სილიკონის ველის აქსელერატორი იწყებს სწრაფი ზრდის პროგრამას ქართველი სტარტაპერი ქალებისთვის

  • თარიღი: 26/11/20
  • გააზიარეთ:

აშშ-ს ბაზრის ხელმისაწვდომობის ცენტრი (USMAC), სილიკონის ველის უდიდესი აქსელერატორი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით, იწყებს პირველ სწრაფი ზრდის პროგრამას იმ სტარტაპებისთვის საქართველოში, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.

„ჩვენ შევნიშნეთ საქართველოს ტექნიკური ეკოსისტემის ზრდა, და მოხარულები ვართ დავიწყოთ ეს კომპლექსური პროგრამა ქალების მიერ მართული სტარტაპების მხარდასაჭერად, რომელიც ემყარება გასული წლის საპილოტე პროგრამის წარმატებას პალო-ალტოში – სადაც პროგრამის მონაწილეთა 40%-მა განახორციელა 100 მილიონი აშშ დოლარზე მეტი კაპიტალის მობილიზება სილიკონის ველიდან და საერთაშორისო ინვესტორებისგან“, აღნიშნა აშშ-ს ბაზრის ხელმისაწვდომობის ცენტრის (USMAC) აღმასრულებელმა თანადირექტორმა ალფრედო კოპოლამ.

ინიციატივა „ქართველი ქალები ტექნიკურ სფეროში“ (GWIT) ექვსთვიანი ონლაინ პროგრამაა, რომლის მიზანია საქართველოს და სილიკონის ველის დაკავშირება, და დამწყები მეწარმე ქალების დახმარება საქართველოში მათი საერთაშორისო წარმატების შანსების მნიშვნელოვნად გასაზრდელად. პროგრამის ფარგლებში სტარტაპები, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, გაივლიან ინტენსიურ ბიზნეს-ტრენინგს, და მიიღებენ მხარდაჭერას და რეკომენდაციებს მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ტექნიკური ეკოსისტემის – სილიკონის ველის გავლენიანი ლიდერებისგან, დარგის ექსპერტებისა და ინვესტორებისგან.

ძირითადი პარტნიორი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში, მხარს დაუჭერს ქალების მიერ მართულ ხუთ სტარტაპს საქართველოდან. დამატებით კიდევ ერთი სტარტაპი მიიღებს მხარდაჭერას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტიდან „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ხოლო მეორე – ბიზნესის და ტექნოლოგიის (BTU) უნივერსიტეტის დაფინანსებით. ქალთა სტარტაპების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს 1 დეკემბრამდე. შერჩეული აპლიკანტები პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგს თებერვალში დაიწყებენ. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.georgianwomenintech.com/apply

ახალი ამბები

იხილეთ ყველა