ტელეკომუნიკაციების სფეროში პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს წვდომას უსაფრთხო და მაღალსიჩქარიან კავშირზე მისაღებ ფასებად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. ამისათვის პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების თემატური სფერო მხარს უჭერს სამ ძირითად მიზანს:
- როუმინგის ფასების შემცირება – მხარდაჭერა როუმინგის შეთანხმებების ხელმოწერასა და განხორციელებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, და შესაბამის შემთხვევებში – ევროკავშირთან. მოსალოდნელია, რომ ეს დაეხმარება იმ ფასების შემცირებას, რომელსაც მოქალაქეები იხდიან როუმინგის მობილური სერვისებისთვის (SMS, ზარები და ინტერნეტი) აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, და შესაბამის შემთხვევებში – ევროკავშირში მოგზაურობის დროს.
- 5G კავშირის განვითარება – უსაფრთხო 5G კავშირის განვითარების ხელშეწყობა ევროკავშირის ინსტრუმენტების პაკეტის საფუძველზე 5G-ს უსაფრთხოებისთვის, ასევე 5G-ს კერძო ქსელების განვითარება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.
- კონკურენტულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომა – მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი, ხელმისაწვდომი ინტერნეტ-სერვისებით უზრუნველყოფა ევროკავშირის კოორდინირებული მიდგომის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამასთანავე, ადგილობრივი ეროვნული მარეგულირებლების მხარდაჭერა ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზრის ანალიზის პროცესში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზრები ყველა მოქალაქეს და ბიზნესს შესთავაზებენ კონკურენტულ ფართოზოლოვან ინტერნეტ-სერვისებს მისაღებ ფასებად.

ევროკავშირის მოქალაქეებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას აქვთ „როუმინგი, ისე როგორ სახლში“ – ეს ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის გამოყენებისას მათ დამატებითი საფასური არ უნდა გადაიხადონ. პროგრამის EU4Digital მიერ მხარდაჭერილი როუმინგის რეგიონული შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეებს იგივე სერვისს არ სთავაზობს; თუმცა, ასეთი შეთანხმება უზრუნველყოფს როუმინგის არსებული ფასების მნიშვნელოვან შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას შორის. ეს საშუალებას მისცემს მობილური კომუნიკაციების ქსელების როუმინგის კლიენტებს ისარგებლონ უფრო მისაღები ფასებით როუმინგის სერვისების გამოყენებისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროგრამის EU4Digital როუმინგის კვლევის უკანასკნელი შედეგების (2019) მიხედვით, მოსალოდნელია, რომ როუმინგის საშუალო ფასები 80%-ზე მეტად შემცირდება.

დიახ, პროგრამის EU4Digital მიერ მხარდაჭერილი როუმინგის რეგიონული შეთანხმება მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას შორის იმოქმედებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები შეთანხმდნენ შეისწავლონ ერთიანი საერთაშორისო როუმინგული სივრცის შესაძლებლობა, რაც ასევე მოიცავს როუმინგის ტარიფების ეკონომიკურად მდგრად შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. მაგალითად, 2023 წლის მაისში მოლდოვის და ევროკავშირის ტელეკომის ოპერატორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას როუმინგის ფასების შემცირების შესახებ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ორ რეგიონს შორის მოგზაურობენ. მანამდე, 2022 წლის აპრილში, ევროპის და უკრაინის ოპერატორებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მისაღები ან უფასო როუმინგით და საერთაშორისო ზარებით უზრუნველყოფის შესახებ, რაც უკრაინელ ლტოვილებს სერვისით უწყვეტად სარგებლობაში დაეხმარება. 2023 წლის ივლისში შეთანხმება კიდევ ერთი წლით გაგრძელდა.

სავარაუდოდ, როუმინგის რეგიონულ შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს 2023 წლის დამთავრებამდე. ამ შემთხევაში ის კანონიერ ძალაში შევა 2026 წელს, ორი წლის გარდამავალი პერიოდის შემდეგ. ეს გარდამავალი პერიოდი იმისათვის არის საჭირო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა დანერგონ როუმინგის შეთანხმების მოთხოვნები, ხოლო მობილურ ოპერატორებს ჰქონდეთ საკმარისი დრო შესაბამისი მოდიფიკაციების განსახორციელებლად.

დიახ, 5G ქსელები უსაფრთხოა – მაგრამ უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომის გასატარებლად გარკვეული ღონისძიებებია საჭირო. ამ მიზნით პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების თემატური სფერო მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 5G კავშირის განვითარებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, სახელწოდებით „ევროკავშირის ინსტრუმენტების პაკეტი უსაფრთხოებისთვის“. ინსტრუმენტების პაკეტი არის ქვეყნების, ქსელის ოპერატორებისა და სხვა მონაწილე მხარეების გზამკვლევი 5G ქსელების უსაფრთხოების რისკების და პოტენციური სუსტი წერტილების, და ამ რისკების გადაჭრის საუკეთესო პრაქტიკისა და შემცირების ღონისძიებების შესახებ.

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედ უწყებებს, რომლებსაც ევალება მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. ეს სამთავრობო უწყებები უზრუნველყოფენ წონასწორობას ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობას, ინვესტირებას და მომხმარებლის ინტერესებს შორის ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების, სერვისების და ქსელების განვითარების გათვალისწინებით. ამიტომ მარეგულირებლები უნდა იყვნენ იურიდიულად განცალკევებული და ფუნქციურად იზოლირებული ნებისმიერი სხვა უწყებისგან, რომელიც შესაძლოა მათზე გაუმართლებელ გავლენას ახდენდეს, რადგან დამოუკიდებლობა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება კარგად ფუნქციონირებადი და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი სტრუქტურის ძირითად ელემენტებს წარმოადგენს.

ინტერნეტ-კავშირი წარმოადგენს პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს სფეროს, როდესაც მიზანია ციფრული გაუმჯობესების მიღწევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში – ეს აღნიშნულია ერთობლივ კომუნიკაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 2020 წლის შემდეგ. ფინანსურად ხელმისაწვდომი ინტერნეტის გარეშე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის შეუძლებელი იქნება საკუთარი ციფრული ან ციფრულზე დამყარებული ამბიციების განხორციელება.
პროგრამის EU4Digital II ფაზის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ინტერნეტ-კავშირის გასაუმჯობესებლად მიმართული იყო ვითარების გარკვევაზე იმ სფეროში, რომელიც გულისხმობს ფიქსირებული და მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ-სერვისების ხელმისაწვდომობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მაგალითად, მოსახლეობის რა ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი? გარდა ამისა, მაღალსიჩქარიანი და უსაფრთხო ინტერნეტ-კავშირის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების თემატური სფეროს ფარგლებში მომზადდა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს საუკეთესო პრაქტიკა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეუძლიათ ამ გამოცდილების გამოყენება, როდესაც აწარმოებენ ფართოზოლოვანი ქსელის ბაზრის განვითარების მონიტორინგს და ახორციელებენ ფართოზოლოვანი ინტერნეტის პოლიტიკას, რომლიც მათ ეროვნულ საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.

გაუმჯობესებული ინტერნეტ-კავშირის დასანერგად აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრები ყველა მოქალაქეს და ბიზნესს კონკურენტულ სერვისებს სთავაზობდნენ. ამ მიზნით პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების თემატური სფერო მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირებული ელექტრონული კომუნიკაციის ბაზრების ანალიზის ჩატარებაში. ანალიზის შედეგების საფუძველზე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები შეძლებენ განსაზღვრონ კონკურენციის სუსტი რგოლები და გაატარონ შესაბამისი სარეგულაციო ზომები ნებისმიერი ისეთი პრობლემის გადასაჭრელად, როგორიცაა სუსტი კონკურენცია, სერვისის პროვაიდერთა სიმცირე, მაღალი ფასები და ქსელების დაბალი ხელმისაწვდომობა
