როგორ დააჩქარა პანდემიამ საქართველოში ციფრული სერვისების შემოტანა

  • თარიღი: 07/12/20
  • გააზიარეთ:

მარტივი არ არის, ერთ დღეს თვალი გაახილო და აღმოაჩინო, რომ ყველაზე ფუნდამენტური გზა ადამიანებთან კომუნიკაციისა, შეზღუდული გაქვს. თუმცა სამყარო ბოლო ერთი წელია სხვა რეალობას მოერგო, დისტანციურ რეალობას. დღეს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როცა პირისპირ აღარც მეგობრებს ვხვდებით და არც ვმუშაობთ, რა ხდება, როცა პირდაპირი კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორისაც ფრთხილ, მოზომილ ნაბიჯებს მოითხოვს?

კრიზისი, რომელმაც ყოველდღიურობის კურსი შეცვალა, ციფრული ეპოქის განვითარების ყველაზე აქტიურ ფაზას დაემთხვა. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ სამყარო გაჩერებულიყო, მას ხელახალი სიცოცხლე შთაებერა და პატარ-პატარა ცხოვრებისეული დეტალების გადახარისხებით მივიღეთ ის რეალობა, რომლის პოტენციალის ათვისებასაც მსოფლიო ერთობლივი ძალისხმევით სწორედ ახლა ცდილობს.

რა ინიციატივები განხორციელდა პანდემიის დროს საქართველოში?

ვფიქრობ, კორონავირუსმა თავისთავად გახსნა შესაძლებლობა, უფრო აქტიურად დანერგილიყო ციფრული ტექნოლოგიები და ჩვენც ვეცდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გვეუბნება, რომ პანდემიის პერიოდში გაჩენილ ახალ გამოწვევებს ჯანდაცვის სისტემამაც ფეხი ციფრული სერვისებით აუწყო. ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციისა და გაფართოების მიზნით, რამდენიმე ინიციატივა უკვე წარმატებით დაინერგა, დანარჩენი კი განხორციელების ეტაპზეა.

ამ მცდელობებში, საქართველოს ევროკავშირი უჭერს მხარს, რომლის EU4Digital ინიციატივა ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის, ბაზრისა და ციფრული საზოგადოების ძირითადი სფეროების განვითარებას ევროკავშირის ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად. მათ შორის, ე-ჯანმრთელობის სფეროში, სადაც პროექტი მხარს უჭერს საერთო სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას ელექტრონული ჯანდაცვის სერვისებისა და მონაცემთა მენეჯმენტისთვის, ასევე, საერთო გამოწვევებზე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას.

თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

პანდემიამ და ე.წ. ლოქდაუნმა საქართველოც აიძულა, რომ ციფრული გამოსავლების შემუშავება დაეჩქარებინა, რათა ეფექტურად ემართა ჯანდაცვა, მხარი დაეჭირა ეპიდემიოლოგიური სტრატეგიებისთვის და საუკეთესოდ ეზრუნა საკუთარ მოსახლეობაზე. COVID-19-ის პირველი შემთხვევიდან დღემდე, და ალბათ, განსაკუთრებით ახლა, როცა ვირუსის სწრაფი ტემპით მატების ტენდენცია შეინიშნება, არაფერია ისეთი აუცილებელი, როგორც კორონავირუსის მონიტორინგის სისტემა. ყველაზე მნიშვნელოვანი დისტანციური სერვისების განვითარება იყოო, გვიყვება თამარ გაბუნია და ხაზს უსვამს ჯანდაცვის სისტემის მცდელობას, პირველივე დღეებიდან სასარგებლოდ დაენერგა შესაბამისი პლატფორმები.

“განვითარდა ე.წ. ონლაინ კლინიკები, რითიც პაციენტებს ვაძლევდით დისტანციურად რჩევებს. ეს ჩვეულებრივი საექიმო კონსულტაციის ექვივალენტია, ოღონდ ონლაინ რეჟიმში. იგი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდა. თავიდან 25 ონლაინ კლინიკით დავიწყეთ და დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი რაოდენობა 87-ს შეადგენს”, — აღნიშნავს გაბუნია და განმარტავს, რომ ონლაინ კლინიკების დახმარებით, ხდება, არამხოლოდ კოვიდ-დადებით პირებთან კომუნიკაცია, არამედ ასიმპტომური პაციენტების მართვაც.

პორტალი, სადაც COVID-19 მონიტორირდება, აქტიურად გამოყენებადია ჯანდაცვის სისტემისთვის. გაბუნიას თქმით, აქ აღირიცხება, არა მხოლოდ ჰოსპიტალიზირებული შემთხვევები, არამედ მათი კლინიკიდან გამოწერაც.

“ამ პორტალზე აღრიცხვები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ თვალი ვადევნოთ პაციენტების რაოდენობას. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. აქ ფიქსირდება მათი კლინიკური მდგომარეობის სიმძიმეც, აგრეთვე ის, თუ ვინ არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო ვინ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ეს, თავის მხრივ, იძლევა რესურსების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საშუალებასაც”, — აღნიშნავს იგი.

თუმცა კორონავირუსის მართვა რომ ეფექტური იყოს, მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობაზე დაკვირვება და მათი მდგომარეობის სიმძიმის შეფასება საკმარისი არ არის. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია სრული გზის მონიტორინგი, რომელსაც პაციენტი კორონავირუსთან ბრძოლისას გადის.

“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში საინფორმაციო სისტემების არსებობა. ამ კუთხით, პაციენტის გზის მონიტორინგი რომ თავიდან ბოლომდე ყოფილიყო შესაძლებელი, რამდენიმე პორტალი გაიმართა. ერთი არის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე და პაციენტის გზას აღნუსხავს. იგი იწყება მისი საზღვარზე გადმოსვლიდან, შემდეგ თვითიზოლაცია ან თუ საავადმყოფოში მოხვდა, მონიტორინგი გრძელდება იქაც”, — გვეუბნება გაბუნია.

გაბუნია ამბობს, რომ ამ პროცესების მართვა არ ყოფილა მარტივი და ხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი კარანტინისა და თვითზიოლაციის პლატფორმების არსებობაც. იგი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემას მსგავსი პროგრამები ეხმარება, განსაზღვროს თითოეული შემთხვევისთვის, რა პირობებია დასაშვები, აღრიცხოს იგი ერთიან ბაზაში და მარტივად დააკმაყოფილოს პაციენტის მოთხოვნა თვითიზოლაციაში ან კარანტინში გადასვლის.

იმის დასადგენად თუ რომელი სმარტფონები, იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სიახლოვეში გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით — დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

როგორც აღმოჩნდა ამ დროს პირი თვითიზოლაციაში გადასვლის მოთხოვნის ფორმას ავსებს და მიუთითებს მიზეზებს: რატომ ითხოვს გადასვლას, აქვს თუ არა მას შესაბამისი პირობები. გაბუნიას განმარტებით, მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაშია თვითიზოლაცია დასაშვები, აპლიკაციის განხილვის ვადა კი, საშუალოდ 5 დღეა. ამის შემდეგ პაციენტი გაიგებს, უმჯობესია მისი თვითიზოლაციაში თუ კარანტინში მოთავსება.

COVID-19-ის აპლიკაცია, რომელიც საქართველომ ჯერ კიდევ აპრილში დანერგა, ვირუსის გავრცელების შემცირების შესაძლებლობას კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით იძლევა. იგი ეხმარება ადამიანს გაიგოს, თუ იმყოფებოდა კონტაქტში ინფიცირებულ პირთან.

“ჩემ გვერდით მყოფ პირს თუ დაუდასტურდა კოვიდი და იგი აპლიკაციაში შეიყვანს თავისი დადებითი ტესტის უნიკალურ კოდს, მე ვიღებ სიგნალს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანთან ნამდვილად ვიყავი კონტაქტში. ამდენად მივმართავ შესაბამის დაწესებულებას გამოკვლევის მიზნით”, — გვიხსნის გაბუნია.

მისი თქმით, აპლიკაცია, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 400 ათასი მომხმარებელს აქვს ჩამოტვირთული, თუმცა იგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს საკმარისი არ არის და მეტი ეფექტიანობისთვის მისი უფრო ფართოდ გამოყენება უმჯობესია.

“თუ ყველას გვაქვს ეს აპლიკაცია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოავლენს კონტაქტებს, მაგრამ თუ ცოტას გვაქვს ჩამოტვირთული ეს აპლიკაცია, არ მოგვცემს აქტიური გამოვლენის საშუალებას. ახლა არის გარკვეული რაოდენობა გამოვლენილი ამ მხრივ და კონტაქტებმა მიმართეს დაწესებულებებს, რის შემდეგაც მათ დაუდასტურდათ კიდეც ვირუსი. მაგრამ რომ გითხრათ, ეს ყველაზე ფართოდ გამოყენებადია-მეთქი, ნამდვილად არ არის. თუმცა მას ბევრი ქვეყანა ძალიან წარმატებით იყენებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ საინფორმაციო კამპანიით ხელი შევუწყოთ ამ აპლიკაციის გავრცელებას, რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანია, იგი ყველას გვქონდეს. მილიონ ადამიანს მაინც რომ ჰქონდეს ეს აპლიკაცია, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა შემთხვევების იდენტიფიცირება”, — გვითხრა გაბუნიამ.

პანდემიის პერიოდში ამოქმედდა სპეციალური სამთავრობო ცხელი ხაზი — 144, რომელსაც პირველივე დღიდან დიდი გამოხმაუება ჰქონდა და სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. მისი მეშვეობით მოქალაქეები კორონავირუსის, ასევე, დაწესებულ შეზღუდვების შესახებ სრულ ინფორმაციას იღებენ.

“ამ დროს პაციენტს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიგოს, როგორ უნდა მოიქცეს, ვის მიმართოს, ჰოსპიტალში გადავიდეს თუ ბინაზე დარჩეს. ამდენად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ პირველადი ჯანდაცვის ონლაინ კლინიკების გამართვა. ამაში შედიოდა თავიდან 112-თან, ახლა კი ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებული ცხელი ხაზი. ასევე არის სამინისტროს ცხელი ხაზი — 1505 და 11 522-ის ცხელი ხაზი, რომელიც უშუალოდ ვირუსის მართვის პროცესში ჩართული პირებითაა დაკომპლექტებული. აქ პაციენტს ეხმარებიან იმაში, რომ გაარკვიონ ტესტირებისთვის სად მივიდნენ, თუ რაიმე პრობლემა აქვს გადაიჭრას ის. ასევე, ეს არის ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომელიც მონიტორინგს უწევს პერიფერიულ ონლაინ კლინიკებს იმისთვის, რომ ზარი არ დარჩეს უპასუხოდ”, — გვეუბნება იგი.

გარდა ამისა, როგორც თამარ გაბუნია გვეუბნება, პანდემიის პერიოდში საქართველოში ცენტრალიზებული ლაბორატორიის ქსელიც დაინერგა, რაც მისი განმარტებით, ჯანდაცვის სექტორს კორონავირუსის სტატისტიკის წარმოებაში ეხმარება.

“ეს არის ელექტრონული მოდული, რომელიც შემუშავებულია ლუგარის ლაბორატორიის მიერ და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კერძოდ, მინისტრის ბრძანება ავალდებულებს დაწესებულებებს, რომ ტესტის პასუხი, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, აუცილებლად უნდა ატვირთონ სამი საათის განმავლობაში. ეს გვეხმარება სტატისტიკის ზუსტ აღრიცხვაში. ამას აკეთებს ყველა ლაბორატორია, იქნება ეს კერძო, თუ სახელმწიფო. ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ანალიზი გავაკეთოთ შემთხვევების ტეტსირების თარიღის მიხედვით, ნაცხის აღების თარიღის მიხედვით და სხვა”, — აღნიშნა მან.

რისი დანერგვა იგეგმება სამომავლოდ?

რას იტყოდით, თქვენთვის, რომ შემოეთავაზებინათ — გრძელი, დამღლელი რიგების ნაცვლად, სახლში კომფორტულად მიიღებთ სამედიცინო მომსახურებასო? ალბათ, ცოტა რთულად დასაჯერებელი იქნებოდა, უკვე რომ არ არსებობდეს მსგავსი პრაქტიკა ტელემედიცინის სახით. მართალია სრულად ამ მომსახურების დანერგვა ევროკავშირის დახმარებით საქართველოში სამომავლოდ იგეგმება, მაგრამ, როგორც თამარ გაბუნია გვეუბნება, ონლაინ კონსულტაცია ექიმსა და პაციენტს შორის უკვე შესაძლებელია.

“პირველად ჯანდაცვაში სოფლის ექიმებს კომპიუტერები უკვე გადაეცათ. მათ შეუძლიათ ეს კავშირები განახორციელონ რაიონული დონის კლინიკებთან. ასევე, პაციენტს თუ აქვს იმის საშუალება, რომ ბინიდან ჩაერთოს და დაუკავშირდეს ექიმს ნებისმიერი პლატფორმით, ესეც უკვე შესაძლებელია”, — გვითხრა გაბუნიამ.

თუმცა საქართველოში ეს მოდელი ფეხს საბოლოოდ მომავალი წლის გაზაფხულზე მოიკიდებს. კერძოდ, მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგევრდზე განმარტებულია თუ კონკრეტულად რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი ტელემედიცინით — “ტელემედიცინის მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა გაზომოს ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. არსებობს როგორც დიდი ზომის ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც საკმაოდ მძლავრი ფუნქციები აქვთ და შეუძლიათ გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება. ასევე ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება. ციფრული სტეტოსკოპის აპარატით შესაძლებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება. კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება”.

მინისტრის მოადგილე გვეუბნება იმასაც, რომ ევროკავშირის დახმარებით, ტელემედიცინის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკას საქართველო 50 ამბულატორიისთვის შეიძენს.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოდელი იქნება პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული და ოჯახის ექიმს მიეცემა საშუალება დაუკავშირდეს ცენტრში უფრო მეტად გამოცდილ და სპეციალიზებულ დაწესებულებას. მიიღოს დამატებითი რჩევა პაციენტის და მისი მდგომამრეობის შესახებ”, — აღნიშნავს იგი.

ევროკავშირის მხარდაჭერა ტელემედიცინის აღჭურვილობის მიწოდების გზით არამარტო გააძლიერებს ამ სფეროს ტექნიკურ შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს ტელემედიცინის მომსახურებაზე სამართლიან ხელმისაწვდომობას და გაზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას ტელემედიცინის საშუალებით გადაჭრილი პრობლემების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ვიცით, რომ პირველად ჯანდაცვაში ტელემედიცინის დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების საშუალებას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად, 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს.

მსგავსი სიახლეების შემოტანის პარალელურად, იზრდება ინფორმაციის მოცულობაც. ხშირად საზოგადოებას უჭირს ფეხი აუწყოს მას, ამიტომ, მისი თქმით, ამ პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულებაც თანაბრად მნიშვნელოვანია.

“ერთია ინფორმირებულობის ხარისხი, მეორეა მოლოდინი და ნდობა ამ დისტანციური კომუნიკაციისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტს ურჩევნია და ბევრად უფრო საიმედოდ გრძნობს თავს თუ აქვს ექიმთან პირდაპირი კომუნიკაცია. იგივე შემიძლია ვთქვა ექიმზე. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არის გამოწვევაც, მაგრამ ამავე დროს, არის შესაძლებლობაც”, — გვეუბნება თამარ გაბუნია.

მისი თქმით, სწორედ ციფრული ტექნოლოგიები გვეხმარება მსგავსი ბარიერების გადალახვაში. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და პარალელურად, საზოგადოების დამოკიდებულებაც გასათვალისწინებელია. როგორც გაბუნია ამბობს, მთავარია მოქალაქეებმა ისწავლონ ტექნოლოგიებზე მინდობა და ციფრული სერვისების გამოყენებაც გაიზრდება.

რატომ არის ციფრული სერვისების დანერგვა მნიშვნელოვანი

ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენი სამყაროს გარდაქმნის პერიოდში ეკონომიკის გაციფრულებამ რეალური სარგებლობა უნდა მოუტანოს როგორც მოქალაქეებს, ბიზნესს, ასევე თვით სახელმწიფოს. სერვისებსა და ეკონომიკის გაციფრულების აქტუალობა და მნიშვნელობა კარგად დაგვანახა პანდემიით გამოწვეულმა დღევანდელმა სიტუაციამ მთელს მსოფლიოში

ნინო ესაკია

ევროკავშირის EU4Digital ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ ჩვენი მეორე რესპონდენტი, ნინო ესაკიაც გვესაუბრა. როგორც ის განმარტავს, ციფრული სფეროს პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თვით ევროკავშირშიც.

ნინო ესაკია, პროგრამის EU4Digital ქვეყნის კოორდინატორი

“ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენი სამყაროს გარდაქმნის პერიოდში ეკონომიკის გაციფრულებამ რეალური სარგებლობა უნდა მოუტანოს როგორც მოქალაქეებს, ბიზნესს, ასევე თვით სახელმწიფოს. სერვისებსა და ეკონომიკის გაციფრულების აქტუალობა და მნიშვნელობა კარგად დაგვანახა პანდემიით გამოწვეულმა დღევანდელმა სიტუაციამ მთელს მსოფლიოში”, — ამბობს ესაკია.

მისი თქმით, ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის განვითარება, ევროკომისიის 10 პოლიტიკური პრიორიტეტიდან ერთ-ერთია და სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:

  • ხელმისაწვდომობას — მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ციფრული საქონლისა და მომსახურების უკეთეს ხელმისაწვდომობას ევროპის მასშტაბით;
  • გარემოს — ერთნაირი პირობების უზრუნველყოფას ციფრული ქსელებისა და ინოვაციური სერვისების სწრაფი განვითარების მიზნით;
  • ეკონომიკასა და საზოგადოებას — ციფრული ეკონომიკის ზრდის პოტენციალის მაქსიმუმამდე გაზრდას.

თუმცა ამ ინიციატივების მიზანს, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, უსარგებლო სარეგულაციო ბარიერების მოშლა და ცალკეული ეროვნული ბაზრებიდან ევროკავშირის მასშტაბის საერთო წესებზე გადასვლაც წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს ეხმარება ონლაინ სერვისის მომსახურების გაუმჯობესებას უფრო დაბალ ფასად და უფრო დიდი არჩევანით.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ ციფრული ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებაზე მოთხოვნა გაზარდა. მან კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა იმას, რომ სწრაფად დანერგილიყო მიზნობრივი და პრაქტიკული ხასიათის აპლიკაციები. დღეს კი, ჯანდაცვის სისტემის “გაციფრულების” დაჩქარებით, უფრო მარტივი გახდა ყველა არსებული გამოწვევისა თუ ბარიერის გადალახვა და ამ სერვისების ისე დანერგვა, რომ მათი გამოყენება მომავალშიც ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს.

EU4Digital-ის პროგრამის ფარგლებში ე-ჯანმრთელობის მიზანია პაციენტის ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა სწორ დროს და სწორ ადგილას. ამასთან, ჯანდაცვის სამსახურების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა ჯანდაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. იგი აწესებს ჯანდაცვის მომსახურების გაწევის ახალ გზებს, ამარტივებს თანამშრომლობას ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულებას შორის და იძლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების საშუალებას პაციენტებთან ურთიერთობის ახალი ფორმების ამოქმედებით.

გაიგეთ მეტი პროგრამის EU4Digital შესახებ ვებსაიტზე: eufordigital.eu


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა