როგორი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული სფეროს პრიორიტეტები 2020 წლის შემდეგ? ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე ევროკავშირი და მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობიდან სამოქმედო სფეროებს განიხილავენ

  • თარიღი: 09/10/20
  • გააზიარეთ:

ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის კვირის მეორე დღეს, 6 ოქტომბერს, განიხილეს მომავალი – რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ძირითადი ციფრული პრიორიტეტები 2020 წლის შემდეგ? ვირტუალურ სესიებზე, რომლებსაც 100 მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკომისიის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მაღალი რანგის მონაწილე მხარეები და პროგრამის EU4Digital გუნდები, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მნიშვნელობა მომავალი წლებისთვის.

ციფრული სფერო თანამედროვე ბიზნესის და საზოგადოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმ დროში, როდესაც ურთიერთობების უფრო და უფრო დიდი რაოდენობა ხორციელდება ციფრულ სივრცეში. COVID-19-ის პანდემიამ ხაზი გაუსვა ციფრულ სფეროში შემდგომი ინვესტირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ზრდას და ინოვაციებს ფიზიკურ შეკრებებთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად.

ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის ვირტუალური კვირა წარმოადგენდა შესაძლებლობას განეხილათ რეგიონის სამომავლო პრიორიტეტები და ის სფეროები, სადაც ევროკავშირს შეუძლია განაგრძოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, და რეალური შედეგები მოუტანოს ბიზნესს და მოქალაქეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ევროკავშირის გრძელვადიანი დღის წესრიგისთვის 2020 წელი არის გარდამავალი ციფრული სფეროს მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი – 20 შედეგი 2020 წლისთვის – მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და მის მაგივრად წამყვან ადგილს დაიკავებს ახალი ამოცანები 2020 წლის შემდეგ. ევროკავშირის ერთობლივი კომუნიკაცია საკითხზე “სტაბილურობის გაძლიერება – აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელსაც მოაქვს შედეგები ყველასთვის”, მიღებული 2020 წლის მარტში, სახავს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის ძირითად ელემენტებს, მათ შორის ციფრული სექტორის გაძლიერებას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ძირითადი პოლიტიკური ამოცანიდან ერთ-ერთს.

დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ციფრულ პრიორიტეტებზე

დისკუსიის გახსნისას ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR), ბ-ნმა მატიე ბუსკემ, ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელთა წამყვან როლს სამომავლო ციფრული პრიორიტეტების დასახვის პროცესში, რასაც შეუძლია გზა გაუკვალოს მნიშვნელოვან საქმიანობას და გავლენა მოახდინოს ამ რეგიონზე.

რეგიონის შესაძლო სამომავლო პრიორიტეტების განხილვისას ბ-ნმა ბუსკემ დამსწრეებს შესაბამის სფეროებად შესთავაზა ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის როუმინგის ფასების შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობაში და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ე-მმართველობა და სახელმწიფო სერვისების ციფრული გარდაქმნა, ასევე ციფრული ეკონომიკის მხარდაჭერა ამ რეგიონში. ევროკავშირის მომდევნო პოტენციურ პრიორიტეტულ სფეროებად ჩამოთვლილი იყო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა, ციფრული უნარების გაუმჯობესება და კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის ზრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

„ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში, ევროკავშირის კანონმდებლობის და სათანადო პრაქტიკის შესაბამისად“, ხაზგასმით აღნიშნა
ბ-ნმა ბუსკემ.

ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) პოლიტიკის გავრცელების და საერთაშორისო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ბ-ნმა დევიდ რინგროუზმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის ვალდებულება ხელი შეუწყოს ციფრულ ტრანსფორმაციას ევროკავშირში და მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობას ამ სფეროში: „ეს იქნება უაღრესად საინტერესო დრო ევროკავშირის და მისი ციფრული პოლიტიკისთვის, და მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ევროკავშირში  ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა სასარგებლო იყოს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის“, აღნიშნა მან.

მომავალი თაობის ტექნოლოგიების, მათ შორის სუპერკომპიუტერების, ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის განვითარება, შეადგენს ევროკავშირის საკუთარი ციფრული დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს, თქვა ბ-ნმა რინგროუზმა და დასძინა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება გარემოს და კლიმატის ქმედების ამოცანების გადასაჭრელად, ასევე საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესება ციფრული პოტენციალის და ციფრული უნარების საშუალებით, ევროკავშირის მომავალი ციფრული ტრანსფორმაციის ძირთადი სფეროებია. გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოება, მაღალი პოტენციალის და უსაფრთხო ქსელური ინფრასტრუქტურა, კონფიდენციალურობა და მონაცემთა მართვის სისტემები, უმნიშვნელოვანესი იქნება ციფრული ტრანსფორმაციის დასამკვიდრებლად ევროკავშირში, და ასევე შეესაბამება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ პრიორიტეტებს.

შეხვედრის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები მომავალი ციფრული პრიორიტეტების თაობაზე. აღნიშნული მოიცავდა ე-მმართველობის სერვისებს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გავრცელებას როუმინგის ფასების ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, და ციფრული ეკონომიკის განვითარებას. ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა იმისათვის, რომ ციფრული ტექნოლოგიები მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, შესაძლებლობების შექმნა სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის და ე-ვაჭრობისთვის, და ე-ხელმოწერის სისტემების მხარდაჭერა დისტანციური დადასტურებისთვის ციფრული გარდაქმნის დაჩქარების შემდგომ მექანიზმად იყო განხილული. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს კიბერუსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის პრაქტიკის, ბიზნესისთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების და მონაცემთა მართვის სისტემების მნიშვნელობა, როგორც შემდგომი ციფრული ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის გზები.

დისკუსია ამ პრიორიტეტების ირგვლივ დაეხმარება საქმიანობის დასახვას მომავალი წლებისთვის ევროკავშირის ახალი ამოცანების ფარგლებში 2020 წლის შემდეგ, და განსაზღვრავს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის კვირის დარჩენილი ნაწილი მიეძღვნა ინიციატივის EU4Digital თემატურ სესიებს – ციფრული პოლიტიკის ძირითად სფეროებს, სადაც ევროკავშირი ახორციელებს მხარდაჭერას და რეალური სარგებლობა მოაქვს მოქალაქეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება ინიციატივის EU4Digital და მისი თემატური სფეროების შესახებ, ეწვიეთ ინიციატივის EU4Digital ვებსაიტს.


ახალი ამბები

იხილეთ ყველა