პროგრამა EU4Digital: შეხვედრა ელექტრონული ჯანმრთელობის სტრატეგიების განვითარების საკითხზე

  • თარიღი: 10/01/22
  • გააზიარეთ:
2021 წლის 30 დეკემბერს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულებამ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება  ე-ჯანმრთელობის სტრატეგიის განვითარების საკითხზე. ეს იყო მეხუთე ვირტუალური შეხვედრა იმ ღონისძიებების სერიიდან, რომელიც 2021 წლისთვის არის დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებზე ე-ჯანმრთელობის სფეროში. ღონისძიების მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრების შეხვედრა და მათი თანამშრომლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა ე-ჯანმრთელობის სტრატეგიების განვითარების საკითხზე. ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა მიმოიხილა ე-ჯანმრთელობის 2022 წლის მომავალი ღონისძიება, კერძოდ, წინსვლის მონიტორინგი ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის სახელმძღვანელო რეკომენდაციების დანერგვაში. ამ ბრიფინგის შემდეგ მოისმინეს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდის პრეზენტაცია – რეკომენდაციები ე-ჯანმრთელობის სტრატეგიის განვითარებისთვის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან კავშირში. ე-ჯანმრთელობაში რეალურად არსებული დაბრკოლებების საფუძველზე, რომელთა დაძლევა საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, EU4Digital გუნდმა განსაზღვრა ე-ჯანმრთელობის ეკოსისტემის ჰარმონიზებული და ოპერაციულად თავსებადი ექვსი სტრუქტურული ელემენტი. თითოეული სტრუქტურული ელემენტის განხილვის შემდეგ შემოთავაზებული იქნა რეკომენდაციები, რომლებიც ე-ჯანმრთელობაში არსებული გამოწვევების დაძლევას დაეხმარება. ღონისძიების მეორე ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გამოცდილმა ექსპერტმა, დოქტორმა ჰენრიკ მარტინსმა მიმოიხილა ე-ჯანმრთელობის სტრატეგიების განვითარება ევროპაში (ავსტრია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, პორტუგალია). ამ ქვეყნების ე-ჯანმრთელობის სტრატეგიები შედარებული იქნა სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა: საკანონმდებლო და საორგანიზაციო მიდგომები, ტელემედიცინა, პაციენტების წვდომა მონაცემებზე, ე-ჯანმრთელობის ციფრული სერვისების ინფრასტრუქტურა (eHDSI) ოპერაციული თავსებადობისთვის, ჯანმრთელობის საინფორმაციო სტანდარტები და ჯანმრთელობის საწარმოს ინტეგრაციის (IHE) პროფილების გამოყენება, სამედიცინო ვიზუალური გამოსახულებები (გამოსახულების დაარქივების და კომუნიკაციის სისტემა – PACS), სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის სერვისების დანერგვა და სახელმწიფო სექტორის ოპერაციული თავსებადობა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შესთავაზეს მოკლედ მიმოეხილათ ეროვნული ე-ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმები, მომავლის ხედვის და დაგეგმილი საკვანძო აქტივობების ჩათვლით. ე-ჯანმრთელობის წარმომადგენლებმა მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან დამსწრეებს საკუთარი ქვეყნების სტრატეგიული გეგმები და პრიორიტეტები გაუზიარეს. ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციისა და ოპერაციული თავსებადობის ზოგადი სახელმძღვანელო რეკომენდაციები https://eufordigital.eu/geo/library/common-guidelines-for-ehealth-harmonisation-and-interoperability/

ახალი ამბები

იხილეთ ყველა