დარჩით სახლში, წამლებს ჩვენ მოგიტანთ — ციფრული ინიციატივა პენსიონერებს რთული პერიოდის გადატანაში ეხმარება

  • თარიღი: 08/12/20
  • გააზიარეთ:

კორონავირუსმა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. მოგვიწია, სოციალური კავშირები ან შეგვეზღუდა, ან მათთვის ფორმა შეგვეცვალა, თუმცა პანდემიის პირდაპირი თუ ირიბი ეფექტები ყველაზე მწვავედ ჩვენი საზოგადოების ერთმა ჯგუფმა აღიქვა — ხანშიშესულებმა. კორონავირუსის გამწვავების პარალელურად ისინი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში, ღელავენ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობაზე და გაურკვევლობაზე, რომლის დასრულების თარიღიც არავინ იცის.

2020 წლის მარტში საქართველოში სამთვიანი “ლოქდაუნი” გამოცხადდა. თითქმის ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულება დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და საღამოს საათებიდან დილის საათებამდე გადაადგილება აიკრძალა. მსგავსი რამ საქართველოს უახლოეს წარსულში არ გამოუვლია. ცვლილებები მტკივნეული აღმოჩნდა, თუმცა, რადგან შეზღუდვების საჭიროებაც ცხადი იყო, ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები ქვეყნის უდიდესმა ნაწილმა მიიღო და გაითავისა.

კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში შემოდგომაზე დაიწყო. შემთხვევების ზრდის ტენდენციის საპასუხოდ, 26 ნოემბერს თავიდან დაწესდა შეზღუდვები და სხვა მრავალ საქმიანობასთან ერთად, საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც აიკრძალა.

პენსიონერები, რომელთა ჯანმრთელობასაც COVID-19 ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუკი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გარეთ გასვლის საჭიროება ონლაინ შოპინგით ჩაანაცვლა, მათთვის ეს არჩევანი ფაქტობრივად არ არსებობდა. ეს ჯგუფი ყველაზე ხშირად სარგებლობს ჯანდაცვის სფეროს მომსახურებით და კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობს აფთიაქს მედიკამენტების შესაძენად.

ხანშიშესული ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოკლე დროში შექმნა რისკ-ჯგუფებისთვის წამლის ფოსტით ბინაზე მიწოდების სერვისი, რომელმაც მედიკამენტის გზა აფთიაქიდან მომხმარებლამდე სრულად შეცვალა.

წამლის მიწოდების სერვისი ახლახან შექმნილი ელექტრონული რეცეპტის პლატფორმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფოსტის მომსახურებასთან არის ინტეგრირებული. ე-რეცეპტები არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთელ ქვეყანას ფარავს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შედეგიანია, როცა საუბარია რამდენიმე თვის მარაგზე, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების წამლებზე.

ელექტრონული რეცეპტის პლატფორმა კი ერთ-ერთია იმ სივრციდან, რომელსაც ევროკავშირი EU4Digital რეგიონული ინიციატივის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2019 წლიდან ავითარებს. ივნისში საქართველოს ელექტრონული რეცეპტის პროგრამა EU4Digital-ის ელექტრონული ჯანმრთელობის ქსელის ფარგლებში ვირტუალურ შეხვედრაზე წარადგინეს. აქ მიმოხილული იყო კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები, დაავადებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაზიარების პროცესი და ასევე, პანდემიის მართვის საუკეთესო პრაქტიკა.

Eu4Digital ინიციატივა ევროკავშირის ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად ციფრული ეკონომიკის, ბაზრისა და ციფრული საზოგადოების ძირითადი სფეროების განვითარებას ემსახურება. EU4Digital-ის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს ელექტრონული ჯანმრთელობის სერვისების შექმნასაც, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. ელექტრონული ჯანმრთელობის სისტემა პროგრამის ექვსი მათავარი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია და ჯანმრთელობის ელექტრონული სერვისების, მონაცემების მართვისა და რეგიონული თანამშრომლობის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვას ემსახურება.

