წარმატებით განვითარებისთვის ინოვაციას ხელშემწყობი გარემო სჭირდება. ეს მოიცავს ცოდნას, რისკისადმი მდგრად დაფინანსებას და შეცდომების დაშვების უფლებას. მეწარმეები ხშირად ამბობენ, რომ მათ არ სჭირდებათ მხარდაჭერა მთავრობისგან, ისინი მთავრობას მხოლოდ იმას სთხოვენ, რომ ხელი არ შეუშალოს და მისცეს მათ ინოვაციების დანერგვის საშუალება.
მიუხედავად ამისა, ინოვაციური გარემოს შექმნა პოლიტიკოსების გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. პოლიტიკური ჩარევა საჭიროა იმ სფეროებში, სადაც აღინიშნება ბაზრის არაეფექტურობა – კერძოდ, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის ჩატარების ეტაპებზე ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში, საიდანაც ინოვაციური კომპანიები მოწინავე ექსპერტულ ცოდნას იღებენ.
წარმოდგენილი უნდა იყოს ქრაუდფანდინგის, მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის საქმიანობის ჩარჩო, რომელიც იცავს როგორც ინვესტორებს, ისე სტარტაპებს. სარეგულაციო „ქვიშის ყუთები“ (კონტროლირებული გარემო, რომელშიც შეიძლება დაინერგოს ინოვაციები ფინანსურ ტექნოლოგიებში, როგორც დაცვის მექანიზმი რისკის მართვისათვის; ის საშუალებას აძლევს გადამხდელებს აწარმოონ ექსპერიმენტები ინოვაციური ფინანსური პროდუქტით და სერვისებით) იქმნება იმის შესამოწმებლად, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები (მაგ. ბლოკჩეინი და რობოტი-ავტომობილი) მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათი რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას სჭირდება ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ჰარმონიზებულია მსოფლიოს სისტემასთან.
ძირითადი პირობების შესაბამისობაში მოყვანა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკიდან, საშუალებებიდან და სარეგულაციო მიდგომებიდან სწავლა საშუალებას მისცემს ბიზნესს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებში იმუშაონ მსგავს წესებზე, და ხელს შეუწყობს ევროპული რისკიანი კაპიტალდაბანდებების მოდინებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.