27 სექტემბერს ძირითადი მონაწილე მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან შეიკრიბებიან „ციფრულ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“. კონფერენციაზე განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, დაწყებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, და დამთავრებული ციფრული ბიზნესით და ონლაინ ვაჭრობით.
კონფერენცია ტარდება დისტანციურად ინიციატივის EU4Digitial საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში 27 სექტემბერიდან – 1 ოქტომბრამდე. კონფერენციაზე მიწვეულია 450-მდე ადამიანი, მათ შორის ოფიციალური პირები შესაბამისი ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში.
კონფერენცია დაიწყება 27 სექტემბერს, ორშაბათს, დილის 10 საათზე და ჩატარდება პირდაპირი ტრანსლაციის სახით ინგლისურ ენაზე პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის ვებსაიტის გვერდიდან.
ვირტუალურ კონფერენციის ძირითადი თემა იქნება ინიციატივის EU4Digitalion როლი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის საკითხში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ტელეკომის ინფრასტრუქტურა საცალო ფასების შესამცირებლად, 5G და ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ციფრული ბიზნესის გაძლიერება მცირე და საშუალო საწარმოების და სტარტაპის ეკოსისტემების საშუალებით, და ე-კომერციის გადაწყვეტები ონლაინ ვაჭრობის გასააქტიურებლად ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
კონფერენციას გახსნის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა.
კონფერენცია ხუთი სესიისგან შედგება. თითოეულზე განხილული იქნება ციფრული ტრანსფორმაციის კონკრეტული ასპექტები რეგიონში:
- სიჩქარე: ციფრულ ეპოქაში ზღვარი არ არსებობს
- ტელეკომის ინფრასტრუქტურა: როუმინგის საცალო ფასების შემცირების საფუძვლების შექმნა, 5G და ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი
- მომავალი თაობის ციფრული ბიზნესის გაძლიერება მცირე და საშუალო საწარმოების და სტარტაპების საშუალებით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
- როგორ შეუძლია ე-კომერციის საპილოტე გადაწყვეტებს ხელი შეუწყოს ონლაინ ვაჭრობას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
- ექსპერტთა დისკუსია Ed Tech პარტნიორობის შესახებ: როგორ უნდა აითვისოს ციფრული უნარები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 1 მილიონმა მოქალაქემ
კონფერენციაზე პროგრამული სიტყვით გამოვა ალექსანდერ პონიევერსკი, კომპანიის EY ლიდერი გლობალურ ციფრულ და ახალი ტექნოლოგიების სფეროში, 2020 წლის საგნების ინტერნეტის მსოფლიო ლიდერი და წიგნის „სიჩქარე: ციფრულ ეპოქაში ზღვარი არ არსებობს“ (SPEED no limits in the digital era) ავტორი. გარდა ამისა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ციფრული სფეროს სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები, პროგრამის EU4Digital ექსპერტები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკომისიიდან.
პროგრამის EU4Digital ამოცანაა ევროპული ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში, რაც განავითარებს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალს ეკონომიკის ზრდის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით.