11 ოქტომბერს ინიციატივამ EU4Digital მოაწყო ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელთა ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ალიანსში (DIGITAL SME) გაერთიანების მხარდასაჭერად, და თანამშრომლობის დასაწყებად აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ICT ასოციაციებს და DIGITAL SME ქსელს შორის.
ამ სესიაზე განსახილველი ძირითადი საკითხი იყო ციფრული/ICT მცირე და საშუალო საწარმოების გამაერთიანებელი და მხარდამჭერი ორგანიზაციების საჭიროებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შეხვედრაზე გაიმართა საუბარი ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ალიანსთან – ეს არის ICT მცირე და საშუალო საწარმოების უდიდესი ქსელი ევროპაში, რომელიც წარმოდგენილი იყო ინიციატივის EU4Digital მიერ ორგანიზებულ ქსელურ ღონისძიებაზე „ექსპერტული საზოგადოებების ჩამოყალიბების მხარდაჭერა და მათი ჩართულობის გაუმჯობესება პოლიტიკის დიზაინსა და დანერგვაში“.
ღონისძიებას დაესწრო 20-მდე მონაწილე და ICT მცირე და საშუალო საწარმოების 15 ასოციაცია და მხარდამჭერი ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს გზამკვლევი ალიანსის DIGITAL SME მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებით სარგებლობისთვის; მათ ასევე ჩაუტარდათ კონსულტაცია კონკრეტულ სერვისებზე ციფრული ბიზნეს-ასოციაციებისთვის.
ღონისძიება გახსნა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელის მოადგილემ რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენემ, ხოლო ყველა დისკუსიის ფასილიტატორი იყო პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ანა პობოლი ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად.
ღონისძიების პირველმა სპიკერმა, ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის გენერალურმა მდივანმა სებასტიანო ტოფალეტიმ მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მიზნები, კერძოდ, ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ საკითხად დასახვა. მან ასევე ისაუბრა საერთო გამოწვევებზე, რომელთა დაძლევაზე მუშაობენ სპეციალური და ექსპერტთა ჯგუფები შემდეგ სფეროებში: სტანდარტიზაცია, ციფრული უნარების განვითარება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
შემდეგ ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის სტრატეგიის და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა მორიც ციმერმანმა განმარტა, თუ რა სარგებელს იღებს კონკრეტული მცირე ან საშუალო საწარმო ციფრულ ნოვატორთა კლუბის ინიციატივაში მონაწილეობიდან; ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ალიანსის პროექტების დირექტორმა იუსტინა ბიელიაუსკაიტემ განიხილა ციფრული უნარების გაუმჯობესების პლატფორმა, ციფრული უნარების და დასაქმების ევროპული პლატფორმა და ფედერაცია EUHubs4Data, როგორც ეკოსისტემის მშენებლობის ევროპული მასშტაბის პროექტების მაგალითები.
ღონისძიების ბოლო ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს საკუთარი კონკრეტული საჭიროებები და გამოწვევები, ასევე მათი გადაჭრის გზები ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების საშუალებით. ხაზი გაესვა ასევე იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის აქვს სხვადასხვა ქვეყნის ციფრულ მცირე და საშუალო საწარმოებს შორის ბიზნეს-კონტაქტების დამყარებას და ევროკავშირის მოქმედ ინიციატივებთან დაკავშირებას ციფრული ბაზრების განვითარების მიზნით. გარდა ამისა, კლუჟის (რუმინეთი) საინფორმაციო ტექნოლოგიების კლასტერის აღმასრულებელმა დირექტორმა და DIGITAL SME ალიანსის ციფრული ტრანსფორმაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანდრეი კელემენმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ დააარსეს პატარა ქვეყნებმა ბალკანეთის, შავი ზღვის და ბალტიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კლასტერების ქსელი, (3B ICT Network) და მოიპოვეს ალიანსის DIGITAL SME კოლექტიური წევრობა. ეს მათ ეხმარება წევრი ორგანიზაციების პოტენციალის ზრდასა და ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილეებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის ანალოგიური მოდელი შესაძლოა სასარგებლო იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ასოციაციებისთვის, მათი ინსტიტუციური პოტენციალის შექმნის და ციფრული ბაზრების განვითარების მხარდასაჭერად.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა გამოხატეს დაინტერესება მომავალშიც იმუშაონ კავშირების დამყარებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ციფრულ ბიზნეს-ასოციაციებს შორის, ხოლო DIGITAL SME ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მზად არიან შეასრულონ პლატფორმის როლი მომავალი კავშირების განვითარებისთვის.