განსხვავებული ტერმინოლოგია, ცვალებადი ტექნოლოგიები და მკაფიო მიმართულების არარსებობა პოლიტიკურ საკითხში, ე-ჯანმრთელობის გაზრდილ მხარდაჭერას კვლევის და საგანმანათლებლო ქსელის ორგანიზაციების მხრიდან ერთგვარ მოძრავ სამიზნედ აქცევს. მიუხედავად ამისა, ამ სამიზნისკენ მისწრაფება უმნიშვნელოვანესია, და ეს მიღწევადია საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით, – აღნიშნეს
„ე-ჯანმრთელობის საბაზო შეხვედრის“ მონაწილეებმა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევისა და განათლების მონაცემთა პანევროპული ქსელის (GÉANT) და EaPConnect პროექტების ფარგლებში იყო ორგანიზებული. 2021 წლის 27 იანვრის ღონისძიებაში განხილული იქნა საერთო ინტერესები და გამოწვევები, და გაშუქდა სხვადასხვა ქვეყნების ინიციატივები.
შეხვედრას დაესწრო 70-ზე მეტი მონაწილე მთელი მსოფლიოს კვლევის და განათლების ეროვნული ქსელებიდან (NREN) და სხვა ორგანიზაციებიდან. მონაწილეთა გამოხმაურებებმა გამოააშკარავა უდიდესი ინტერესი ამ დისკუსიების და თანამშრომლობის გაგრძელების მიმართ, კერძოდ, ამ თემაზე შემდგომი ღონისძიების ჩატარების, ან საზოგადოებების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საშუალებით.
ტელემედიცინა
სიტყვით გამომსვლელებმა ბრაზილიიდან და იაპონიიდან წარმოადგინეს ტელემედიცინის წარმატებული პროგრამები, რომლებიც მოიცავს მთელ რიგ სამედიცინო სფეროებს და ემყარება სხვადასხვა ტექნოლოგიებს და სერვისებს, ასევე თანამშრომლობას მედიცინის და ქსელური აქტივობის ექსპერტებს შორის. კიუსიუს უნივერსიტეტის პროფესორმა შუჯი შიმიზუმ გაიხსენა, თუ როგორ გაუმჯობესდა მაღალი ხარისხის ვიდეოკავშირი ბრაზილიასთან და რუსეთთან მაშინვე, როგორც კი ფეხბურთის მატჩები მსოფლიოს თასზე ამ ქვეყნებში დაიგეგმა. მან აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ გამოიწვია კიდევ ერთი გაუმჯობესება ტელემედიცინაში იმგვარი პროგრამების აღიარების და გამოყენებით ზრდით, როგორიცაა Zoom.
სტრატეგია და უსაფრთხოება
რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, სადაც ხორციელდება პროექტი EaPConnect, ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების გაერთიანებული ინსტიტუტმა (UIIP NASB) და მოლდოვის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაციამ წარმოადგინეს გაუმჯობესებები, რომლებიც ხელს უწყობს სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდებზე წვდომას და მათ ანალიზს, და საბოლოოდ – მონაცემთა უსაფრთხოების და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას. კვლევის და განათლების ეროვნული ქსელების (NREN) ე-ჯანმრთელობის საქმიანობის მიმოხილვამ ავსტრალიაში, დანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, მოიცვა წარმატების მრავალი მაგალითი და ფაქტორი, მაგალითად: როგორ უნდა იქნას გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სამედიცინო კვლევითი ინფრასტრუქტურები ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) სტრატეგიაში, როგორ უწყობს ხელს მოთხოვნებს ახალი მიმართულებების, მაგ. „პერსონიზირებული მედიცინის“ გავლენა, და ბალანსის მნიშვნელობა სამედიცინო მონაცემებთან/სისტემებთან წვდომის უსაფრთხოებასა და სათანადო სამედიცინო მომსახურებას შორის.
გამოწვევები
ამასთანავე, მნიშვნელოვანი საკითხია პაციენტთა მონაცემების და სამედიცინო კვლევებში, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გამოყენებული სისტემების უსაფრთხოება. მონაწილეებმა ის შეაფასეს, როგორც ე-ჯანმრთელობის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი სფერო ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებისთვის (NREN). თუმცა, გამოვლინდა ასევე პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები – მომავალი თანამშრომლობის სფერო როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების უკეთ გააზრების, ისე მათზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებისთვის (NREN) მედიცინის მუშაკებთან კავშირის დამყარებაში ძირითადი გამოწვევაა ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების, მოთხოვნებისა და მიზნების ერთნაირად გაგებას.
მომდევნო ნაბიჯები
საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ჯგუფში დისკუსიების და ონლაინ ინტერაქტიული ინსტრუმენტის საშუალებით. ორგანიზატორები გაითვალისწინებენ აღნიშნულს ღონისძიების განხილვის და მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვის პროცესში.
დამატებითი ინფორმაცია
პროექტს EaPConnect აფინანსებს ევროკავშირი ინიციატივის EU4Digital ფარგლებში. პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითადი სფეროების განვითარებას ევროკავშირის ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად. ე-ჯანმრთელობა არის პროგრამის EU4Digital ძირითადი თემატური სფერო.
პროექტის GÉANT (მონაცემთა პანევროპული ქსელი კვლევისა და განათლებისთვის) (GN4-3) ფარგლებში, ე-ჯანმრთელობის სემინარის მხარდაჭერა განახორციელეს პარტნიორული ურთიერთობათა და კვლევაში მონაწილეობის გუნდებმა.
„ე-ჯანმრთელობის საბაზო შეხვედრის“ გეგმა, სლაიდები და სხვა მასალები შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ.