საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ჩაატარა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერსონალისთვის ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) და ელექტრონული ხელმოწერების გამოყენების საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო ბიბლიოთეკის პერსონალის ცნობიერების ამაღლება პორტალის პრაქტიკული გამოყენების თაობაზე და ელექტრონული ხელმოწერების საშუალებით ხელმისაწვდომი უპირატესობების და სერვისების განხილვა.
“ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) შესახებ და ვუჩვენეთ პორტალის უპირატესობები კონკრეტული მაგალითების საშუალებით, რომელთა გამოყენება შეუძლიათ როგორც ცალკეულ, ისე იურიდიულ პირებს. ეს უპირატესობებია მოქნილობა, უსაფრთხოება, ამა თუ იმ ელექტრონული სერვისის სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მიღების შესაძლებლობა და სხვა. ყურადღება დავუთმეთ კვალიფიცირებულ ელექტრონულ ხელმოწერებს, და იმას, თუ როგორ ამარტივებს მათი გამოყენება სხვადასხვა სხელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის პროცესს”, აღნიშნა ეკა გორდაძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სამართლებრივი კვლევის და ანალიზის მენეჯერმა.
2020 წელს სააგენტო გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას ბიბლიოთეკების პერსონალთან რეგიონებში. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრესრელიზი