ე-ჯანმრთელობის ტექნოლოგიების გარდამქმნელი ძალა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

  • თარიღი: 09/12/20
  • გააზიარეთ:

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ ჯანდაცვაში გარდაქმნა ის გზა, რომლითაც ჯანმრთელობის მონაცემებს და ჯანმრთელობის ინფორმაციას ვიყენებთ. განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ჯანდაცვა გახდა უფრო მონაცემებით მართვადი, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალებს აქვთ საშუალება გამოიყენონ მონაცემები და ტექნოლოგიები ჯანდაცვის სამსახურების ეფექტიანობის გასაზრდელად და დასაჩქარებლად. მაგრამ რას ნიშნავს ციფრული ჯანმრთელობის ტექნოლოგიები კონკრეტულად?

დღეს დაბადებული ნებისმიერი ადამიანის სამედიცინო დოკუმენტი შეიქმნება მისი ჯანმრთელობის ინფორმაციის აღრიცხვის და შეკრების მიზნით. ორმოცდაათი წლის წინ ეს იქნებოდა ფიზიკურად არსებული ფაილი ერთ საავადმყოფოში ან ერთი ექიმის კარადაში, რომელიც შეიცავდა ჩვეულებრივი ქაღალდის დოკუმენტებს და ექიმის ხელით გაკეთებულ ჩანაწერებს. დღეს კი, 2020 წელს, ციფრული ტექნოლოგიების და ჯანდაცვის კომბინირებით შესაძლებელია, რომ თითოეულ ადამიანზე არსებობდეს ერთი ციფრული სამედიცინო ფაილი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის მრავალმა პროვაიდერმა  მოიპოვოს და მასში შეინახოს პაციენტის გამოკვლევის და ტესტის შედეგების ციფრული ასლები; შესაძლებელია ამ მონაცემების რედაქტირება და შევსება სამომავლოდ.

„ე-ჯანმრთელობა“ აღწერს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ჯანდაცვის ყველა სფეროში, დაწყებული პაციენტის სახლიდან და ოჯახის ექიმის ოფისიდან, დამთავრებული საავადმყოფოს გარემოთი და სახელმწიფოთაშორისი ჯანმრთელობის სამსახურებით. ეს გულისხმობს არა მხოლოდ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებას ტრადიციულ პრაქტიკაში, არამედ ასევე ახალი, გაუმჯობესებული სერვისების შექმნას პაციენტებისა და ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის ახალი ციფრული გადაწყვეტების საშუალებით. მაგალითად, კომპიუტერების დანერგვა საავადმყოფოებში დიდი გარდაქმნა იყო, რომელმაც საშუალება მისცა ექიმებს და ექთნებს შეემცირებინათ პაციენტის ინფორმაციის ჩაწერისა და ფაილში ჩაკერებისთვის საჭირო დრო. დღეს საავადმყოფოში კომპიუტერი გამოიყენება არა მარტო ტრადიციული პრაქტიკისთვის, არამედ ასევე ახალი, უფრო ეფექტიანი მომსახურების დასანერგად, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI) ტესტის შედეგების სკრინინგისთვის, ან COVID-19-ის კონტაქტების მიკვლევის აპლიკაციები ციფრული ტექნოლოგიის და ჯანმრთელობის მონაცემების ახალი კომბინაციის საფუძველზე.

Martynas Daugirdas

„ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენება ჯანდაცვაში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. ე-ჯანმრთელობის გადაწყვეტების საშუალებით იქმნება უფრო უკეთესი და ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემები როგორც პაციენტის, ისე ჯანდაცვის მუშაკებისთვის“, ამბობს მარტინას დაუგირდასი, პროგრამის EU4Digital
ე-ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ე-ჯანმრთელობას რეალური გზით შეუძლია გააძლიეროს პაციენტები და ხელი შეუწყოს ურთიერთობებს ჯანდაცვაში. ეს გულისხმობს პაციენტების მიერ ექიმთან ვიზიტის ონლაინ დაჯავშნას, ავადმყოფობის ელექტრონული ისტორიის არსებობას, ციფრული რეცეპტების ხელმისაწვდომობას, ან ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მონიტორინგის ციფრული სატელეფონო აპლიკაციების გამოყენებას. აღნიშნული მომსახურება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს უფრო მეტად ჩაერთონ საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში და ჰქონდეთ წვდომა რესურსებზე უფრო სწრაფად, ვიდრე უწინ.

ჯანმრთელობის ციფრული სისტემების გამოყენებით მედიცინის მუშაკს შეუძლია უფრო პერსონალიზებული და ზუსტი  რეაგირება მოახდინოს პაციენტის ჯანდაცვის საჭიროებებზე; როდესაც მას აქვს წვდომა პაციენტის ჯანმრთელობის მონაცემებზე ციფრულ ფორმატში, ნაკლები დრო იხარჯება ფორმების შევსებაზე და აღარ ხდება კლინიკური პროცედურების დუბლირება.  ციფრული მონაცემების გამოყენება აძლევს ჯანდაცვის მუშაკებს კონტროლის და ზედამხედველობის ახალ შესაძლებლობებს, მაგ. მათ შეუძლიათ უკეთ გაიაზრონ თითოეულ პაციენტის ანამნეზი და დანიშნულება.

ე-ჯანმრთელობა მჭიდროდ უკავშირდება ოპერაციულ თავსებადობას, რომელიც გულისხმობს ბარიერების მოსპობას სისტემებს შორის კომუნიკაციის და გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, და სხვადასხვა სისტემების მიერ ჯანმრთელობის საზიარო ინფორმაციის სწორად გაგების და ინტერპრეტაციის უნარს. კომპიუტერული და ციფრული ეპოქის ადრეულ ეტაპებზე განსხვავებული საოპერაციო სისტემების სიმრავლე ნიშნავდა იმას, რომ ერთ კომპიუტერს ან სამედიცინო მოწყობილობას არ შეეძლო მეორესთან კომუნიკაცია, რაც იწვევდა დროის კარგვას მონაცემთა ანალიზსა და გადაცემაზე. დღეს ციფრული სისტემების უმრავლესობა ევროკავშირში უკვე  სტანდარტიზებულია, ანუ მონაცემთა გადაცემისას ერთი მოწყობილობიდან მეორეზე იზოგება დრო და ძალისხმევა. ამის გამო მონაცემები ხდება მობილური, ე. ი. პაციენტი აღარ არის მიჯაჭვული ერთ ფიზიკურ ქაღალდის ფაილზე ერთ საავადმყოფოში, და მას უკვე შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის მონაცემების წაღება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ საავადმყოფოში, სადაც ამ მონაცემებს ციფრული სისტემები წაიკითხავს.

ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის პოლიტიკის ფარგლებში, ე-ჯანმრთელობის განვითარება ციფრული ტრანსფორმაციის ძირითად სფეროდ განიხილება. იმ გადაწყვეტების ერთ-ერთი მაგალითი, რომელთა შემუშავება ევროკავშირში ხდება, არის ელექტრონული რეცეპტის
(ე-რეცეპტის) გამოყენება. მისი საშუალებით პაციენტს შეუძლია დანიშნული მედიკამენტების შეძენა ექიმის მიერ ქაღალდზე დაწერილი რეცეპტის გარეშე. ოპერაციულად თავსებადი სისტემების და ავადმყოფის ციფრული ისტორიის დახმარებით, აფთიაქებს შეუძლიათ უფრო მარტივად დაადასტურონ რეცეპტი და თავი აარიდონ ადმინისტრაციულ ქაღალდომანიას.

გლობალურმა COVID-19 პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა ციფრული ჯანდაცვის სისტემების მნიშვნელობა და საჭიროება ევროპაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ფიზიკური შეხვედრების და მგზავრობის შეზღუდვის პირობებში, მოქალაქეები საკუთარ ჯანდაცვის პროვაიდერებთან ურთიერთობის ახალი გზების მოლოდინში იყვნენ. ზოგიერთ ქვეყნებში პაციენტებს შეეძლოთ ტელემედიცინის გამოყენება იმისათვის, რომ ტელეფონით ან ინტერნეტით დისტანციურად დაკავშირებოდნენ ჯანდაცვის მუშაკებს კონსულტაციისთვის ან რეცეპტის მისაღებად. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იყო სავარაუდოდ COVID-19–ინფიცირებული პაციენტებისთვის, რადგან ექიმს შეეძლო დისტანციურად განეხილა სიმპტომები და თავიდან აეცილებინა დაავადების შემდგომი გავრცელების რისკი. ევროპის წამყვანი ექსპერტი ციფრული ჯანმრთელობის სფეროში, პროფესორი ჰენრიკ მარტინსი ასევე მიუთითებს, რომ „ამ პანდემიამ ერთნაირად უჩვენა ყველა პროფესიონალს და მენეჯერს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ე-ჯანმრთელობას, რომ ძველ ფიზიკურ მეთოდებზე და ქაღალდზე დამყარებული, ექიმზე ცენტრირებული მოდელი საჭიროებდა დაუყოვნებელ განვითარებას ციფრული ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით“.  მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შეიძლება უფრო შეზღუდული იყოს კრიზისულ გარემოში, ეს წინსვლა გაგრძელდება და  მყარ სტრატეგიას მოითხოვს.

განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პანდემიის გამო ყურადღება გამახვილდა იმის საჭიროებაზე, რომ ციფრული მეთოდები კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო გამოყენებული ტრადიციულ სამედიცინო მომსახურებაში. თუმცა, პანდემიას ასევე ჰქონდა შენელებული გავლენა ე-ჯანმრთელობის გადაწყვეტების განვითარების უფრო რთულ ასპექტებზე, როგორიცაა ზოგადი სტანდარტების და განსაზღვრებების დადგენა ციფრული საშუალებების ოპერაციული თავსებადობის ხელშეწყობის მიზნით. გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები ამ ციფრული საშუალებების სათანადო ფუნქციონირების და ათვისების უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული მოიცავს განსაკუთრებულ ყურადღებას მონაცემთა კონფიდენციალურობის მიმართ, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემების უსაფრთხოება, რათა მონაცემები იყოს დაცული, და მხოლოდ სანდო სისტემებს და ინდივიდებს ჰქონდეთ წვდომა ამ მონაცემებზე.

ციფრული გადაწყვეტების და ჯანმრთელობის კომბინირებამ ახალი შესაძლებლობები და მეთოდები შესთავაზა პაციენტებს და ჯანდაცვის მუშაკებს, და ის კვლავაც გააგრძელებს ტრადიციული ჯანდაცვის ტრანსფორმაციას. სტატია დამატებითი ინფორმაციით ე-ჯანმრთელობის მომავალი შესაძლებლობების, გადაწყვეტების და გამოწვევების შესახებ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ინიციატივის EU4Digital საშუალებით ევროკავშირი თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ე-ჯანმრთელობის ეროვნული ჩარჩოების და ჰარმონიზებული სისტემების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ე-ჯანმრთელობის ამოცანების და ამ სფეროში არსებული წინსვლის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს ე-ჯანმრთელობის თემატური გვერდი.


წარმატების ისტორიები

იხილეთ ყველა