30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) მე-11 რეგულარულ შეხვედრაზე დუბროვნიკში, როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფმა (REWG) დაასრულა როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) ტექსტი და განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგის კვლევის მომზადებაში წინ გადადგმული ნაბიჯები.
შეხვედრაზე შეიკრიბა 40 ექსპერტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან (ირლანდია, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი), ასევე ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის, ევროპის ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელთა ჯგუფის (EMERG), რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს (RCC), ევროკომისიის და პროგრამის EU4Digital გუნდის წარმომადგენლები.
როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ექსპერტებმა განიხილეს და შეათანხმეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის როუმინგის რეგიონული შეთანხმების საბოლოო ტექსტი 2021 წლის 23 სექტემბერს ჩატარებული როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) და სპექტრის რეგიონული შეთანხმების (RSA) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დისკუსიების საფუძველზე. როუმინგის რეგიონული შეთანხმების საბოლოო ვერსიას დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდებენ იმისათვის, რომ დასრულდეს ეროვნული კონსულტაციები და შეთანხმება მომზადდეს ხელმოწერისთვის, რაც 2021 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
შეხვედრის დროს წარმოდგენილი და განხილული კიდევ ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხი იყო წინ გადადგმული ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგის კვლევაში. კვლევა შეისწავლის ერთიანი საერთაშორისო როუმინგულის სივრცის შესაძლებლობას, მათ შორის როუმინგის ტარიფების ეკონომიკურად დასაბუთებულ შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იქნა კიდევ რამდენიმე დამატებითი საკითხი. როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი სარგებლობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ბოლოდროინდელი გამოცდილებით როუმინგის რეგიონული შეთანხმების მსგავსი პროექტების განხორციელებაში. შეხვედრის დროს ამ სფეროს განვითარების ბოლოდროინდელი პროცესები და გამოწვევები წარმოადგინეს ექსპერტებმა რეგიონული თანამშრომლობის საბჭოდან, რომელთანაც როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად თანამშრომლობდა მრავალი წლის განმავლობაში. ექსპერტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ როუმინგის ბაზრებზე COVID-19-ის პანდემიის გავლენა შემდეგი ქვეყნების მაგალითებზე: შვედეთი, პოლონეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს და შეათანხმეს როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის სტრატეგიულ და საოპერაციო საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა 2021-2022 წლებისთვის.