ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მარტივად განსაზღვრავს ელექტრონულ ჯანმრთელობას: ეს არის “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება ჯანმრთელობისთვის”. ახლო მომავალში ჯანდაცვის მუშაკებს ტექნოლოგია ნამდვილად არ ჩაანაცვლებს, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება ექიმებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმაროს.
ე-ჯანმრთელობის მიზანია პაციენტის ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა სწორ დროს და სწორ ადგილას, და ამგვარად ჯანდაცვის სამსახურების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა ჯანდაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად.
მაგალითად, ე-ჯანმრთელობა აძლევს საშუალებას:
- ჯანდაცვის მუშაკებს – ყურადღება გაამახვილონ უმთავრესად პაციენტზე, და არა ფორმების შევსებაზე;
- პაციენტებს – ისარგებლონ მოლოდინის შემცირებული დროით ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით;
- პროვიზორებს – დაადასტურონ რეცეპტები და მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული საკანცელარიო სამუშაო ელექტრონული რეცეპტების გამოყენებით.
არსებითად, ე-ჯანმრთელობა აწესებს ჯანდაცვის მომსახურების გაწევის ახალ გზებს, რაც ამარტივებს თანამშრომლობას ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულებებს შორის და იძლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების საშუალებას პაციენტებთან ურთიერთობის ახალი ფორმების ამოქმედებით.
აღნიშნულის საფუძველია ავადმყოფობის ელექტრონული ისტორია (EHR), რომელიც ასრულებს ძირითად როლს, რადგან მასში იკრიბება სამედიცინო მომსახურების ფაქტები და ინფორმაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან; აღნიშნულის მიზანია თითოეულ ინდივიდზე შეიქმნას ერთადერთი ავადმყოფობის ელექტრონული ისტორია, ხელმისაწვდომი ამ ისტორიის ოპერაციულად თავსებადი სერვისების საშუალებით.
ამგვარად, ე-ჯანმრთელობას მოაქვს უამრავი სარგებლობა; ეს გულისხმობს ელექტრონული დოკუმენტების გაცვლას, რაც ზოგავს მედიცინის მუშაკების და პაციენტის დროს, და კლინიკური პროცედურების დუბლირების თავიდან აცილებას ინფორმაციის შექმნის, შენახვის და გაზიარების გზით. გარდა ამისა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომი მონაცემები ეხმარება ინოვაციას ჯანდაცვის მონაცემების ანალიზის საშუალებით, რაც ხელს უწყობს დაავადების პრევენციის პოლიტიკას და ყურადღებას მომავალ გამოწვევებზე ამახვილებს. ეს სისტემა ასევე აუმჯობესებს გამჭვირვალობას, რადგან ხდება ჯანდაცვის მონაწილეთა საქმიანობის აღრიცხვა და უსაფრთხოების შემოწმება, ეს კი უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების დაცვას.
ევროკავშირის წინაშე დგას ჯანმრთელობის იგივე ზოგადი პრობლემები, რაც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, მაგ. მოსახლეობის დაბერება, რასაც მოჰყვება ჯანდაცვის სამსახურების ოპტიმიზაციის და მოდერნიზაციის მსგავსი აუცილებლობა. ევროკომისიამ ჩამოაყალიბა ერთიანი ციფრული ბაზარი, როგორც მისი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, ციფრული ჯანდაცვა კი ამ სტრატეგიის ნაწილია. ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს კანონმდებლობა სამედიცინო აღჭურვილობის, მონაცემთა დაცვის, ციფრული იდენტიფიკაციის და საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების შესახებ, რაც ქმნის შესანიშნავ გარემოს ე-ჯანმრთელობის სერვისებისთვის. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ სწრაფად დანერგა ე-ჯანმრთელობის სტრატეგიები, რასაც მოჰყვა პოლიტიკური ვალდებულება და ე-ჯანმრთელობის მომსახურების დაჩქარებული და კარგად კოორდინირებული განვითარება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კი განვითარება მოხდა ე-ჯანმრთელობის მთელი რიგი ცალკეული, მაგრამ ნაკლებად კოორდინირებული პროექტების საშუალებით.
გარდა ამისა, ევროკავშირმა განსაზღვრა ელექტრონული რეცეპტების სტანდარტიზაცია და პაციენტის შეჯამებული ინფორმაციის სერვისები სახელმწიფოთაშორისი საპილოტე პროექტების მხარდასაჭერად წევრ სახელმწიფოებში. ამჟამად ევროკავშირში არსებობს ე-ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის მომზადების ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის, გენომური მონაცემების და პერსონალური მედიცინის ინიციატივებისთვის მზადყოფნის მიზნით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინიციატივა EU4Digital მუშაობს ჯანმრთელობის მონაცემთა მართვის მდგომარეობის შესაფასებლად და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შესამუშავებლად, რათა ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის პოტენციალი და მართვა ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეალობასთან. იდეალურ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ერთსა და იმავე ნორმებს, ოპერაციულად თავსებადია სხვადასხვა ორგანიზაციებს და მონაწილე მხარეებს შორის, თუნდაც საზღვარგარეთ, რაც მნიშვნელოვანია პაციენტების სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად.
მეორე ასპექტი, რომელსაც მოიცავს ინიციატივა EU4Digital, არის ე-ჯანმრთელობის ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმა. ის საშუალებას მისცემს მონაწილე მხარეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარ ქვეყნებში არსებული ე-ჯანმრთელობის საუკეთესო პრაქტიკა და ითანამშრომლონ შემდგომი განვითარებისთვის. აღნიშნულის მიზანია მოწინავე პრაქტიკის პოპულარიზაცია და სპეციალური სივრცის არსებობა ე-ჯანმრთელობის ინფორმაციის და სასწავლო მასალებისთვის, ასევე ძირითადი ექსპერტების კომუნიკაციისთვის.
გარდა ამისა, ინიციატივის EU4Digital მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობის მხარდაჭერა ევროკავშირის ინიციატივებში კომუნიკაციის, ინოვაციის და ახალი გადაწყვეტების ხელშესაწყობად, განსაკუთრებით ხანდაზმული მოსახლეობის ჯანდაცვის კუთხით, რაც მოიცავს დისტანციურ სამედიცინო საკონსულტაციო სერვისებს, მონაცემთა ანალიზს დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად, გონიერ საშინაო ტექნოლოგიებს, სოციალურ და აქტივობის პროგრამებს.
ინიციატივის EU4Digital მიზანია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობის ხელშეწყობა ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინიციატივაში (EIP on AHA), რომელსაც აქვს ევროპის ქვეყნებში დანერგილი კარგი პრაქტიკის საინფორმაციო ბაზა მრავალ ზემოაღნიშნულ გამოწვევასთან დაკავშირებით.
ოპერაციული თავსებადობა არის სხვადასხვა სისტემების, ორგანიზაციების ან ქვეყნების უნარი ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის და მისი გააზრებულად გამოყენებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მონაწილეებს უნდა შეეძლოთ საზიარო ინფორმაციის სწორად გაგება და ინტერპრეტაცია, რაც ძირითადად ნიშნავს ერთი და იგივე სტანდარტების და პროცესების გამოყენებას ე-ჯანმრთელობის სერვისებში.
ოპერაციული თავსებადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ეს სფერო არის არაერთგვაროვანი და კომპლექსური, მოიცავს განსხვავებულ მონაწილეებს, კერძოდ პროვაიდერებს პაციენტების კომპლექსური ჯგუფებისთვის, რომლებიც მკურნალობენ და რეგისტრირდებიან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში. გარდა ამისა, ეროვნული მთავრობები ხშირად ახორციელებენ სახელმწიფო სერვისებს, ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემა ხშირად წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სერვისების სპეციფიკურ კომპლექსს, და ეს სერვისები ხშირად ცუდად არის ინტეგრირებული. სამედიცინო დაწესებულება ხშირად უზრუნველყოფს რაიმე კონკრეტული ტიპის სერვისებს, და ამგვარად, საქმე აქვს პაციენტების და მათი ინფორმაციის ქვეჯგუფთან; ეს მოითხოვს კარგად განვითარებულ ოპერაციულ თავსებადობას დაწესებულებებს შორის პაციენტთან დაკავშირებული ზოგადი სურათის გასაზიარებლად. არსებობს სხვა პრობლემებიც საერთაშორისო სივრცეში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, სადაც თანამშრომლობას ჯანდაცვაში ხშირად აფერხებს ე-ჯანმრთელობისთვის გამოყენებულ ლექსიკონში არსებული განსხვავებები და ერთი თვალსაზრისის განსხვავებული ინტერპრეტაციები, ეს კი ხელს უშლის ეფექტურ სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას.
ოპერაციული თავსებადობის არარსებობა სხვადასხვა სახის პრობლემებს უქმნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სამედიცინო მომსახურების მიღება სხვადასხვა დაწესებულებებსა და ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ოპერაციული თავსებადობა გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს მომავლის ასეთი ხედვა: 10 წლის შემდეგ, როდესაც პაციენტს A ქვეყნიდან დასჭირდება გადაუდებელი დახმარება B ქვეყანაში, სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებზეც ამ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამგვარად შეჯამებული სახით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება გადაუდებელი არჩევანის გაკეთებას სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია ჯანდაცვის სექტორისთვის.
