იმ პრობლემის მიუხედავად, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ სკოლები ევროპასა და მთელ მსოფლიოში 2020 წელს, გლობალურად ევროკავშირის კოდირების კვირეულის ინიციატივას შეუერთდა 84 ქვეყნის 3.4 მილიონზე მეტი მოსწავლე/სტუდენტი და მასწავლებელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კოდირების 72,000-ზე მეტ აქტივობაში. გუნდებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან ასობით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
კორონავირუსის პანდემიის პასუხად ევროკავშირის კოდირების კვირეული
2020 წელს ახალ ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა და შემოიღო ვირტუალური ღონისძიებები სკოლების მონაწილეობის მხარდასაჭერად ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.
აღნიშნული მოიცავდა ონლაინ ღონისძიებების კალენდარს, digital treasure hunt და საწყისი ეტაპის ვირტუალურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი, პროფესორი მიჩ რესნიკი, წიგნის ავტორი ლინდა ლიუკასი და პროფესორი ალესანდრო ბოლიოლო.
ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა აღნიშნა: „კომპიუტერული აზროვნების დაუფლება და კოდირების შესწავლა ადრეულ ასაკში არა მარტო უაღრესად საინტერესო, არამედ ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ახალგაზრდა თაობის მომავლისათვის მოსამზადებლად: ციფრული უნარები ყველას სჭირდება სწავლის, მუშაობის, კომუნიკაციის და ონლაინ სერვისების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის. ვულოცავ ევროკავშირის კოდირების კვირეულში მონაწილე თითოეულ ადამიანს, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ დაეხმაროს ახალგაზრდებს ციფრული უნარების გაუმჯობესებაში, და დააინტერესოს ისინი ციფრული ტექნოლოგიების შესწავლით და კარიერული წინსვლით ამ სფეროში“.
კოდირების კვირეულის აქტივობების 84% სკოლებში ხორციელდება
განხორციელებული 72,000 აქტივობიდან 19% ორგანიზებული იყო ონლაინ, ხოლო 84% – სკოლების საშუალებით; 55% წარმოადგენდა სახალისო კოდირების აქტივობას, ხოლო 20% – პროგრამირების ძირითად კონცეფციებს. მათგან სულ უფრო მზარდი რაოდენობა იყო ფოკუსირებული ბუნებისმეტყველების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მათემატიკის (STEM) სფეროს უფრო მოწინავე ტექნოლოგიებზე, როგორიცაა რობოტექნიკა, თამაშების დიზაინი ან მონაცემებით მანიპულირება. აქტივობების 20% იყო „გამორთული“, ე. ი. ამ აქტივობებში არ იყო გამოყენებული არავითარი ტექნოლოგია. მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 10 წელი, მონაწილეთა 41%-ს გოგონები შეადგენდნენ, ხოლო 59%-ს – ბიჭები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები
კოდირების კვირეულში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანამ, რომელთა შორის 230 აქტივობით წამყვანი ადგილი აზერბაიჯანს ეკავა.
დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს და იხილეთ თქვენს ქვეყანაში ჩატარებული ყველა აქტივობა.
სომხეთი 34 აქტივობა
აზერბაიჯანი 230 აქტივობა
ბელარუსი 1 აქტივობა
საქართველო 48 აქტივობა
მოლდოვა 59 აქტივობა
უკრაინა 186 აქტივობა
ფოკუსირებამ მასწავლებლების ტრენინგზე ხელი შეუწყო მოსწავლეებთან დაკავშირებას მთელ მსოფლიოში
გასულ წელს კოდირების კვირეულმა შემოიტანა კიდევ უფრო მეტი ონლაინ რესურსი განათლების სფეროს წარმომადგენლების დასახმარებლად კოდირების სწავლებაში სკოლებში. ახალი სასწავლო მასალები მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გაცნობას სკოლებში, კოდირებას მდგრადი მიზნების მისაღწევად, ვებინარების სერიას და ვირტუალური სემინარების პაკეტს; პროფესორმა ალესანდრო ბოლიოლომ მათ Coding@Home უწოდა.
გარდა ამისა, 2020 წელს ორგანიზებული იყო ორი ღია მასობრივი ონლაინ კურსი (MOOC), რომელშიც მთელი მსოფლიოდან 4,000 მასწავლებელი მონაწილეობდა. შესასწავლი საკითხები მოიცავდა კოდირებას, გამოთვლით აზროვნებას, ვიზუალურ პროგრამირებას, რობოტექნიკას და აპლიკაციების შექმნას. სამი მოდულისგან შემდგარი ახალი ღია მასობრივი ონლაინ კურსი „AI Basics for Schools“ 2021 წლის
8 მარტს დაიწყება.
რა არის ევროკავშირის კოდირების კვირეული?
ევროკავშირის კოდირების კვირეული არის მასობრივი მოძრაობა, რომელსაც წარმართავენ მოხალისეები: კოდირების კვირეულის ელჩები, წამყვანი მასწავლებლები და კოდირების სხვა ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან. ამ ღონისძიებას მხარს უჭერს ევროკომისია და განათლების სამინისტროები ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ. ევროკომისია მხარს უჭერს ევროკავშირის კოდირების კვირეულს მისი ერთიანი ციფრული ბაზრის სტრატეგიის ფარგლებში და ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის საშუალებით.
ევროკავშირის კოდირების მომდევნო კვირეული 2021 წლის 9-24 ოქტომბერს ჩატარდება.
დამატებითი ინფორმაცია:
- პრესრელიზი
- 2020 წლის ევროკავშირის კოდირების კვირეულის შედეგები (.pdf)
- ევროკავშირის კოდირების კვირეული 2020-ს საინფორმაციო დაფა
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარება: ხელოვნური ინტელექტის ღია მასობრივი ონლაინ კურსი (AI MOOC)
- რესურსები: Coding@Home
- რესურსები: სწავლება და სწავლა
- EU Code Week 4 All გამოწვევა