ევროკავშირმა საქართველოს კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამა გადასცა

  • თარიღი: 23/01/20
  • გააზიარეთ:

21 იანვარს ევროკავშირმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობა და კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები გადასცა.

აღჭურვილობა დაეხმარება შსს-ს საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტების საფუძვლიან შემოწმებაში, ხოლო პროგრამები საშუალებას მისცემს საექსპერტო-კრიმინალისტიკის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებს გამოიძიონ კიბერდანაშაულის შემთხვევები და კიბერსივრციდან ძნელად მოსაპოვებელი მტკიცებულებები ამოიღონ.

“ეს აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას მეტად ეფექტიანად ებრძოლოს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს, რაც ასევე მოიცავს კიბერდანაშაულის უაღრესად კომპლექსურ ფორმებს”, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ჭრილში და წარმოადგენს ევროკავშირის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოში საზღვრის თანამედროვე და სწორი მართვის, და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა”.

აღჭურვილობა და პროგრამა, რომელთა საერთო ფასი 130,000 ევროა, საქართველოს მთავრობას დანაშაულთან ბრძოლის პოტენციალის შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. ეს მასალები წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილს, რომელიც გულისხმობს 10 მილიონი ევროს (32 მილიონი ლარი) ღირებულების აღჭურვილობას საქართველოს ხელისუფლებისთვის მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროებში გამოსაყენებლად, და კიბერდანაშაულის უაღრესად კომპლექსური ფორმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა