2021 წლის 24 თებერვალს პროგრამა EU4Digital აწყობს სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ე-მიწოდების საპილოტე პროექტის დასკვნითი აქტივობების ფარგლებში.
ეს ვირტუალური ღონისძიება აღნიშნავს ე-მიწოდების საპილოტე პროექტების წარმატებით დასრულებას სომხეთს და უკრაინას (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები), და უკრაინას და პოლონეთს (აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევროკავშირი) შორის. შეხვედრას რამდენიმე მიზანი აქვს:
- ე-მიწოდების პროექტის დასკვნების პრეზენტაცია;
- საპილოტე ქვეყნების გამოხმაურების გაზიარება და მათი სამომავლო გეგმების გაცნობა ე-მიწოდების დანერგვასთან დაკავშირებით;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ე-მიწოდების დანერგვის რეკომენდაციების გაცნობა;
- სამომავლო შესაძლებლობების პრაქტიკული გამოცდის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ე-მიწოდების მეთოდის უფრო ფართოდ დანერგვის განხილვა.
ღონისძიების მიზანია 40-ზე მეტი მონაწილის შეკრება, რომელთა შორის იქნებიან: პროგრამის EU4digital ექსპერტთა გუნდი, ე-ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან, და ე-მიწოდების საპილოტე პროექტის დამკვირვებლები.
საპილოტე საქმიანობის წარმატებით განხორციელება ნიშნავს გარდამავალ საფეხურს როგორ ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რადგან მეთოდის პილოტირებამ სახელმწიფოთა შორის მონაცემთა გაცვლის მრავალი უპირატესობა გამოააშკარავა. ეს უპირატესობები ასევე აღნიშნეს და მათ მაღალი შეფასება მისცეს საპილოტე ქვეყნებმა – სომხეთმა და უკრაინამ. დადგენილი იქნა, რომ ქაღალდის ანგარიშ-ფაქტურების გაცვლას პარტნიორ სახელმწიფოებს შორის შესაძლოა 10 დღე დასჭირდეს, მაშინ, როდესაც ე-მიწოდების საშუალებით ეს პროცესი წამებში ხორციელდება. ამის შედეგია უფრო ეფექტიანი კომუნიკაცია სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელ ბიზნეს-პარტნიორებს შორის, ასევე დროის და ადამიანური შრომითი რესურსების ეკონომია.
საპილოტე პროექტის შეზღუდული მასშტაბის მიუხედავად (პროექტის ფარგლებში მოხდა მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურების მონაცემთა გაცვლა საპილოტე ქვეყნებს შორის), ამ საქმიანობას უფრო ფართო მიზნები აქვს, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის მომზადება ე-მიწოდების მეთოდის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის და მისი საწარმოოო მასშტაბით დანერგვა მომავალში. ამ მიზნით პროგრამის EU4Digital გუნდმა დაასრულა საპილოტე აქტივობა და მოამზადა სტრატეგიული სახელმძღვანელო/სარეკომენდაციო ანგარიში. ამ ანგარიშში მოცემულია ეტაპობრივი სახელმძღვანელო მითითებები დეტალური აღწერით, წინაპირობები და თითოეული აქტივობის სავარაუდო გრაფიკი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საპილოტე პროექტში, მაგრამ ე-მიწოდების დანერგვას აპირებენ. გარდა ამისა, ამ ანგარიშში მოცემულია შერჩეულ საპილოტე ქვეყნებში ე-მიწოდების მეთოდის შემდგომი დანერგვის კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ემყარება ანალიზს ამ ქვეყნების სპეციფიკის გათვალისწინებით და საპილოტე საქმიანობიდან მიღებულ გამოცდილებას. დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების და რეკომენდაციების შესახებ გამოქვეყნდება ახლო მომავალში. იყავით საქმის კურსში!