2019 წლის 5 ივლისს თბილისში ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ პროექტის დახურვის კონფერენცია თემაზე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მხარდაჭერა მისი ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს და საოპერაციო პოტენციალის განვითარებაში ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამისად“. 19-თვიან პროექტში განხორციელდა 190-ზე მეტი მისია 800-ზე მეტი სამუშაო დღის განმავლობაში, ლიტველი, გერმანელი და პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის და სახელმძღვანელო რეკომენდაციების განსაზღვრის მიზნით კომუნიკაციის საკითხებზე ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
დახურვის კონფერენციაზე გამომსვლელებმა წარმოადგინეს პროექტის მიერ მიღწეული შედეგები და განიხილეს პროექტის შედეგების მდგრადობა და მომავალი პერსპექტივები. გარდა ექსპერტთა მისიებისა, პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იყო ექვსი სასწავლო ვიზიტი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. ყოველგვარი აღნიშნული აქტივობის ამოცანა ოყო საქართველოს მხარდაჭერა ტელეკომის მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრაში ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან გარემოს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში.
„თვინინგის“ პროექტის დახმარებით შემუშავდა შესწორებების სამუშაო ვერსიის პაკეტი საქართველოს ნორმატიული აქტებისთვის ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე, ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის:
- მომსახურების მიწოდების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები;
- გენერალური ნებართვის ლიცენზია ელექტრონული კომუნიკაციის საქმიანობაში ჩართვის მიზნით;
- რადიოსიხშირეების გამოყენების რეგულაციები გენერალური ნებართვის ფარგლებში;
- საჯარო კონსულტაციების და წინადადებების წესები მარეგულირებელი ჩარჩოსთვის უნივერსალურ მომსახურებაზე.
გარდა წინადადებებისა ეროვნულ კანონმდებლობაში შესატანი შესწორებების შესახებ, „თვინინგის“ პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები პრაქტიკული რჩევებით რეგულირების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირის რეგულირების საუკეთესო პრაქტიკის შეუფერხებლად დანერგვას შემდეგ სფეროებში:
- ფართოდიაპაზონიანი გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარება (მათ შორის ინფრასტრუქტურის გაზიარება, სახელმწიფო დახმარება, ფართოდიაპაზონიანი და მობილური მომსახურებით მოცვის რუკები, მომსახურების ხარისხი და ქსელის ნეიტრალურობა)
- ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიები
- სპექტრის მინიჭების მეთოდოლოგიები
- ქსელის მთლიანობის ინციდენტების შეტყობინების პროცედურები
- ინტერნეტის „ცხელი ხაზის“ უსაფრთხოების საქმიანობის გაუმჯობესება
- როუმინგის მარეგულირებელი ჩარჩო
პროექტის დოკუმენტაცია ითარგმნა ქართულად, გადაეცა შესაბამის მონაწილე მხარეებს და განხილული იქნა მათთან ერთად სამუშაო შეხვედრებზე, სემინარებზე და ტრენინგებზე, რომლებიც ჩატარდა პროექტის განხორციელების პროცესში.
„თვინინგის“ პროექტი დაიწყო 2017 წლის დეკემბერში და ის განახორციელა ლიტვის რესპუბლიკის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ (RRT) შემდეგ პარტნიორებთან ერთად: პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს პრეზიდენტი (UKE), გერმანიის ეკონომიკური საქმიანობის და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო (BMWi) და პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA).
„თვინინგი“ არის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო ადმინისტრაციებს შორის; ის აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორების გამოცდილებას იმ მიზნით, რომ მიაღწიოს კონკრეტულ სავალდებულო საოპერაციო შედეგებს პარტნიორულ ურთიერთობებზე დამყარებული საქმიანობის საშუალებით.