მთავარი / იყავით ინფორმირებული / წარმატების ისტორიები
ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსწორება: ძირითადი პრიორიტეტი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის
თარიღი: 16/06/21
ციფრული ტრანსფორმაცია უსწრაფესად ცვლის ეკონომიკურ ლანდშაფტს. ახალი ტექნოლოგიები ძალიან დიდ გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე და განათლების საჭიროებაზე, ვინაიდან იწვევს ახალ ციფრულ რეალობასთან – ციფრულ სამუშაოსთან და ცხოვრების წესთან მორგების აუცილებლობას. COVID-19-ის პანდემიამ დააჩქარა მრავალი ორგანიზაციის და მცირე და საშუალო საწარმოს ციფრული ტრანსფორმაცია; დღესდღეობით საკუთარ სერვისებს სახელმწიფო უწყებებიც კი დისტანციურად ახორციელებენ. გარდა ამისა, პანდემიამ გამოააშკარავა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას მოითხოვს, განსაკუთრებით – ადეკვატური ციფრული უნარების მნიშვნელობა.
იმისათვის, რომ მომსახურება ეფექტიანად გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე, ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი სტრუქტურების ამოქმედება; ამიტომ შეიქმნა სპეციალური პლატფორმები და ვებ-ტექნოლოგიები იქ, სადაც ეს საჭიროდ ჩაითვალა. დიდი ალბათობით, დისტანციური მუშაობა და ციფრული სერვისები ახალ სტანდარტებად დარჩება ეკონომიკის ზოგიერთ სფეროში. თუმცა, საჯარო და კერძო სერვისების ციფრულ რეჟიმზე გადასვლის პროცესმა ნათლად გამოაჩინა ციფრული უნარების დეფიციტი როგორც ზოგადად მოსახლეობაში, ისე სახელმწიფო უწყებებში. ეს იწვევს შეფერხებებს ციფრული სერვისების განხორციელებაში, ან ხელს უშლის მათ ეფექტურად გამოყენებას.
ციფრულ მომსახურებაზე გადასვლამ კიდევ უფრო გაზარდა ციფრული ბარიერი და მკაფიოდ უჩვენა, რომ ციფრული ინფრასტრუქტურის და უნარების განვითარების მიუხედავად, საზოგადოებაში კვლავაც უამრავი არაპრივილეგირებული ადამიანია, ვისაც არ შეუძლია ჩაერთოს ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაში. ამიტომ როგორც ევროკავშირში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ ადამიანების მხარდაჭერას და გაძლიერებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლია გააძლიეროს და დააჩქაროს კიდეც უთანასწორობა, ჩვენ ვდგებით რისკის წინაშე, რომელიც გამორიცხავს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევრის ჩართულობას – ამ მოსახლეობის უმრავლესობა არიან ქალები, რომლებსაც არა აქვთ წვდომა ინტერნეტზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ციფრული წიგნიერება საფუძველი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის; თუმცა, მოსახლეობის ციფრული წიგნიერების დონე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობებს შორის ძალიან განსხვავებულია. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) მიხედვით ევროკავშირში ათი მოზრდილი ადამიანიდან ოთხს საბაზისო ციფრული უნარები არა აქვს. გარდა ამისა, ბიზნეს-კომპანიების 70%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ შესაბამისი ციფრული უნარების მქონე პერსონალის ნაკლებობა დაბრკოლებას წარმოადგენს ინვესტიციებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე იგივე პრობლემა დგას, ხოლო მოსახლეობის საბაზისო ციფრული უნარების დონე კვლავაც შედარებით დაბალია. მაგალითად, Caucasus Barometer-ის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 47%-ს კომპიუტერის საბაზისო ცოდნა არ ჰქონდა. იგივე მდგომარეობაა სომხეთში – 2019 წელს მოსახლეობის 34% არ ფლობდა საბაზისო ციფრულ უნარებს. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს 2019 წლის კვლევის მიხედვით უკრაინის მოსახლეობის 53%-ს ჰქონდა ციფრული უნარების საბაზისოზე დაბალი დოზე, ხოლო 15.1%-ს ციფრული უნარები საერთოდ არ ჰქონდა.
იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს სარგებლობა ციფრული გარდაქმნიდან და აითვისოს ციფრულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის საჭირო უნარები, ევროკომისია გეგმავს ევროპელ მოქალაქეთა მინიმუმ 80%-ის საბაზისო ციფრული უნარებით აღჭურვას არსებული ინიციატივების, კერძოდ ევროპული უნარების პროგრამის (European Skills Agenda) და ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის (Digital Education Action Plan) საშუალებით. ევროკომისიამ წამოაყენა ციფრული კომპასის წინადადება ევროკავშირის ციფრული მიზნების კონკრეტულ კონცეფციებში ასახვის მიზნით 2030 წლისათვის. მთავარი მიზნები ოთხ სფეროდ დაჯგუფდა:
1) ციფრული უნარების მქონე მოქალაქეები და მაღალი ციფრული კვალიფიკაციის პროფესიონალები; 2030 წლისთვის ყველა მოზრდილის მინიმუმ 80%-ს უნდა ჰქონდეს საბაზისო ციფრული უნარები, და ევროკავშირის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უნდა იყოს 20 მილიონი სპეციალისტი – იმავდროულად ამგვარ სამუშაოზე უნდა დასაქმდეს მეტი ქალი;
2) საიმედო, ეფექტიანი და მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა; 2030 წლამდე ევროკავშირში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს გიგაბიტური კავშირი და ყველა დასახლებულ ტერიტორიაზე უნდა იყოს 5G დაფარვა; ყველაზე თანამედროვე და მდგრადი ნახევარგამტარების წარმოება ევროპაში მსოფლიო წარმოების 20%-ს უნდა შეადგენდეს; ევროკავშირში განთავსებული უნდა იყოს 10,000 კლიმატ-ნეიტრალური ძალზე კარგად დაცული ზღვრული კვანძი; და ევროპას უნდა ჰქონდეს პირველი საკუთარი კვანტური კომპიუტერი;
3) ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია; 2030 წლამდე ოთხიდან სამი კომპანია უნდა იყენებდეს „ქლაუდ“ გამოთვლით სერვისებს, დიდ მონაცემებს და ხელოვნურ ინტელექტს; მცირე და საშუალო საწარმოების 90%-ზე მეტმა უნდა მიაღწიოს ციფრული ინტენსივობის, მინიმუმ, ბაზისურ დონეს; და ევროკავშირში ორჯერ უნდა გაიზარდოს იმ სტარტაპების რაოდენობა, რომელთა საბაზრო ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
4) სახელმწიფო სერვისების ციფრული გარდაქმნა; 2030 წლისთვის ყველა სახელმწიფო სერვისი დისტანციურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი; ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი ელექტრონული სამედიცინო ისტორია; და მოქალაქეთა 80% ელექტრონულ პირადობის მოწმობას უნდა იყენებდეს.
ევროკომისიამ ვალდებულება აიღო გამოასწოროს ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზები და ხელი შეუწყოს პროექტებს და სტრატეგიებს ციფრული უნარების დონის ასამაღლებლად ევროპაში. ამ ინიციატივების უმეტესობა მჭიდროდ უკავშირდება პროგრამის EU4Digital ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კერძოდ, ციფრული უნარების და დასაქმების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბებას, და ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნას ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) საფუძველზე ციფრული უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვის და პროგნოზირების მიზნით. ციფრული უნარების და სამუშაო ადგილების ევროპული პლატფორმა ახალი ინიციატივაა, რომელიც ახლახან ამოქმედდა პროგრამის „ევროპის დამაკავშირებლი მექანიზმი“ ფარგლებში. ის უზრუნველყოფს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული ინფორმაციის და რესურსების მიწოდებას, ასევე ტრენინგის და დაფინანსების შესაძლებლობებს, რომლებიც სავარაუდოდ სასარგებლო იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახლად შექმნილი ეროვნული კოალიციებისთვის
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ციფრული უნარების გაზომვა გადამწყვეტია ციფრული გარდაქმნის პროცესის და ციფრული უნარებში არსებული ხარვეზების გასაანალიზებლად. ამ მიზნით ყოველწლიურად ქვეყნდება ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ანგარიშები, რომლებშიც აღწერილია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ციფრული სფეროს სხვადასხვა მიმართულების მონიტორინგი, რათა შეფასდეს პროგრესი და განისაზღვროს ის საკითხები, რომლებიც შემდეგომ ძალისხმევას მოითხოვს. ციფრული უნარების ინდიკატორების გაზომვის დანერგვა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) საფუძველზე საშუალებას მისცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეაფასონ საკუთარი პროგრესი და ინვესტიციების ეფექტიანობა, და საკუთარი ციფრული კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით განსაზღვრონ სფეროები, რომლებიც გაუმჯობესება საჭიროებს.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული უნარები
მეტი წარმატების ისტორია
-
30/01/2024
Wine Diamond — მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციის მომავალი ელჩი ევროპაში
„მქონდა წინა ცხოვრება“, — ასე იწყებს საუბარს ჩვენი სტატიის მთავარი გმირი და ქართული ბრენდის Wine Diamond დამფუ…
გაიგეთ მეტი -
11/11/2021
ელ-ხელმოწერა: მთავარი ნაბიჯი ციფრული მომავლის მიმართულებით
წარმოიდგინეთ, რომ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ და დოკუმენტების ხელმოსაწერად კვირაში რამდენიმე საათი გჭირდებათ….
გაიგეთ მეტი -
19/10/2021
ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში
ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმო…
გაიგეთ მეტი
30/01/2024
Wine Diamond — მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციის მომავალი ელჩი ევროპაში
„მქონდა წინა ცხოვრება“, — ასე იწყებს საუბარს ჩვენი სტატიის მთავარი გმირი და ქართული ბრენდის Wine Diamond დამფუ…
გაიგეთ მეტი11/11/2021
ელ-ხელმოწერა: მთავარი ნაბიჯი ციფრული მომავლის მიმართულებით
წარმოიდგინეთ, რომ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ და დოკუმენტების ხელმოსაწერად კვირაში რამდენიმე საათი გჭირდებათ….
გაიგეთ მეტი19/10/2021
ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში
ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმო…
გაიგეთ მეტი