საქართველოში ციფრული ჯანმრთელობის ახალი პროექტი დაიწყო

  • თარიღი: 23/09/21
  • გააზიარეთ:

ევროკავშირმა (EU) და გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS)) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (MoIDPLHSA) ერთად ციფრული ჯანმრთელობის სფეროში ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით.“

ევროკავშირის და გაეროს ახალი ინიციატივის ფარგლებში, COVID-19-ის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის მიზნით სოფლად 200 დაწესებულება ძირითადი აპარატურით, ხოლო  დამატებით 50 დაწესებულება – ტელემედიცინის აპარატურით აღიჭურვება. ამავე დროს, ახალი აპარატურა უზრუნველყოფს შეუფერხებელ და ფართო წვდომას სამედიცინო სერვისებზე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, და ბავშვებისათვის რუტინული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას. 

ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის მუშაკების პოტენციალის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადამზადების დისტანციურ კურსებში. 

„ტელემედიცინის დანერგვა რეგიონების პირველადი ჯანდაცვის კლინიკებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ სისტემას და დადებითად აისახება როგორც მოსახლეობაზე, ისე ექიმებზე“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19-ზე დაუყოვნებელი რეაგირების გარდა, პროექტი მყარ და მდგრად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტელემედიცინის განვითარებას, ხელს შეუწყობს რა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და კლინიკური გაიდლაინების ჩამოყალიბებას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო კურსების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობის მიერ ტელემედიცინის სერვისების გამოყენებას“, – განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

ინიციატივას „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით“ აფინანსებს ევროკავშირი, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ინსტრუმენტების პოტენციალის გამოყენებას ტელე-ჯანმრთელობის სერვისების, და ზოგადად ჯანმრთელობის განვითარებისთვის საქართველოში. 

დამატებითი ინფორმაცია

ახალი ამბები

იხილეთ ყველა