ოქტომბერი ევროპის კიბერუსაფრთხოების თვეა (ECSM). 2020 წლის კამპანიის ფოკუსშია სხვადასხვა თემა, რომლებიც ეხება ქცევის ცვლილების აუცილებლობას და შესაძლებლობების განსაზღვრას იმისათვის, რომ მომხმარებლებს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების ამოცნობაში დაეხმაროს.
ყოველწლიურად, მთელი ოქტომბრის თვის განმავლობაში, ციფრული უსაფრთხოების და კიბერ-ჰიგიენის პოპულარიზაციის მიზნით მთელ ევროპაში ტარდება ასობით ღონისძიება, კერძოდ კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, ვებინარები, პრეზენტაციები და მრავალი სხვა.
2020 წლის ევროპის კიბერუსაფრთხოების თვის (ECSM) დევიზია “Think Before U Click” – “დაფიქრდი, სანამ დააწკაპუნებ” (#ThinkB4Uclick). მიმდინარე წლის ოქტომბრის პროგრამის ორი თემაა ადამიანების დახმარება კიბერ-საფრთხეების განსაზღვრასა და მათ წინააღმდეგ მზადყოფნაში.
პირველი თემა, “ციფრული უნარები”, აწვდის მონაწილეებს ინფორმაციას ელექტრონული კონფიდენციალობის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დაცვა, კიბერბულინგი და კიბერდევნა.
მეორე თემა, “კიბერთაღლითობა”, დეტალურად განიხილავს ისეთ მიმდინარე და პოტენციურ კიბერსაფრთხეებს, როგორიცაა ფიშინგი, კორპორატიული ელექტრონული ფოსტის კომპრომეტაცია და თაღლითობა ონლაინ ვაჭრობისას.
ევროპის კიბერუსაფრთხოების თვის (ECSM) კამპანიის კოორდინირებას აწარმოებს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტო (ENISA) და ევროკომისია, ხოლო მის მხარდაჭერას ახორციელებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ასობით პარტნიორი (მთავრობები, უნივერსიტეტები, ანალიტიკური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები, კერძო ბიზნესი) ევროპიდან და ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებიდან.
ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტო (ENISA) კოორდინირებას უწევს ევროპის კიბერუსაფრთხოების თვის (ECSM) კამპანიას, კერძოდ ის არის ჰაბი” ყველა მონაწილე წევრი ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, და აწარმოებს ექსპერტული წინადადებების მიწოდებას, ძალისხმევის გაერთიანებას და საერთო შეტყობინებების გაზიარებას ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნესს და საჯარო ადმინისტრაციას შორის. გარდა ამისა, სააგენტო აქვეყნებს ახალ მასალებს და უზრუნველყოფს ექსპერტთა კონსულტაციებს კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა საკითხზე.
დამატებით ინფორმაცია https://cybersecuritymonth.eu