მიხეილ ჯანიაშვილი

ესაა სფერო, რომელშიც საქართველო მოწინავე ადგილებს იკავებს რეგიონის მასშტაბით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს IT დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჯანიაშვილი აღნიშნავს, საქართველომ პირველმა დანერგა ჯანდაცვის სფეროში პაციენტის ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ისტორია და ელექტრონული რეცეპტი, რის შედეგადაც კრიტიკულ პერიოდში ამ სერვისის შექმნა და მიწოდება აღარ გართულებულა. ჯანიაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე არსებობს სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა, რომელიც მარტივად იძლევა საშუალებას, სხვადასხვა სერვისი ჩაირთოს, გამოირთოს ან გაუმჯობესდეს.

„გვქონდა საშუალება, რომ ექიმის მიერ ელექტრონულად გამოწერილი ქრონიკული დაავადებების რეცეპტი დაგვეკავშირებინა ფოსტის მიტანის სერვისთან. ჩვენ მონაცემთა ბაზაში გვქონდა ამ წამლების მიმღები ბენეფიციარების სია. ეს სია მიეწოდა ფოსტას და თავის მხრივ, ფოსტა ბინაზე ურიგებდა ბენეფიციარებს წამალს. ექიმი მონიშნავდა შესაბამის ველში, რომ ეს არის ამ კონკრეტული კატეგორიის ბენეფიციარი, რომელსაც წამლის ადგილზე მიტანა სჭირდება. დანარჩენს ტექნიკურად ფოსტის სერვისი აკეთებდა. ამან წარმატებით იმუშავა კარანტინის დროს და ახლაც წარმატებით მუშაობს“.

მიხეილ ჯანიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

როგორც მიხეილ ჯანიაშვილი აცხადებს, სერვისის იდეა კონკრეტულად საქართველოს საჭიროებებიდან გაჩნდა: “უბრალოდ ვიმსჯელეთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა მოკლე დროში და რის ეფექტს იგრძნობდნენ ადამიანები მყისიერად”. შედეგად კი, მკაცრი კარანტინის სამი თვის განმავლობაში რისკ-ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, სახლის დატოვების გარეშე მიეღოთ საჭირო წამლები. სერვისის შემუშავებაში ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტიც, რომელიც პენსიონერებს სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს უფინანსებს.

ნია ხაჩიძე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ელექტრონული ჯანდაცვის სპეციალისტი, ნია ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ეს სამთვიანი პროექტი ფოსტაზე E-Prescription პორტალის მიბმით გახდა შესაძლებელი.

“წამლების რაოდენობა განისაზღვრება ექიმების მიერ — რამდენსაც გამოწერს, ფოსტით იმდენი მიეწოდებათ. პაციენტისთვის ინტერნეტის ქონა საჭირო არაა. ოჯახის ექიმი პაციენტთან კომუნიკაციით წყვეტს, რა წამალი სჭირდება პენსიონერს და ექიმი ელექტრონულად წერს რეცეპტს. ეს რეცეპტი აისახება სისტემაში, სადაც ხედავს ფოსტაც. შემდეგ კი უკვე კურიერს მიაქვს ადგილზე. საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა და გაამართლა”, — განაცხადა ნია ხაჩიძემ.

პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 78 წლის სოფიო მარგიევს მცხეთა-მთიანეთის რაიონის სოფელ ჩარდახში ვეწვიეთ. როგორც მან მოგვიყვა, სერვისის ამოქმედებამდე წამლებს “ხან ვის აბარებდა და ხან — ვის”.

„პირველად რომ დამირეკა ექიმმა და მითხრა, კარანტინი რომ არის, თქვენ ვერ მიხვალთ და მოგიტანენ წამლებსო, ძალიან გამიხარდა, სიმართლე რომ ვთქვა. მიჭირს, მარტო ვარ, თითქმის არც შემიძლია სიარული და იმიტომაც გამიხარდა, ძალიან მოსახერხებელია ჩემთვის. პირველად მარტის დასაწყისში მოვიდნენ ფოსტიდან და სამი თვის წამლები მომიტანეს. მეორედ — ოქტომბრის ბოლოს. ახალ წლამდე არ დამჭირდება. გულს ვუჩივი და წნევას. რაც ექიმმა რეცეპტში ჩამიწერა, ის წამლები ყველა მოაქვთ. წამლებთან ერთად პირბადეებიც დევს“.

სოფიო მარგიევი, 78 წლის

სოფიო მარგიევი

სოფიო მარტოხელა პენსიონერია. მის სამეზობლოში სახლები ცარიელია, აღარავინ ცხოვრობს, რომ დახმარება სთხოვოს, თავად გადაადგილება უჭირს და როგორც წამოსვლისას გაგვიმხილა, უნდა, რომ პროექტი მომავალშიც, შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც გაგრძელდეს.

პენსიონერებისთვის წამლის ადგილზე მიტანა გართულდებოდა, რომ არა რეცეპტების გაციფრულებული ბაზა. სხვაგვარად ეს პროცესი თვეებს წაიღებდა, ამ პერიოდში კი რისკ-ჯგუფებში მყოფ ადამიანებს მაინც მოუწევდათ აფთიაქებში ფიზიკურად მისვლა.

„ეს პროექტი გაზაფხულიდან ჩაეშვა, როცა კარანტინი გამოცხადდა. თუ საჭირო გახდება, იოლადაა შესაძლებელი, რომ გავაგრძელოთ და კვლავაც გვქონდეს წამლის ბინაზე მიწოდების სერვისი. ჩვენ იოლად შევძელით ამ სერვისის დანერგვა, რადგან ელექტრონული სერვისების ერთობლიობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებით წინ ვიყავით და საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო. ელექტრონული რეცეპტი საშუალებას იძლევა, მასზე ნებისმიერ დროს დაშენდეს ნებისმიერი თავსებადი იდეა. ბინაზე წამლების მიტანაც სწორედ ასეთი იდეა აღმოჩნდა“, — განაცხადა EU4DIGITAL-ის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორმა, ნინო ესაკიამ. ის ევროკავშირის პრიორიტეტების ფარგლებში ციფრული ბაზრის ჰარმონიზაციასა და სერვისების შექმნას უწევს კოორდინაციას.

ნინო ესაკია

ესაკიას თქმით, პროექტის განვითარება მრავალი კუთხით შეიძლება: მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისით სხვა სამიზნე ჯგუფებიც არიან დაინტერესებულები — მაგალითად, შიდსით ან ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები, მარტო მცხოვრები შშმ პირები და ა.შ.

COVID-19-ის პანდემიამ ჯანდაცვის სფეროში ციფრული ინიციატივების მნიშვნელობა კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა. სწორედ ტექნოლოგიები იყო ამ მოულოდნელ გლობალურ საფრთხეზე ევროკავშირის რეაგირების ძირითადი ნაწილი. უახლოეს მომავალში ევროკავშირი 2021 წელს კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს ელექტრონული ჯანმრთელობის პროექტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველომ უკვე აჩვენა ამ კუთხით წინსვლა ერთიანი ციფრული სივრცე კი საშუალებას მოგვცემს, უკეთ ვიზრუნოთ საზოგადოების იმ წევრებზე, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზებული ეროვნული ჩარჩოების შექმნას როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან.

ე-ჯანმრთელობის სისტემების შექმნის ძალისხმევის მხარდაჭერით და ევროკავშირთან და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფით EU4Digital სარგებლობას მოუტანს პაციენტებს, ჯანდაცვის სისტემებს და პროფესიონალებს.

საბოლოოდ, ე-ჯანმრთელობის გაუმჯობესების შედეგი იქნება მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, უფრო ეფექტიანი მომსახურება, უკეთესი რეაგირების უნარის მქონე სადაზღვევო მომსახურება და რეგულირების გაუმჯობესება.

გაიგეთ მეტი ე-ჯანმრთელობის პროექტის შესახებ EU4Digital-ის ვებსაიტიდან

სტატიის სრული ვერსია გამოქვეყნდა საიტეზე on.ge.


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა