აღმოსავლეთ პარტნიორობა: ციფრული ტრანსფორმაცია აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმების განახლებული დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია

  • თარიღი: 06/07/21
  • გააზიარეთ:

ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ევროკავშირის და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების მომავალი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია – აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტებში, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდა.

დღის წესრიგი ემყარება ხუთ გრძელვადიან მიზანს, რომელთა საფუძველია მდგრადობა, როგორც ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის 2020 მარტში განისაზღვრა. ამ საქმიანობას გაამყარებს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტებით, შერეული რესურსებით და გარანტიებით, 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალით. ევროკავშირის წინადადება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განხილვას, მათ შორის 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, ინვესტირებას კავშირებში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას.

ეს მოიცავს ათ მთავარ მიზანს 2025 წლისთვის, მკაფიო ვალდებულებებით თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ სფეროში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრულ ტრანსფორმაციის ათი მთავარი მიზანია:

  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი: შინამეურნეობების მინიმუმ 80%-ისთვის  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებული ყურადღება – გენდერულ თანასწორობას, ქალაქსა და სოფელს შორის არსებული განსხვავებების შემცირებას და სოციალურ ინკლუზიას.

ამ სფეროში სხვა მნიშვნელოვანი მიზნები 2025 წლისთვის არის:

  • საერთაშორისო როუმინგი: საერთაშორისო როუმინგის საცალო ფასების შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მინიმუმ 80%-ით როუმინგის რეგიონული შეთანხმების საფუძველზე (მისი ხელმოწერა დაგეგმილია 2021 წელს); აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო როუმინგის ერთიანი სივრცის ჩამოყალიბების შესაძლებლობების შემდგომი კვლევა.
  • 5G ქსელების უზრუნველყოფა ევროკავშირის კოორდინირებულ მიდგომასთან დაახლოების გზით, შესაბამისი პროპორციული და რისკზე დამყარებული უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება 5G ქსელების და სერვისებისთვის, და სიხშირის ზოლების განთავისუფლება მობილური ოპერატორებისთვის. სრულად ამოქმედდება სპექტრის რეგიონული შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის (მისი ხელმოწერა დაგეგმილია 2021 წელს).
  • ე-მმართველობა: სახელმწიფო სერვისების მინიმუმ 80% ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ოპერაციულად თავსებადი პლატფორმების საშუალებით; აღმოსავლეთ პარტნიორობის მინიმუმ ოთხ ქვეყანას ექნება ორმხრივ აღიარებული ციფრული ხელმოწერები ერთმანეთს შორის და ევროკავშირთან, ხოლო სახელმწიფოდან სახელმწიფოში გადაცემული დოკუმენტების 30% ციფრულად იქნება ხელმოწერილი; TEN-T ქსელის ფუნქციონირებას დაემატება მინიმუმ ოთხი ციფრული სატრანსპორტო დერეფანი, ხოლო სახელმწიფოდან სახელმწიფოში გადაცემული ლოგისტიკური დოკუმენტაციის 30% ციფრულად იქნება ხელმოწერილი.
  • ციფრული ეკონომიკა და ინოვაციები: ევროკავშირთან სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის მაჩვენებლის გაზრდა 50%-ით; აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ერთი მილიონი მოქალაქის ციფრული მხარდაჭერა ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის საშუალებით; 100 მილიონი ევროს ინვესტირება ციფრული ინოვაციის სტიმულირებისთვის და მაღალმწარმოებლური ციფრული სტარტაპების მხარდაჭერა; და მაღალი ხარისხის სათანადო სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
  • კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობა და კიბერუსაფრთხოება: აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში მოქმედებს კიბერუსაფრთხოების ინსტიტუციური, პოლიტიკის და საკანონმდებლო ჩარჩოები, რომლებიც თავსებადია ევროკავშირის კანონმდებლობასა და რეკომენდაციებთან; ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (ENISA) კიბერ-საფრთხეების სივრცის მეთოდოლოგიის დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში; მონაცემთა დაცვის ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მხარდაჭერა.

ამასთანავე, ციფრული ტრანსფორმაცია ხორციელდება ყველა პრიორიტეტულ სფეროში, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, განათლების და ტრენინგის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის და ახალგაზრდების ციფრული უნარების მხარდაჭერა; ინვესტირება კვლევასა და ინოვაციებში, და ე-ჯანმრთელობის ციფრული ინსტრუმენტების მხარდაჭერა.

ციფრულ ტრანსფორმაციას გაამყარებს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც მობილიზებას გაუწევს 1,5 მილიარდამდე ევროს პოტენციურ ინვესტიციებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის (ოპტიკურ-ბოჭკოვანი, მობილური სისტემები) განვითარების და განახლების მიზნით; კერძოდ – გეოგრაფიულად დაშორებულ და სასოფლო რეგიონებში, ქვეყანაში ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობაში არსებული განსხვავებების შესამცირებლად. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ასევე ციფრული მომსახურების ეკოსისტემებს.

ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივის (DISC) საშუალებით, გეგმა განახორციელებს კიდევ 100 მილიონი ევროს ინვესტიციებს ციფრული ინოვაციების და მაღალმწარმოებლური ციფრული სტარტაპების სტიმულირებისთვის, და ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სათანადო სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთანავე, ციფრული ინოვაციის და სქეილაპ ინიციატივა (DISC) გააძლიერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპების ხელშეწყობის ეკოსისტემას და გააუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას (სასტარტო კაპიტალი, მეცენატი ინვესტორები და ვენჩურული კაპიტალი). ევროკავშირის კოსმოსური პროგრამების „კოპერნიკი“ და „გალილეო“ უფასო და ღია მონაცემებით და სერვისებით სარგებლობა დამატებით სტიმულს შეუქმნის ციფრულ სტარტაპებს და ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების და აპლიკაციების შექმნას ადგილობრივად.

ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურის გადასინჯვას, რათა ჩარჩო ახალ პრიორიტეტებს მოერგოს და დასახულ მიზანს სრულად შეესაბამებოდეს. 

რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს COVID-19-ის პანდემიის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას და გრძელვადიან მდგრადობას „უკეთესი აღდგენის“ დღის წესრიგის გათვალისწინებით. გეგმა ასახავს პრიორიტეტულ ინვესტიციებს და განსაზღვრავს ფლაგმანურ ინიციატივებს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად განისაზღვრა მათი პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით.

წინადადებები განხილული იქნება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა ძირითად მონაწილე მხარეებთან ერთად აღმოსვლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შუქზე 2021 წლის დეკემბერში.

დამატებითი ინფორმაცია

გაერთიანებული ჯგუფის სამუშაო დოკუმენტი: აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობა – პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის   

ერთობლივი კომუნიკაცია: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება – აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის

ინფოგრაფიკა: მომავალი პრიორიტეტები

ინფოგრაფიკა: 20 შედეგი 2020 წლისთვის მიღწევებიკითხვები და პასუხები: აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის

ახალი ამბები

იხილეთ ყველა