ე-ჯანმრთელობის საკითხებზე თანამშრომლობის პლატფორმა არის რეგიონული თანამშრომლობის ახალი არხი ე-ჯანმრთელობის ექსპერტებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ის დახურული იქნება ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ იქნება თანამშრომლობის სივრცე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროფესიონალებისთვის ე-ჯანმრთელობის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაზე სამუშაოდ, მომავალში – სერვისების მისაწოდებლად. ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ე-ჯანმრთელობის განვითარებას და ჰარმონიზაციის ინიციატივებს რეგიონში.
პლატფორმაზე განთავსებული იქნება ინფორმაცია, დაწყებული კალენდრიდან და შეხვედრების მართვიდან, დამთავრებული სახელმძღვანელო რეკომენდაციების პროექტებით და დანერგვის გეგმებით. აღნიშნულის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება პორტალის პლატფორმა, რომელიც სთავაზობს “Cloud” სივრცეს დოკუმენტების შესანახად და თანამშრომლობის საშუალებებს, ასევე კოდის გარეშე გვერდის შექმნას ცალკეული მომხმარებლის სივრცეებში სხვადასხვა ჯგუფებისთვის.
ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას ექსპერტებს შორის, როდესაც ისინი დანერგავენ ინიციატივებს საკუთარ ქვეყნებში. ეს ხელს შეუწყობს რეფორმების დაჩქარებას და ოპტიმიზაციას რეგიონში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების დემონსტრირებით; კოლეგებს კი საშუალება ექნებათ თავი აარიდონ შეცდომებს მეზობელი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
წახალისებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობა ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინიციატივაში (EIP on AHA), რომელსაც ევროკომისია ახორციელებს. ამ პროგრამას აქვს ურთიერთობის რამდენიმე დონე, კერძოდ, საინფორმაციო სტატიები ე-ჯანმრთელობის ინოვაციის საკითხებზე, ღონისძიებებზე დასწრება და უფრო აქტიური როლები, მაგ. მონაწილეობა სამოქმედო ჯგუფის და საცნობარო საიტის პროგრამებში.
ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების (EIP on AHA) ინიციატივაში მონაწილეობა ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას და კავშირების დამყარებას, რაც ნიშნავს, რომ მაგ. საცნობარო საიტის პროგრამის წევრმა შეიძლება შეიტყოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში არსებული გადაწყვეტის შესახებ და პროგრამის საშუალებით შეიტანოს განაცხადი ამ გადაწყვეტის დასანერგად საკუთარ რეგიონში, და პირიქით.
ვინაიდან არსებობს მონაწილეობის რამდენიმე დონე, მონაწილეობის გზის პოვნა ნებისმიერს შეუძლია – როგორც ცალკეულ პირებს, ისე ორგანიზაციებს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, კერძო კომპანიებს, კვლევით დაწესებულებებს და სოციალურ ორგანიზაციებს.
მომავლის ჯანდაცვა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც პაციენტის შეუფერხებელი მობილობა პროვაიდერიდან პროვაიდერთან, ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჯანდაცვის მომსახურების უწყვეტობა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ჯანმრთელობის შედეგების გასაუმჯობესებლად. სახელმწიფოთაშორისი
ე-ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ მოგზაურობს, შეიძინოს რეცეპტით მისაღები წამალი ადგილობრივ აფთიაქში. პაციენტის შეჯამებული ინფორმაციის გაზიარება დაეხმარება ექიმებს პაციენტის სამედიცინო ანამნეზის გაგებაში და თავიდან ააცილებს შეცდომებს მედიკამენტების გამოწერისას. გარდა ამისა, სამედიცინო ტურიზმის მზარდი ინდუსტრია მოქალაქეებს შესთავაზებს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიღების და ხარჯების შემცირების შანსს.
ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდის მიზანია სტანდარტების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფოთაშორისი ჯანდაცვის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მხოლოდ ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი. აღნიშნულის განსახორციელებლად, გუნდმა ჩაატარა ე-ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და განსაზღვრა თითოეული ქვეყნის გამოწვევები და პრიორიტეტები. სახელმძღვანელო რეკომენდაციების კომპლექსი იქნება საფუძველი სახელმწიფოთაშორისი
ე-რეცეპტების სისტემის და პაციენტის შეჯამებული ინფორმაციის სერვისების დასანერგად რეგიონში.
ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი მიმართულება რეგიონისთვის, რომლებიც რეკომენდებულია შემდგომი საქმიანობის და დადებითი ცვლილებების განხორციელების ძირითად ხელშემწყობ საშუალებებად მომავლის
ე-ჯანმრთელობის სფეროში.
- ციფრული ჯანმრთელობის კომპლექსური და განხორციელებადი სტრატეგიის განსაზღვრა.
- მძლავრი დაფინანსების და საოპერაციო მოდელის ჩამოყალიბება.
- ციფრული ჯანმრთელობის მმართველობის ჩამოყალიბება და ამოქმედება.
- ციფრული ჯანმრთელობის არქიტექტურის განვითარება და მმართველობა.