შეხვედრა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახილველად საქართველოში

  • თარიღი: 02/12/19
  • გააზიარეთ:

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (DEA) მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 27 ნოემბერს საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (DEA) და ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ჩატარდა დონორების საკოორდინაციო შეხვედრა კიბერუსაფრთხოების მე-3 ეროვნული სტრატეგიის განსახილველად.

სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ამჟამად ფინალურ სტადიაშია და ეს დოკუმენტები შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა შესაბამისი მონაწილე მხარის, კერძოდ, საჯარო და კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების მე-3 ეროვნული სტრატეგია მოიცავს 2020-2022 წლების პერიოდს. სტრატეგიის შემუშავება დაიწყო გასულ წელს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ; შემუშავებას კვლევითი და შეფასების ვიზიტებით მხარს უჭერდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების გლობალური ცენტრი (GCSCC). ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კვლევითი ცენტრია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და უკვე შეფასებული აქვს არაერთი ქვეყნის კიბერუსაფრთხოების განვითარების დონე.

ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად გაანალიზდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ძლიერი და სუსტი მხარეები, არსებული საფრთხეები, დაისახა საფრთხეებისა და ხარვეზების გამოკვლევის გზები და შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები.

„კიბერუსაფრთხოების მე-3 ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი იმ გამოწვევებზეა დაფუძნებული, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა“, აღნიშნა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ გაგნიძემ. „კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად საჭირო მიდგომები ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ საჭიროა, რომ არ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს და გვქონდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე სიტუაციას ესადაგება“.

„სტრატეგიის შემუშავების პროცესში გავითვალისწინეთ კერძო და საჯარო უწყებების ინტერესები, ასევე უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები და საუკეთესო გამოცდილება“, აღნიშნა ასევე გაგნიძემ.

DEA Facebook post

ახალი ამბები

იხილეთ ყველა