მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსში ცვლილებების შესახებ
თარიღი: 08/11/23
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ევროპის კავშირის საბჭომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით, თუ ქვეყანა ღონისძიებების მთელ რიგს განახორციელებს. გარდა ამისა, ევროკომისიამ დაამტკიცა 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომელშიც პირველად იქნა შეფასებული ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი. პროგრამა EU4Digital საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას ციფრული ტრანსფორმაციის და ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის მიზნით.
ევროკავშირში გაწევრიანება ხდება დამსახურების საფუძველზე და ეს პროცესი სრულად არის დამოკიდებული თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე. გაფართოების პაკეტის ანგარიში აფასებს ქვეყნების პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, განსაკუთრებული აქცენტით ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე, და უზრუნველყოფს მკაფიო ხელმძღვანელობას სამომავლო რეფორმების პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
უკრაინის და მოლდოვის მიერ მიღწეული შედეგების და მიმდინარე რეფორმების შუქზე, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია მოლაპარაკებების დაწყებას არა მარტო გაწევრიანების თაობაზე, არამედ ასევე იმის შესახებ, რომ ევროპის კავშირის საბჭო დაამტკიცებს მოლაპარაკების ჩარჩოს, როგორც კი უკრაინა და მოლდოვა კონკრეტულ ძირითად ღონისძიებებს განახორციელებენ. კომისია მზადაა საბჭოს 2024 წლის მარტამდე წარუდგინოს ანგარიში ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, მაგრამ იმ პირობით, თუ ქვეყანა ღონისძიებების მთელ რიგს განახორციელებს.
გარდა ამისა, 2023 წლის გაფართოების ანგარიშში შეფასებული იქნა შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
მომდევნო ნაბიჯები
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, 2023 წლის გაფართოების ანგარიშები ადასტურებს, რომ ევროკავშირის გაფართოება მყარად დაბრუნდა პოლიტიკურ დღის წესრიგში.
ჩვენ უნდა დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი, რომლის საფუძველი კვლავაც უნდა იყოს ფუნდამენტურ სფეროებში განხორციელებული ეფექტური რეფორმები. ბოლო თვეებში ჩვენ ვიხილეთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს, ასევე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ადასტურებს, რომ ვალდებულებისადმი ერთგულება და შეუპოვრობა შედეგებს იძლევა.
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი
ევროპის კავშირის საბჭომ უნდა განიხილოს ევროკომისიის რეკომენდაციები და მიიღოს გადაწყვეტილებები გაფართოების პროცესში განსახორციელებელი მომდევნო ღონისძიებების თაობაზე.
კომისარი ვარჰეი მოუწოდებს ყველა პარტნიორს „ყურადღება გაამახვილონ საჭირო რეფორმებზე“, რომლებიც ასახულია გაფართოების ანგარიშებში, „რაც მოგვცემს საშუალებას კარგი შეფასება მივაწოდოთ ევროპის კავშირის საბჭოს მომდევნო გადაწყვეტილებების მისაღებად“.
პროგრამის EU4Digital მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ძალისხმევის მხარდაჭერა მოიცავს ახალ აქტივობას ტელეკომის წესების თემატურ სფეროში. პროგრამის EU4Digital ექსპერტები უზრუნველყოფენ დახმარებას ტექნიკურ და საკანონმდებლო სფეროში, რათა უზრუნველყონ მოლდოვის რესპუბლიკის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან დაახლოება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. ეს აქტივობა ევროკომისიასთან და მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდება.
მიღწეული შედეგები
- უკრაინა
მიმდინარე ომის მიუხედავად, უკრაინაში 2022 წლის გადაწყვეტილებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, შექმნა რეფორმების მძლავრი დინამიკა, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ხალხი. უკრაინის მთავრობამ და პარლამენტმა გამოავლინეს სიმტკიცე და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს იმ შვიდი ნაბიჯის შესრულებაში, რომლებიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის თაობაზე. ქვეყანამ: ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა წინასწარი შერჩევის გამჭვირვალე სისტემა და განახორციელა სასამართლო მმართველობის ორგანოების რეფორმა; განაგრძო გამოძიებები და განაჩენების გამოტანა მაღალი დონის კორუფციის სფეროში და გააძლიერა მისი ინსტიტუციური ჩარჩო; განახორციელა სისტემური ღონისძიებები ოლიგარქების გავლენის აღმოსაფხვრელად; აჩვენა საკუთარი პოტენციალი, რომელიც საშუალებას აძლევს ომის პირობებშიც კი მიაღწიოს წარმატებას უკრაინის ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან (acquis) შესაბამისობაში მოსაყვანად (EU acquis – ეს არის ზოგადი უფლებებისა და მოვალეობების კრებული, რომელიც შეადგენს ევროკავშირის კანონმდებლობას, და რომელიც ინტეგრირებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივ სისტემებში). - მოლდოვა
მოლდოვამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია იმ ცხრა ნაბიჯის შესრულებაში, რომლებიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის თაობაზე. მან: დაიწყო მართლმსაჯულების კომპლექსური რეფორმა; გაატარა ანტიკორუფციული ორგანოების რეფორმა და გაზარდა კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიებებისა და განაჩენების რაოდენობა; დაამტკიცა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დადგენილი ვადებით; შექმნა ახალი კანონმდებლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით; დაამტკიცა საჯარო ადმინისტრაციის სტრატეგია რეფორმების გასატარებლად ყველა დონეზე; იმუშავა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე და მიიღო კანონმდებლობა სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის გასატარებლად; გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გააუმჯობესა ადამიანის უფლებების დაცვა. - საქართველო
საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და ბოლო თვეებში გაზარდა რეფორმების ტემპი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაში მოცემული თორმეტი პრიორიტეტის შესრულების მიზნით, ქვეყანამ: დაამტკიცა საკანონმდებლო აქტები და პოლიტიკის ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების საკითხებზე; დააყენა სასამართლო რეფორმის საკითხი; დეოლიგარქიზაციის კანონები და სამოქმედო გეგმები გაუზიარა ვენეციის კომისიას – ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს კონსტიტუციური სამართლის საკითხებში; დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია; გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის დაძლევას და დააჩქარებს ქვეყნის სვლას ევროპის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი ციტატებისა და დეტალებისთვის იხილეთ ევროკომისიის ახალი საინფორმაციო სტატია 2023 წლის გაფართოების პაკეტის დამტკიცების თაობაზე.
ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია ქართულ, უკრაინულ, რუსულ და რუმინულ ენებზე, ასევე ინგლისურ ენაზე, და მასში ასახულია „ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპობრივი პროცესი”.
დამატებითი ინფორმაცია გაფართოების პაკეტის შესახებ თითოეული ქვეყნის მიხედვით:
- უკრაინა: უკრაინის შესახებ ანგარიშის ძირითადი დასკვნები; უკრაინის ანგარიში 2023; უკრაინის 2023 წლის გაფართოების პაკეტის ინფოგრაფიკა
- მოლდოვა: მოლდოვის შესახებ ანგარიშის ძირითადი დასკვნები; მოლდოვის ანგარიში 2023; მოლდოვის 2023 წლის გაფართოების პაკეტის ინფოგრაფიკა
- საქართველო: საქართველოს შესახებ ანგარიშის ძირითადი დასკვნები; საქართველოს ანგარიში 2023; საქართველოს 2023 წლის ანგარიშის გაფართოების პაკეტის ინფოგრაფიკა
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- უკრაინა
- EaPConnect
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ნდობა და უსაფრთხოება
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი