოვანესია დანაშაულისგან საზოგადოების დასაცავად. ამგვარი თანამშრომლობის უპირველესი ამოცანაა პოლიციისა და პროკურატურის სამსახურებისთვის იმ მონაცემთა ხელმისაწვდომობა, რომლებსაც ფლობენ სერვისის პროვაიდერები და რომლები საჭიროა სისხლის სამართლის სამართალწარმოების, ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების, და ტრენინგის მიზნით. ამ კონტექსტში, ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისმა (C-PROC) უმასპინძლეს 80 მონაწილეს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, მათ შორის ლათინური ამერიკიდან (ჩილე, დომინიკის რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, პარაგვაი), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან (შრი-ლანკა), დასავლეთ აფრიკიდან (განა, ნიგერია, კაბო-ვერდე, ბურკინა-ფასო), სამხრეთ სამეზობლოს რეგიონიდან (ლიბანი, მაროკო, იორდანია), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა), ევროკავშირის წევრობის მოსამზადებელი ინსტრუმენტის (IPA) რეგიონიდან (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი), ასევე ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია, რუმინეთი. ღონისძიებისთვის სასარგებლო იყო დიდი დელეგაციის დასწრება საქართველოდან 25-ზე მეტი წარმომადგენლით, ასევე შემდეგი ორგანიზაციების მონაწილეობა: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, ევროპის საბჭოს ექსპერტები, აშშ იუსტიციის დეპარტამენტი, და Facebook-ის და ევროპის ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერების ასოციაციის (EuroISPA) წარმომადგენლები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისის (C-PROC) მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ძალისხმევით, მათ შორის პროექტის – CyberEast, რომელიც მიმდინარეობს ინიციატივის EU4Digital ფარგლებში.
შეხვედრის გახსნაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა: “კიბერდანაშაულის დაძლევა სისხლის სამართლის ეფექტური სამართალწარმოების საფუძველია. დღეს ბრძოლა კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ეკონომიკურ დანაშაულთან, და თუნდაც პიროვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან, მოითხოვს კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტურ სისტემას – მაგალითად, ელექტრონული მტკიცებულებების ან ონლაინ დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების წვდომასთან დაკავშირებით. თანამშრომლობა სისხლის სამართლის უწყებებს და კერძო სექტორის ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით კი თანამშრომლობა სერვისების პროვაიდერებთან, უმნიშვნელოვანესია ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ძლიერი კიბერუსაფრთხოება მჭიდროდ უკავშირდება ღია, თავისუფალ და უსაფრთხო კიბერსივრცეს, სადაც სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა”. ბუქარესტში (რუმინეთი) მდებარე ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის
პროგრამის ოფისის (C-PROC) ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვირგილ სპირიდონმა აღნიშნა: “თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს და მულტინაციონალურ სერვისების პროვაიდერებს შორის ეხება არა მარტო კიბერდანაშაულის გამოძიებას, არამედ ასევე სხვა სახის გამოძიებებს, რომლებიც მოიცავს ელექტრონულ მტკიცებულებებს და მონაცემებს მულტინაციონალური სერვისების პროვაიდერებისგან”.
კერძო სექტორის პერსპექტივიდან საუბრისას მაქსიმილიან შუბერტმა, ევროპის ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერების ასოციაციის (EuroISPA) პრეზიდენტმა, დამსწრეთა ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ
“როგორც სამართალდამცავ ხელისუფლებას, ისე ინტერნეტ-სერვისების პროვაიდერებს სურთ ინტერნეტი მომხმარებლისთვის უსაფრთხო იყოს; თუმცა, ინტერნეტ-სერვისების პროვაიდერებს სხვა თვალსაზრისი აქვთ, ისინი ორიენტირებულები არიან არა გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაზე, არამედ მომხმარებლით კმაყოფილებაზე. [მათ] აქვთ საერთო ინტერესი, მაგრამ შეიძლება მეთოდები განსხვავებული იყოს – ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია თანამშრომლობის პროცესში.